2017 წელს საქართველოში მომხდარი მნიშვნელოვანი ამბები
On.ge გთავაზობთ 2017 წელს, საქართველოში მომხდარი ამბების ქრონოლოგიას, რომლებმაც ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია როგორც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ასევე ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაზე.
რა თქმა უნდა, ეს სია ყველა მნიშვნელოვან მოვლენას არ მოიცავს. თუ მიიჩნევთ, რომ რომელიმე მოვლენა გამოგვრჩა და იმსახურებს ამ სიაში ყოფნას, დაწერეთ კომენტარებში
არასრულწლოვნების მკვლელობა
პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირების შედეგად 51-ე სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. კიდევ ერთ მოსწავლეს, დავით სარალიძეს საავადმყოფოში სამი ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა ის მომხდარიდან მეორე დღეს გარდაიცვალა. მას 14-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული სხეულზე. განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალი ორ არასრულწლოვანს წაუყენეს.
2 დეკემბერს წყალტუბოში მოზარდი მისმა კლასელმა დანით მოკლა. შსს-ს განცხადებით, ბრალდებული თბილისში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
19 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სკვერში, მოზარდს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული ასევე არასრულწლოვანია და ის მომხდარიდან ორ დღეში დააკავეს.
სპეცოპერაცია ისანში
21-22 ნოემბერს, თბილისში, ისანში ჩატარებული, თითქმის 20-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და დაიჭრა ოთხი სამართალდამცავი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლიკვიდირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი, რომლებსაც ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი ედებოდათ ბრალად. ლიკვიდირებულთაგან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია.
სამთავრობო ცვლილებები
13 ნოემბერს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ უქმდება ოთხი სამინისტრო, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროს შეუერთდებიან. მათ შორისაა:
- ენერგეტიკის სამინისტრო;
- სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო;
- გარემოს დაცვისა და სოფლის სამინისტრო გაერთიანდა;
- ევროპულ და ევროინტეგრაციის სამინისტრო.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 31 ოქტომბერს გახსნა. იგი სატვირთო გადაზიდვებთან ერთად, ყოველწლიურად, 1 მილიონ მგზავრს მოემსახურება.რკინიგზის მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი 2007 წელს სამი ქვეყნის - თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი. ბაქო თბილისი ყარსის რკინიგზა ახალი დერეფანი იქნება, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს სარკინიგზო მაგისტრალით დააკავშირებს. პროექტი ასევე გახსნის ჩრდილო-სამხრეთ დერეფანს რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ხმების 51,09% მიიღო.
ცესკოს მონაცემებით, მეორე ადგილი დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა დაიკავა ხმების 17,48%-ით, ხოლო მესამე ადგილზე ხმების 16,59%-ით, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ზალიკო უდუმაშვილი გავიდა. პარტია ევროპული საქართველოს კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ ხმების 7,11% მიიღო.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ვიზუალურად შეგიძლიათ იხილოთ აქ.
გურამ კაშია
საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი და ნიდერლანდების ქალაქ არნემის ვიტესის კაპიტანი გურამ კაშია მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა. კაშიას ეს ნაბიჯი ლგბტ თემის მხარდამჭერ მესიჯად შეფასდა. ფეისბუკზე მისი ფოტოს გამოჩენას, რომელზეც თამაშის დროს, ლგბტ დროშის ფერებში სამკლაური უკეთია ქართველი მომხმარებლების ნაწილი გაღიზიანება მოჰყვა. მოგვიანებით კაშიამ განაცხადა, რომ ძალადობის წინააღმდეგია და არ ნანობს რაც გააკეთა. თავად სამკლაური კი ცნობიერების ამაღლების კამპანიის ნაწილია. კაშიას სოლიდარობა და თანადგომა გამოუცხადა საქართველოს საფეხბურთო და რაგბის ნაკრებების არაერთმა წევრმა.
განახლებული კონსტიტუცია
საქართველოს პარლამენტმა განახლებულ კონსტიტუციას დაუჭირა მხარი, 117 ხმით. კენჭისყრას არ ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატები. მათ სხდომათა დარბაზი კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენით განხილვის დროს დატოვეს. კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
რეფორმა საზოგადოებრივ მაუწყებელში
2017 წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი გენერალური დირექტორი, ვასიკო მაღლაფერიძე აირჩიეს. მან ზუსტად ერთი თვის თავზე მაუწყებლის განვითარების გეგმა წარადგინა. გეგმაში გათვალისწინებული იყო საინფორმაციო გამოშვება მოამბის გარდა ყველა გადაცემის დახურვა. თუმცა, მოგვიანებით, ეს გეგმა რამდენჯერმე შეიცვალა გადამცემების ნაწილი დაიხურა ნაწილი კონკურსის შედეგად გავიდა. საზოგადეობრივი მაუწყებლის ინიციატივითვე შემოსავლების გაზრდის მიზნით მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილების შეტანაზე დაიწყო მუშაობა. კანონპროექტი მიზნად ისახავს, რომ მაუწყებელი განთავისუფლდება ინტელექტუალური საკუთრების ტენდერით შეძენისგან და შეეძლება დამატებით სარეკლამოს ახსრების მოზიდვა. აღნიშნულ ცვლილებებს არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია უარყოფითად აფასებს.
ნარკოპოლიტიკის რეფორმა
30 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზებას ეხება. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. მოსარჩელეს მიიჩნია, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა მის სწორედ ამ უფლებას ზღუდავს.
მოსაყდრე შიო მუჯირი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დანიშნა. შესაბამისი ბრძანება ილია მეორემ 23 ნოემბერს, ქაშვეთის ეკლესიაში გააცნო მრევლს. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე ეკლესიას მართავს იმ დროს, როცა პატრიარქი ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს, მისი გარდაცვალების ან გადადგომის შემთხვევაში, ახალი პატრიარქის არჩევამდე.
ხანძარი ლეოგრანდში
24 ნოემბრის ღამეს, ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო ერთი ირანის მოქალაქე. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. 20-მდე ადამიანი სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, ბათუმის კლინიკებში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შენობაში სახანძრო ნორმები და მოთხოვნები დარღვეული იყო.
მეტროსადგურ უნივერსიტეტის გახსნა
16 ოქტომბერს, თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე სადგური უნივერსიტეტი ოფიციალურად გაიხსნა. 84-მილიონიანი ინვესტიცია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.
ზაფხულის ხანძრები
აგვისტოს თვეში საქართველოს ტყეებში არაერთი ხანძარი გაჩნდა. მეხანძრე-მაშველების მუშაობის მიუხედავად, მიუდგომელი ადგილების გამო, რიგ შემთხვევებში, ცეცხლის ჩაქრობა ვერტმფრენების გარეშე ვერ მოხერხდა.
აფგან მუხტარლის საქმე
თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარებული ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი, რომელიც მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა, ამბობს, რომ ის საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, მუხტარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს და მას უკვე შეეფარდა სამთვიანი წინასწარი პატიმრობა.
მუხტარლის დაკავებიდან რამდენიმე კვირაში, აზერბაიჯანის მმართველი გუნდის პარლამენტარმა ელმან ნასიროვმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ მუხტარლის დაკავება აზერბაიჯან-საქართველოს სპეცსამსახურების წარმატებული ოპერაცია იყო.
ციანიდის საქმე
ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. მაშინ შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დღეს, ე.წ. ციანიდის საქმე სააპელაციო სასამართლოში დახურულ სხდომებზე განიხილება.
Birja Mafia-ს საქმე
ბირჟა მაფიას წევრები, გიორგი ქებურია და მიშკა მგალობლიშვილი თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვის ბრალდებით 7 ივნისს დააკავეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ენერგეტიკის მინისტრისა და ბერა ივანიშვილის განცხადებებისა და რეპერების მხარდამჭერი აქციის შემდეგ, 11 ივნისს, პროკურატურამ განაცხადა, რომ მგალობლიშვილისა და ქებურიას პატიმრობას აღარ მოითხოვდა. ამავე განცხადებით ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ სამართალდამცავების მხრიდან, Birja Mafia-ს წევრების დაკავების დროს, მტკიცებულებების შესაძლო გაყალბებაზე გამოძიება დაიწყო. რეპერების თქმით, მათ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური იმ კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რეპერებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. საგამოძიებო ორგანომ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა რამდენიმე დღის წინ შეწყვიტა.
უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან
საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა 28 მარტს ამოქმედდა. ქართული ბიომეტრიული პასპორტის მფლობელებს ყოველ 180 დღეში 90 დღე მიყოლებით ან გადანაწილებით უვიზოდ ესტუმრონ შენგენის ზონის ქვეყნებს.
არეულობა ბათუმში
11 მარტს პატრულმა მოძრაობის შეფერხებისა და არასწორი პარკირებისთვის მოქალაქე დააჯარიმა, რასაც ჯერ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, მოგვიანებით კი საპროტესტო აქცია მოჰყვა. აღნიშნული აქცია არეულობაში გადაიზარდა, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა დაწვეს და დააზიანეს როგორც ავტომობილები, ისე საგზაო ინფრასტრუქტურა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, რუსთავი 2-ის საქმეზე უვადოდ, იმ დრომდე შეაჩერა, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2 მარტის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია რუსთავი 2 მისი ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანიის, შპს პანორამას საკუთრება გახდა.
კომენტარები