კალიფორნიაში დაფუძნებულმა სტარტაპმა Reflect Orbital აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიისგან დედამიწის ორბიტაზე მზის სხივების ამრეკლავი "კოსმოსური სარკის" განთავსების ნებართვა მიიღო. შესაძლოა, მან იქ ათობით ათასი ასეთი სატელიტი განალაგოს, მაგრამ ამჯერად მხოლოდ პირველი სადემონსტრაციო მისიის განხორციელება შეუძლია.

სატელიტს Eärendil-1 ეწოდება და მას დაახლოებით 18-მეტრიანი ამრეკლავი ზედაპირი აქვს, ის კოსმოსში მიმდინარე წლის ბოლოს უნდა გაუშვან, 2035 წლამდე კი სტარტაპი დაბალ ორბიტაზე 50 000 "კოსმოსური სარკის" გაგზავნასა და ოპერირებას აპირებს. მათი მეშვეობით ხმელეთზე კონკრეტული არეალებისთვის სინათლის მიწოდება სურთ.

Reflect Orbital-ში ამბობენ, რომ ნებართვის მიღება მათი ტექნოლოგიის გამოსაცდელად უმნიშვნელოვანესი იყო. იმედი აქვთ, რომ ეს ტრანსფორმაციული სიახლე იქნება, რადგან მზის სხივებზე წვდომა გეოგრაფიული ან დროითი ფაქტორების გამო აღარ შეიზღუდება.

მათ სარგებლის მაგალითად მოჰყავთ დაკარგული ადამიანის სამძებრო სამუშაოებში სინათლის მნიშვნელობა, ქალაქის განათება ემისიების გარეშე და მშენებლობის უფრო სწრაფად დასრულება, რადგან ღამის სიბნელე დაბრკოლება აღარ იქნება.

Earendil-1.

ფოტო: Reflect Orbital

ასევე ამბობენ, რომ ასეთი ორბიტალური სისტემა მზის პანელების მიერ გამომუშავებულ ენერგიასაც გაზრდის და გარემოსთვის საზიანო წყაროების გამოყენება იმდენად აღარ დაგვჭირდება. ამ ყველაფრის მიუხედავად, მეცნიერების ნაწილი მსგავსი ტექნოლოგიის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. სატელიტების "თანავარსკვლავედები" ასტრონომებისთვის ღამის ცაზე დაკვირვებას უკვე ართულებს, ხოლო ორბიტალური ნარჩენების გამო შეიძლება დედამიწის ატმოსფერო მძიმე ლითონებით დაბინძურდეს.

"კოსმოსური სარკეები" სხვა საფრთხესაც ქმნის — ისინი ადამიანებისთვისა და ეკოსისტემებისთვის სინათლით დაბინძურების ახალ წყაროდ შეიძლება იქცეს. მეცნიერების თქმით, ასეთი არეკლილი ნათება სავსე მთვარისაზე ოთხჯერ კაშკაშა იქნება, ამიტომ შიშობენ, რომ ეს ველურ ბუნებაზე უარყოფითად იმოქმედებს.

სტარტაპში ამბობენ, რომ ასეთი გავლენების რისკს მინიმუმამდე შეამცირებენ: სინათლეს კონკრეტულ არეალში მოაქცევენ, მისი სწრაფად "გამორთვის" შესაძლებლობა ექნებათ და მგრძნობიარე რეგიონებს (დაცული ტერიტორიები, ასტრონომიული დაკვირვებების ზონები) მიზანმიმართულად მოარიდებენ. ისინი აცხადებენ, რომ ეს სინათლე ცეცხლის გაჩენის ან თვალების დაზიანების საფრთხეს არ შეიცავს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.