ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 15 ფიზიკურ პირსა და რუსეთის ერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე, რომლებიც უკრაინელი სამხედრო ტყვეებისა და დაკავებული სამოქალაქო პირების მიმართ სასტიკ მოპყრობაში მონაწილეობდნენ.

ევროკავშირის საბჭომ 13 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდვები დაეწესებინა 15 პირისთვის, რომლებსაც ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ედებათ ბრალად — კერძოდ, უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თავად რუსეთში უკრაინელი სამხედროებისა და დაკავებული სამოქალაქო პირების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში.
სანქციები მიღებულია ადამიანის უფლებების სფეროში ევროკავშირის გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში, რომელიც 2020 წლის დეკემბერში ამოქმედდა.

სანქცირებულთა შორის არის დონეცკის ოლქის დასახლება ოლენივკის ციხის უფროსის პირველი მოადგილე. იგი უშუალოდ მიიჩნევა პასუხისმგებლად 2022 წლის 28-29 ივლისს ამავე ციხეში უკრაინელი სამხედრო ტყვეების მასობრივ მკვლელობაზე — მძიმედ დაჭრილთა ევაკუაციის განზრახ შეფერხების, ასევე უკრაინელი ტყვეების სისტემატური წამებისა და დამცირების გამო. სანქციები ასევე შეეხო ოლენივკის ციხის კიდევ რამდენიმე მაღალი თანამდებობის თანამშრომელს.

სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ალექსეი ხავეცკი — რუსეთის ქალაქ პაკინოს მე-7 გამასწორებელი კოლონიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რომელიც ამ დაწესებულებაში უკრაინელი ტყვეების სისტემატური წამებისა და მათზე ძალადობის ორგანიზატორად მიიჩნევა, და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ოფიცერი იან ზანევსკი, რომელიც დაკავშირებულია რუსული ოკუპაციის დროს ხერსონის, მიკოლაევისა და ზაპორიჟიეს ოლქებში

უკრაინელი სამოქალაქო პირების უკანონო დაკავებასა და წამებასთან.
სანქციების ქვეშ მოქცეული სასჯელაღსრულების დაწესებულება არის ტაგანროგის მე-2 საგამოძიებო იზოლატორი, სადაც სხვა პატიმრებთან ერთად წამებით მოკლეს უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა.

რუსეთში მყოფი უკრაინელი ტყვეების წამების გამო სანქციები კიდევ შვიდ პირს დაეკისრა.
მათ შორის არიან დაბა უდარნიში მდებარე მე-10 გამასწორებელი კოლონიის უფროსი ალექსანდრ გნუტოვი, მისი მოადგილეები და ამავე კოლონიის სამედიცინო ნაწილის ხელმძღვანელი გალინა მოქშანოვა. მე-10 კოლონიაში ასობით უკრაინელი იმყოფებოდა. ყოფილი პატიმრები ადასტურებენ სისტემატურ წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, სიკვდილით დასჯის იმიტაციასა და სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმას.

"ევროკავშირი მკაცრად გმობს უკრაინელი სამხედრო ტყვეებისა და დაკავებული სამოქალაქო პირების წამებას, მათ მიმართ სასტიკ მოპყრობასა და მკვლელობებს; მოითხოვს დამოუკიდებელი დამკვირვებლებისთვის, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის, ყველა დაკავებულთან შეუფერხებელ ხელმისაწვდომობას და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებლობას," — ნათქვამია განცხადებაში.