როგორი ხმა ჰქონდათ დინოზავრებს — აღმოჩენილი ნამარხი ამის დადგენის საშუალებას იძლევა
ფოტო: Hailong Zhang
ფილმებში ნაჩვენები ვერსიის მიუხედავად, დინოზავრები, სავარაუდოდ, მსხვერპლს ღრიალით არ მისდევდნენ. კარგად შემონახული ხორხის ნამარხის შესწავლის შედეგად მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ მათი ხმა ჩიტისას მოგვაგონებდა.
ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევართა ჯგუფმა ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში დინოზავრის ახალი სახეობის თითქმის სრული ჩონჩხი აღმოაჩინა.
ამ ორფეხა, 72 სანტიმეტრის სიგრძის ბალახისმჭამელს Pulaosaurus qinglong უწოდეს. ეს პულაოს, ჩინური მითოლოგიის პაწაწინა დრაკონის, პატივსაცემად, რომელსაც, ლეგენდის თანახმად, ჩიტივით მჭექარე ხმა ჰქონდა.
ეს მეტსახელი ტყუილად არ უწოდებიათ — პულაოზავრი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან დინოზავრთაგან, რომლის ხმის შესახებაც გარკვეული წარმოდგენა გვაქვს.
ეს იმიტომ, რომ ნამარხი უკიდურესად კარგად არის შემონახული. მკვლევრებმა აღმოაჩინეს არა მხოლოდ ძვლების უმეტესობა, არამედ ისეთი ნაწილებიც, რომლებსაც ჩვეულებრივ ვერ ვპოულობთ, მათ შორის ხორხის სტრუქტურები. დინოზავრის ნაწლავებში მისი უკანასკნელი კვების კვალიც კი ჩანს.
ფოტო: Wikimedia Commons
მკვლევრები წერენ, რომ ხორხში არსებული ფოთლის ფორმის, ხრტილოვანი სტრუქტურები თანამედროვე ფრინველისას ჰგავს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ პულაოზავრი კომუნიკაციას ჭყავილის სახით ამყარებდა. სამწუხაროდ, ამ ხმის ზუსტი რეპროდუქცია ჯერ ვერ მოხდება.
"პულაოზავრის ყბის შეკუმშვის გამო, უცნობია ქვედა ყბის ზუსტი სიგანე. ამიტომ, მისი ზუსტი ხმის მიღება ვერ მოხდება", — წერენ მკვლევრები.
დინოზავრის გაქვავებული ხორხის პოვნა უკიდურესად იშვიათია. სინამდვილეში, ეს მხოლოდ მეორე შემთხვევაა, როდესაც კარგად შემონახული ხორხი აღმოაჩინეს. მეორე შემთხვევა სრულიად განსხვავებული ტიპის დინოზავრის შესწავლისას მოხდა. ეს იყო ჯავშნიანი ანკილოზავრი, რომელიც პინაკოზავრის სახელითაა ცნობილი.
საინტერესოა, რომ ამ ორ ეგზემპლარს ერთმანეთისგან ძალიან დიდი დრო (90 მილიონი წელი) აშორებს. ეს ნიშნავს, რომ ხორხის ამ ტიპის სტრუქტურა, შესაძლოა, დინოზავრებში ფართოდ გავრცელებული ყოფილიყო.
მაშ, რატომ ვერ ვიპოვეთ მეტი? მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს მყიფე სტრუქტურები დიდი ხნით ვერ ინახება, ან, შესაძლოა, ისინი შეცდომით კლასიფიცირდება, როგორც ყელის სხვა ნაწილები.
"იმისთვის, რომ ნიმუშებში იდენტიფიცირების სიზუსტე შემოწმდეს, საჭიროა არამფრინავი დინოზავრების ვოკალური ანატომიის ხელახალი ანალიზი", — ამბობენ მკვლევრები.
კვლევა ჟურნალ PeerJ-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები