ადამიანი პირველი სახეობა არ ყოფილა, რომელმაც მთვარის გარშემო იმოგზაურა — როგორ

ფოტო: Rick Partington / -V- / Alones / Shutterstock.com / IFLScience
1968 წლის 18 სექტემბერს საბჭოთა კავშირის კოსმოსურმა ხომალდმა — ზონდი 5 — მთვარეს წრე შემოარტყა. ეს რამდენიმე თვით ადრე მოხდა, ვიდრე NASA-ს ლეგენდარული მისია — Apollo 8. მაშ, რატომაა, რომ ამ მისიის შესახებ ასე ცოტა ადამიანმა იცის?
საქმე ისაა, რომ ზონდ 5-ში ადამიანები არ მსხდარან. ამ საოცარ მისიაზე ხომალდმა ორი კუ წაიყვანა, რომლებსაც რამდენიმე ჭია, ბუზი და მარცვალი უმშვენებდა გვერდს.
მეცნიერებს სურდათ გამოეკვლიათ, თუ რა გავლენას მოახდენდა კოსმოსური მოგზაურობა ცოცხალ ორგანიზმებზე. აღნიშნულ მისიამდე 11 წლით ადრე საბჭოთა კავშირმა მსოფლიოში პირველი ხელოვნური თანამგზავრი, სპუტნიკ 1, კოსმოსურ ორბიტაზე წარმატებით გაუშვა. აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის 20-წლიანი "კოსმოსური მეტოქეობა" სწორედ ასე დაიწყო.
მეორე მხრივ, 1960-იანი წლების მიწურულს საბჭოთა კავშირი აშშ-ს მნიშვნელოვნად ჩამორჩა. NASA-ს ამ დროისთვის უკვე რაკეტა Saturn V ჰქონდა გაშვებული, Apollo-ს პროგრამაც სულ მალე ადამიანებით ეკიპირებულ პირველ ფრენას განახორციელებდა. ამის საპირისპიროდ, საბჭოთა მეცნიერებს უამრავი მარცხი ჰქონდათ, რომელთაგან ყველაზე აღსანიშნავი ვლადიმირ კომაროვის სიკვდილია. საბჭოთა კავშირს არც იმის რესურსები ჰქონდა, რომ კოსმოსში ადამიანები გაეგზავნა.
სწორედ ამ დროს საბჭოელ მეცნიერებს უცნაური რამ მოაფიქრდათ — ადამიანის ნაცვლად მათ სხვა ცოცხალი ორგანიზმის გაგზავნა შეეძლოთ. ზონდი 5 რამდენიმე ცოცხალ არსებას კოსმოსში წაიყვანდა, მთვარეს გარს შემოუვლიდა და შემდეგ დედამიწაზე "უსაფრთხოდ" დააბრუნებდა. მათ ამას მართლაც მიაღწიეს.
ამ მისიის 2 "ასტრონავტი" კუ ხომალდზე 2 სექტემბერს მოათავსეს, სადაც მათ საკვები ხომალდის გაშვებამდე არ მიუღიათ. მეცნიერების აზრით, ქვეწარმავლების მიერ საკვების მიღება მათ მისიის შემდეგ საჭირო მონაცემების მოპოვებაში ხელს შეუშლიდა.
აღნიშნული მისიის შესრულებას 4 დღე დასჭირდა. ხომალდი დედამიწაზე 1968 წლის 21 სექტემბერს დაბრუნდა. ორივე "კოსმონავტის" ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მათ წონა საგრძნობლად ჰქონდათ დაკლებული.
კომენტარები