ისტორიაში პირველად, ვარსკვლავთაშორის სივრცეში შაქარი აღმოაჩინეს
ფოტო: Ashley Barnes / Izaskun Jiménez-Serra
შაქრები ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია, რადგან დნმ-სა და რნმ-ში გვხვდება. ასევე, ისინი მეტაბოლური საწვავის ფუნქციასაც ასრულებს და დედამიწაზე საკმაოდ ადრეულ პერიოდში უკვე უხვად არსებობდა.
მეცნიერებისთვის საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა ახალგაზრდა პლანეტაზე ამდენი შაქარი. ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში ადრეული დედამიწის სიმულირებულ გარემოში ეს პროდუქტი მხოლოდ მცირე ოდენობით მიიღეს, თუმცა ასტეროიდ ბენუს ნიმუშებში ასტრონომებმა რიბოზასა და გლუკოზას მიაგნეს. აქედან ივარაუდეს, რომ ჩვენს მშობლიურ ციურ სხეულზე შაქრების გარკვეული ნაწილი მაინც სწორედ კოსმოსიდან მოხვდა.
ამის მიუხედავად, აქამდე ვარსკვლავთაშორის სივრცეში მათი კვალი არ იყო დაფიქსირებული. ეს ბოლო კვლევამ შეცვალა — ისტორიაში პირველად, სპეციალისტებმა ასეთ გარემოში შაქარი აღმოაჩინეს.
ავტორებმა ებესისა და IRAM-ის რადიოტელესკოპებით ჩვენგან 26 700 სინათლის წლით დაშორებული მოლეკულური ღრუბელი G+0.693−0.027 გამოიკვლიეს. ეს ქიმიურად მდიდარი რეგიონია, რომელიც ჩვენი გალაქტიკის ცენტრთან ახლოს მდებარეობს. შედეგად რადიოგამოსხივების ხაზების 12 წყება დააფიქსირეს, რომლებიც ერითრულოზას სპექტრულ კვალს შეესაბამება.
ის 16 ატომისგან შედგება (C4H8O4) და ვარსკვლავთაშორის სივრცეში მიგნებული პირველი შაქარი, უდიდესი არაციკლური ნაერთი და ჟანგბადის 4 ატომის შემცველი მოლეკულაა. ასევე, აქამდე მნათობებს შორის მხოლოდ ერთი ქირალური მოლეკულა იყო ცნობილი (რომელიც სარკისებურ ანარეკლს არ ემთხვევა), ახლა კი მას მეორეც შეემატა.
"ეს მიგნება პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ რთული ქირალური მოლეკულები ვარსკვლავთაშორის სივრცეშიც შეიძლება ჩამოყალიბდეს. ამასთან, სავარაუდოა, რომ მსგავს გარემოში სხვა პრებიოტური და, პოტენციურად, ქირალური მოლეკულების ფორმირება და მკაცრ პირობებში შენარჩუნებაც შესაძლებელია", — აცხადებენ ავტორები.
მათი თქმით, ერითრულოზა მოლეკულურ ღრუბელში უხვადაა. ის ნახშირბადის 3 ატომის შემცველი შაქრების, გლიცერალდეჰიდისა და დიჰიდროქსიაცეტონის, შესაძლო რაოდენობას სულ მცირე რვაჯერ უნდა აღემატებოდეს, თუმცა ისინი იქ საერთოდ ვერ დააფიქსირეს (ტელესკოპების მაღალი მგრძნობელობის მიუხედავად).
მეცნიერთა ვარაუდით, ერითრულოზა კოსმოსში მტვრის ნაწილაკებზე არსებული უფრო მარტივი მოლეკულებიდან წარმოიქმნება და შემდეგ რთული ქიმიური სისტემების ნაწილი ხდება. ეს მიგნება მიანიშნებს, რომ შეიძლება მომავალში ასეთ რეგიონებში სხვა შაქრებიც აღმოაჩინონ, მათ შორის რიბოზა, რომელიც რნმ-ის შემადგენელია და სიცოცხლის წარმოშობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები