ადამიანის მიდრეკილებამ, დაინახოს სახეები და ფორმები აბსტრაქტულ, არაცოცხალ საგნებსა და ნიმუშებში, შესაძლოა, გავლენა მოახდინა გამოქვაბულის ნახატებზე. მკვლევრები თვლიან, რომ უძველესი მხატვრები, შესაძლოა, გამოქვაბულის კედლების ნაპრალებსა და სილუეტებში ცხოველების ფორმებს ხედავდნენ და ამით შთაგონებულნი ნახატებს ქმნიდნენ.

საუბარია პარეიდოლიაზე, ფსიქოლოგიურ ფენომენზე, როდესაც ადამიანი ღრუბლებში, კედლის ლაქაში, ხის ტოტებსა და სხვა ნაცნობ სახეებს (ფიგურებს) აღიქვამს. სწორედ ეს ფსიქოლოგიური ფენომენია პასუხისმგებელი იმ ფაქტზე, რომ ბევრი ადამიანი მთვარეზე სახეს და დამწვარ ტოსტზე ადამიანის გამოსახულებას ხედავს. შესაძლოა, სწორედ პარეიდოლიამ შთააგონა უძველესი მხატვრები თავიანთი ნახატების შესაქმნელად.

კემბრიჯის არქეოლოგიურ ჟურნალში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, დარემის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააანალიზეს ქვის ხანის გამოქვაბულის ნახატები, რომლებიც ჩრდილოეთ ესპანეთში, ლას-მონედასისა და ლა პასიეგას გამოქვაბულების კედლებზეა ნაპოვნი.

პარეიდოლია და ცხოველების სურათები

ანალიზმა აჩვენა, რომ გამოქვაბულის კლდეზე ნახატების ნახევარზე მეტი გამოქვაბულის კედლების ბუნებრივ მახასიათებლებს ეფუძნებოდა. მათ ასევე აკლდათ ისეთი დეტალები, როგორიცაა თვალები ან თმა, რაც მიუთითებს, რომ პარეიდოლია, შესაძლოა, უძველესი მხატვრების შთაგონების წყარო ყოფილიყო.

გამოქვაბულის კედლის მოხრილი კიდეები ხშირად გამოიყენებოდა ცხოველების ზურგის, მაგალითად, ველური ცხენების გამოსახვისთვის, ხოლო ბუნებრივი ნაპრალები ბიზონის რქებად იქცა.

ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ყველა გამოქვაბულის ნახატი ამ ფსიქოლოგიური ფენომენით არ აიხსნება. შესაძლოა, უძველესი მხატვრები შთაგონებულნი იყვნენ ბზარებსა და კუთხეებში დანახული გამოსახულებებით, მაგრამ მათი ნამუშევრები თანდათან პარეიდოლიას გასცდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.