ახალი კვლევის თანახმად, ტვინისკენ მიმართულ ელექტრულ სიგნალებს ადამიანის მათემატიკური უნარების გაუმჯობესება შეუძლია. მათ ეს ტექნოლოგია ოქსფორდის უნივერსიტეტის 72 სტუდენტზე გამოცადეს.

ყველა მონაწილეს ჯერ სპეციალური ტესტირება ჩაუტარდა და მათემატიკური შესაძლებლობების მიხედვით ისინი სამ კატეგორიად დაყვეს. თითოეულ მათგანს სკალპზე ელექტროდები დაუმაგრეს, რათა სათანადო იმპულსები გადაეცათ. ორ ჯგუფში ასეთი სტიმულაცია ტვინის ორი რეგიონისკენ მიმართების — დორსოლატერალურ-პრეფრონტალური ქერქისკენ (dlPFC) ან თხემის უკანა ქერქისკენ (PPC). სწორედ ამ არეალებთანაა დაკავშირებული მათემატიკური უნარები. მესამე კატეგორია კონტროლ ჯგუფი იყო, ანუ მათ ცრუ სტიმულაცია მიიღეს.

ეს იყო შემთხვევითი გარდამავალი ბგერითი სტიმულაცია (tRNS), რომელიც არაინვაზიურია და სუსტ იმპულსებს იყენებს. ადამიანთა უმეტესობა მას ვერც გრძნობს. მონაწილეები მისი გავლენის ქვეშ 5 დღის განმავლობაში 150 წუთით იყვნენ, პარალელურად კი ტესტებიც უტარდებოდათ, რომლებიც გამოთვლებსა და ვარჯიშებზე დაფუძნებულ დასწავლას მოიცავდა. მათგან პირველი მათემატიკურ უნარებს საჭიროებს, მეორე კი უფრო მეხსიერებაზეა დამოკიდებული.

მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ dlPFC-ის სტიმულაცია გამოთვლებს გააუმჯობესებდა, ვინაიდან ტვინის ეს არეალი ახლის სწავლასთან და მაღალი დონის კოგნიციასთან ასოცირდება. PPC-ის შემთხვევაში ელოდნენ, რომ მასზე ზემოქმედებას უფრო ვარჯიშებზე დაფუძნებულ დასწავლაზე ექნებოდა გავლენა, რადგან აღნიშნული რეგიონი უკვე არსებული ცოდნის გახსენებაზეა პასუხისმგებელი.

შედეგებმა აჩვენა, რომ პირველი ვარაუდი სწორი აღმოჩნდა, მაგრამ მეორე — არა. სპეციალისტებმა სტუდენტების ტვინის შუბლისა და თხემის წილებს (სწორედ იქაა dlPFC და PPC) შორის კავშირებიც შეისწავლეს. ისინი მათემატიკური უნარების დასწავლისას ერთად აქტიურდება, ამიტომ ფიქრობდნენ, რომ უფრო ძლიერი კავშირები გამოთვლებს გააუმჯობესებდა.

დადგინდა, რომ ეს მართლაც ასეა, რაც კონტროლ ჯგუფის მონაცემებმა ცხადყო. ასევე, სუსტი კავშირების მქონე მონაწილეებს dlPFC-ის სტიმულაციის შემდეგ შესაძლებლობები ყველაზე შესამჩნევად გაუუმჯობესდათ. მათემატიკის პროფესორებზე ჩატარებული წინა კვლევის მიხედვით, ის, ვისაც უკვე დამაკმაყოფილებელი უნარები აქვს, ამგვარ სტიმულაციას უნდა მოერიდოს. ეს იმიტომ, რომ საპირისპირო შედეგის მიღების რისკი არსებობს.

მეცნიერები ამბობენ, რომ ამგვარი მოწყობილობების გამოყენება სახლის პირობებშიც შესაძლებელია, მაგრამ დამატებითი კვლევები მაინც საჭიროა. ახალი ნაშრომი გამოცემაში PLOS Biology გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.