ძველბერძენებს სჯეროდათ, რომ ქალაქი დელფო ე.წ. ომფალოსი, ანუ მსოფლიოს ცენტრი იყო. ზოგადად, ადამიანები ყველაფრის ცენტრს ვეძებთ. იმ შემთხვევაში, თუ მას ვერ ვპოულობთ, ძალიან ვიბნევით. თავად დედამიწა თითქმის სფერულია, ამიტომ მის ზედაპირს ცენტრი არ აქვს. ამისდა მიუხედავად, კონტინენტებს ცენტრალური წერტილი ნამდვილად აქვს, თუმცა მათი პოვნა ადვილი არ არის.

შუაგულის პოვნა რთულია და ამას ბევრი მიზეზი აქვს; საერთაშორისო საზღვრები ხშირად იცვლება, არც სემანტიკის განხილვაა მარტივი (მაგალითად, არის თუ არა ევროპა და აზია სხვადასხვა კონტინენტი?). უნდა აღვნიშნოთ, რომ ოფიციალურად განსაზღვრული ცენტრი არცერთ კონტინენტს არ აქვს. მეორე მხრივ, ამ საკითხზე მსჯელობა მაინც შეგვიძლია.

ანტარქტიდა

ამ კონტინენტის ცენტრის პოვნა ყველაზე რთულია. ბევრი მიიჩნევს, რომ შუაგული სამხრეთ პოლუსთან უნდა ვეძებოთ, მაგრამ ამის გასამყარებლად საკმარისი მტკიცებულება არ გვაქვს. პინგვინებს რომ გეოგრაფია ჩვენსავით ადარდებდეთ, ალბათ ანტარქტიდის ცენტრი უკვე დიდი ხნის ნაპოვნი გვექნებოდა.

აზია

ამ შემთხვევაში საერთაშორისო პოლიტიკის განხილვას ვერ ავცდებით. ერთი ვერსიით, აზიის ცენტრი რუსეთშია, ქალაქ ქიზილთან ახლოს. აქ 1968 წელს მონუმენტიც კი აღმართეს, რათა აქაურობა აზიის ცენტრად მოენიშნათ. 1992 წელს კონტინენტის ახალ ცენტრად ჩინეთის ლოკაცია დასახელდა, რომელიც ქალაქ ურუმჩიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ავსტრალია

გეოგრაფიული ცენტრის პოვნა გაცილებით მარტივია, თუ კონტინენტზე მხოლოდ ერთი ერია განსახლებული. მეორე მხრივ, შუაგულის საპოვნელად ამ შემთხვევაშიც კი ბევრი განსხვავებული მეთოდი არსებობს. რუკაზე კიდეებიდან ყველაზე დაშორებული წერტილი უნდა მოვძებნოთ თუ უკიდურეს წერტილებს შორის არითმეტიკული საშუალო უნდა გამოვთვალოთ?

უმეტესად მიიჩნევა, რომ ავსტრალიის შუაგული ლამბერტის ცენტრია. ეს მკვლევრებმა ე.წ. ცენტროიდის მეთოდით დაადგინეს. ზღვის მოქცევის დროს მათ კონტინენტზე 24 500 წერტილი მონიშნეს, რითაც ავსტრალიის უფრო ზუსტი რუკა შექმნეს. შემდეგ მათ ცენტრი იპოვეს — წერტილი, რომელიც ზუსტად შუაგულში იქნებოდა იმ შემთხვევაში, ავსტრალია რომ ბრტყელი და უფრო ერთგვაროვანი ყოფილიყო.

ლამბერტის ცენტრის კოორდინატებია: 25°36′36.4″S 134°21′17.3″E. იგი ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე მდებარეობს.

აფრიკა

აზიასთან და ევროპასთან შედარებით, აფრიკის ქვეყნები გეოგრაფიული ცენტრის გამო ნაკლებს დავობენ. უმეტესი წყაროს მიხედვით, მათ შორის მსოფლიო ატლასის მიხედვითაც, აფრიკის ცენტრი კამერუნში, ქალაქ ეპენას მახლობლადაა. ნაკლებად ცნობილია, თუ რომელი მეთოდით იპოვეს ამ შემთხვევაში ცენტრი.

ევროპა

ევროპის ცენტრი სხვადასხვა წყაროს მიხედვით სხვადასხვაა: ორი ლოკაცია გერმანიაში, ორი პოლონეთში, ხოლო თითო ცენტრი შვედეთში, სლოვაკეთში, ბელორუსიაში, უნგრეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, ესტონეთსა და უკრაინაშია. იმდენი ადგილია, რომ ევროპის ყველა "ცენტრის" სანახავად კვირები დაგჭირდებოდათ. უცნაურია, რომ მეცნიერები ევროპის ცენტრად ყოველთვის საკუთარ ქვეყანას ასახელებენ. რა დამთხვევაა!

ოფიციალურ ცენტრად კი ლიეტუვაში მდებარე სოფელი მიიჩნევა. საინტერესოა, რომ ეს ფრანგმა მეცნიერებმა განსაზღვრეს.

ჩრდილოეთ ამერიკა

დიდი ხნის განმავლობაში ამ კონტინენტის ცენტრად ქალაქი რაგბი მიიჩნეოდა, რომელიც ჩრდილოეთ დაკოტას შტატში მდებარეობს. ქალაქში ამის აღმნიშვნელ მონუმენტსაც შეხვდებით. დაახლოებით ათი წლის შემდეგ ქალაქ რობინსონში (რაგბიდან 158 კილომეტრის დაშორებით) მდებარე ბარის მფლობელმა, ბილ ბენდერმა ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრად საკუთარი ბარი გამოაცხადა და აღნიშნა, რომ მის ბარსაც ზუსტად იმდენივე უფლება ჰქონდა კონტინენტის ცენტრი ყოფილიყო, როგორც სხვა ნებისმიერ ლოკაციას ამქვეყნად. მისი განცხადება შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ძალიან კარგად გამოხატავს ამ კონცეფციის არბიტრარულობას.

ბენდერისდა სამწუხაროდ, გეოგრაფიის პროფესორმა პიტერ როჯერსონმა ახალი მეთოდი განავითარა, რომლის მიხედვითაც კონტინენტის ცენტრი სულ სხვაგანაა. ეს ქალაქიც ჩრდილოეთ დაკოტაში მდებარეობს და მას ცენტრი ჰქვია. ქალაქს ეს სახელი თავის დროზე იმიტომ დაერქვა, რომ იგი ქვეყნის ცენტრად მოიაზრებოდა და არა სრულიად კონტინენტის. ეს ქალაქი რაგბიდან 230 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

სამხრეთ ამერიკა

სამხრეთ ამერიკის ზუსტი ცენტრი 1909 წელს გამოთვალეს. იგი ბრაზილიის ქალაქი კუიაბააა. უფრო ზუსტი გაზომვები 1990-იან წლებში ჩაატარეს, რომელთა მიხედვითაც ცენტრი ამ ქალაქიდან 45 კილომეტრის დაშორებითაა. ეს არც ისე დიდი განსხვავებაა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.