კინოთეატრი "აპოლო" ისევ იყიდება. განცხადება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნდა და მალევე გაქრა. ისტორიული კინოთეატრის ფასი 5.9 მლნ დოლარია.

განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მყიდველს "არქიტექტურის ელეგანტური შედევრის", "აპოლოს" შენობის საცხოვრებელ სახლად გადაკეთების შესაძლებლობაც ექნება.

"შეგიძლიათ, გადააკეთოთ და რეკონსტრუქცია ჩაუტაროთ, როგორც თავშეყრის ადგილად, ასევე საცხოვრებელ კომპლექსად. მდებარეობს ძალიან მოთხოვნად, დავით აღმაშენებლის გამზირზე და გთავაზობთ იშვიათ შესაძლებლობას ფლობდეთ ისტორიის ნაწილს. ყოფილი კინოთეატრი აპოლო, ღირშესანიშნაობა ჩუღურეთის რაიონში. შენობა გთავაზობთ 2400 კვ.მ არქიტექტურულ ელეგანტურ შედევრს კლასიკური ექსტერიერით. ვინტაჟური შარმით და მრავალფუნქციური. პრემიუმ ლოკაცია ცნობილ გამზირზე, მისი მდებარეობა განსაკუთრებით, მომხილველია ინვესტორებისთვის და დეველოპერებისთვის," — ეწერა განცხადებაში.

ხელოვნებათმცოდნე, ცირა ელისაშვილი, გვიყვება, რომ ეს ისტორიული კინოთეატრის გაყიდვის პირველი შემთხვევა არაა, "აპოლომ" მრავალი მფლობელი გამოიცვალა. ძეგლის ისტორია 1909 წლიდან იწყება, მისი პირველი მესაკუთრე გერმანელი კოლონისტი გეგელი იყო, შემდეგ შენობა იტალიელი იუველირების, ძმები რიჩების ხელში აღმოჩნდა, ხოლო მოგვიანებით მისი მესაკუთრე ცნობილი მეცენატი მიქაელ არამიანცი გახდა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კინოთეატრ "აპოლოს" "ოქტომბერი" ეწოდა, თავდაპირველი სახელი კი 1990 წელს დაიბრუნა.

ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი

ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი

ფოტო:

NEWS.On.ge/ირაკლი ყურუა

"ძალიან საინტერესოა 1908 წლის დადგენილება, რომელიც თბილისის თვითმმართველობამ გამოსცა. ეს დადგენილება ეხებოდა კინოთეატრების აგების და მისი ექსპლუატაციის წესს. ამ დადგენილებიდან ერთი წლის შემდეგ, 1909 წელს, გაიხსნა ის "აპოლო", რომელიც უკვე ჩვენ ვიცით.

მფლობელი მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ჰყავდა: მისი პირველი მესაკუთრე იყო გერმანელი კოლონისტი გეგელი. ამის შემდეგ შენობა გადავიდა იტალიელი იუველირების, ძმები რიჩების ხელში. ეს შენობა კონკრეტულ დროს ეკუთვნოდა მიქაელ არამიანცს.
შემდეგ მოხდა გასაბჭოება.

1992 წელს მოხდა ამ შენობის პირველი გასხვისება. მაშინ კანონი არ იცნობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის პრივატიზაციას. ეს მხოლოდ 2007 წლიდან იქნა დაშვებული", — ამბობს ცირა ელისაშვილი.

მისივე თქმით, 2002 წელს სააქციო საზოგადოება "ქართულმა ფილმმა" კინოთეატრი გაყიდა. ხელშეკრულებაში ეწერა, რომ ახალი მფლობელი ვალდებული იყო შენობის ფუნქცია მხოლოდ 10 წლის მანძილზე შეენარჩუნებინა.

"მას შემდეგ კიდევ გაიყიდა შენობა. დღეს შენობა რამდენიმე კომპანიისა და კერძო მესაკუთრის ხელშია: ყველაზე დიდი წილი არის აზერბაიჯანული ბიზნესის; ნაწილი, თუ არ ვცდები, 10% ეკუთვნის ქართული ოცნების დღევანდელი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის შვილს; ასევე სვანიძეების ოჯახს, რომელიც თბილისისთვის ცნობილია, როგორც მირზა შაფის ქუჩის დამანგრეველი და ამაოხრებელი ინვესტიციის მქონე ოჯახი და კიდევ რამდენიმე სხვა ადამიანს," — გვიყვება ცირა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, მფლობელებმა იყიდეს "აპოლო" არა იმიტომ, რომ ქალაქისათვის მნიშვნელოვანი ძეგლი შეენარჩუნებინათ, არამედ მასში საბაზრო ღირებულება დაინახეს, რომელიც წლებთან ერთად იზრდება

"აი, ეს მიდგომა, რომ მფლობელებს მიაჩნიათ, რომ აქ შეიძლება, მათ შორის, საცხოვრებელი კომპლექსი განთავსდეს, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი შემთხვევითი ხალხია "აპოლოსთან" მიმართებაში. ფულიანი ადამიანები არიან, რომლებსაც შეეძლოთ ყველაფრის ყიდვა და იყიდეს "აპოლო" არა იმიტომ, რომ "აპოლო" ყოფილიყო მნიშვნელოვანი ქალაქისათვის, არამედ მათ დაინახეს უბრალოდ საბაზრო ღირებულება, რომელიც წლებთან ერთად იზრდება კონკრეტულად ამ ქუჩაზე", — ამბობს ცირა ელისაშვილი.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კინოთეატრ "აპოლოს" წილები ასეა გადანაწილებული მფლობელებზე:

  • შპს "კონფიდენს გრუპი", რომლის მფლობელიც აზერბაიჯანის მოქალაქე რაუფ ალიევია ფლობს 80%-ს;
  • ქართული ოცნების დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე — 10%-ს (წილის მმართველი მისი შვილი გიორგი ჩიგოგიძეა);
  • მანანა გეტაშვილი — 7%-ს;
  • თინათინ სვანიძე — 3%-ს;

ვარიეტე, კაზინო, სუპერმარკეტი, საცხოვრებელი სახლი — ისტორიული კინოთეატრის სანაცვლოდ

2018 წელს "კონფიდენს გრუპმა" კინოთეატრის შენობის რეაბილიტაციის პროექტით თბილისის მერიას მიმართა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რეაბილიტაცია უფუნქციო შენობის "მულტიფუნქციურ კულტურულ ცენტრად" გარდაქმნას ისახავდა მიზნად.

"წარმოდგენილი ესკიზური პროექტი გულისხმობს მულტიფუნქციურ კულტურულ ცენტრის შექმნას, რომელშიც პირველ რიგში გათვალისწინებული იქნება შენობის პირვანდელი ფუნქცია-კინოთეატრი, აგრეთვე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებისა და აქტივობების ჩატარება," — ვკითხულობთ მოთხოვნის ტექსტში.

პროექტის აღწერაში ვკითხულობთ, რომ რეკონსტრუქცია მხოლოდ შენობის ინტერიერს შეეხებოდა და ფასადი ხელუხლებელი დარჩებოდა. მფლობელების განცხადებით, ამ რეაბილიტაციის მთავარი იდეა კინოთეატრ "აპოლოში" კინოჩვენები აღდგენა იყო, ხოლო მულტიფუნქციური ნაწილი ითვალისწინებდა:

  • საინფორმაციო ბრიფინგები;
  • გამოფენები;
  • სამოდელო ჩვენებები;
  • კვების ობიექტი;
  • კამერული ორკესტრის კონცერტები;
  • ღვინის დეგუსტაციები;
  • სოციალური აქტივობები;
  • თეატრალური წარმოდგენები;
  • ცოცხალი მუსიკა;

აღნიშნულ პროექტზე "აპოლოს" მფლობელებმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსგან უარი მიიღეს.

ვინ უნდა იზრუნოს აპოლოზე?

ბიზნესისთვის კინოთეატრის ნაკლებად მომგებიანობაზე და კულტურული ძეგლებისთვის მნიშვნელობის შენარჩუენბაზე თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი გაგა ჩხეიძეც საუბრობს. მისი თქმით, პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ "აპოლოს" ფუნქცია შენარჩუნდეს.

"აპოლოს" მფლობელს, პროექტის მიხედვით, ვარიეტეს ტიპის, საკონცერტო და ამავდროულად მულტიფუნქციური დარბაზი უნდა გაეკეთებინa. ბოლომდე გაუგებარი დარჩა ჩვენთვის მაინც რა ადგილს დაიკავებდა ეს "აპოლო" ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში: იქნებოდა ეს "მეტი კულტურა", თუ "მეტი კომერცია", თუ თანაბრად. ცხადი პროექტიც არ იყო, თუმცა, არქიტექტურულად საინტერესო იყო, მაგრამ ფუნქციის შეცვლა გამოდიოდა. ...ადრე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ უნდოდათ კაზინოს გაკეთება შიგნით და ამაზე უარი ითქვა ქალაქის მხრიდან. პრიორიტეტი უნდა იყოს "აპოლოს" ფუნქცია და ამ ფუნქციის შენარჩუნება", — ამბობს გაგა ჩხეიძე.

პრიორიტეტი უნდა იყოს "აპოლოს" ფუნქცია და ამ ფუნქციის შენარჩუნება"

ჩხეიძის განცხადებით, წარსულში კინემატოგრაფისტები "სოკარის" ხელმძღვანელობას შეხვდნენ, რათა ინვესტორები "აპოლოსთვის" პირვანდელი ფუნქციის დაბრუნებით დაეინტერესებინათ, თუმცა მათი დაინტერესება არ მოხდა.

"აპოლო" წილის 80%-ის მფლობელია "კონფიდენს გრუპი", რომელიც დაკავშირებულია "სოკართან". ჩვენ, კარგად მახსოვს, შევხვდით "სოკარის" ხელმძღვანელობას, საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია იყო კინემატოგრაფისტების მხრიდან მოლაპარაკებაზე, მაგრამ ისინი ["სოკარი"] ჩვენით დიდად არ დაინტერესდნენ, თქვეს, რომ სხვა პროექტზე მუშაობდნენ იმ პერიოდში და "აპოლოთი" ბოლომდე დაინტერესება არ გამოუთქვამთ," — იხსენებს ჩხეიძე.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი გაგა ჩხეიძე

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი გაგა ჩხეიძე

ფოტო: NEWS.On.ge/ირაკლი ყურუა

შენობის ახალ ხელშეკრულებაში ვეღარ შევხვდებით ვალდებულებას, რომ მომავალმა მყიდველმა შენობას ფუნქცია შეუნარჩუნოს. ხელოვნების დარგის წარმომადგენლების აზრით, შენობა საზოგადოებამ ან ხელისუფლებამ უნდა გამოისყიდოს — მაგრამ ამის იმედი მათ არ აქვთ.

ცირა ელისაშვილის თქმით, კინოთეატრი "აპოლო" ვერ იყიდება იმიტომ, რომ "კინო არ არის მომგებიანი ბიზნესი" და "თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ბიზნესი არ ჩადებს ინვესტიციას, იმიტომ რომ კინოთეატრი წამგებიანია, მაშინ ეს უნდა გააკეთოს ქალაქის ხელისუფლებამ".

"მე მახსოვს რამდენიმე წლის წინ, როდესაც აქ სუპერმარკეტის გაკეთება უნდოდათ და მაშინ ჩვენ დავარწმუნეთ მესაკუთრე, რომ ამის გაკეთება ძალიან დიდი დანახარჯი იქნებოდა. თავი დავანებოთ თავად ძეგლის ინტერესებს. ამ შენობის არქიტექტურამ განსაზღვრა შენობის ფუნქცია და ეს ფუნქცია არის კინოთეატრი. სხვა რამის გაკეთება ფიზიკურად აქ შესაძლებელია, მაგრამ ეს შესაძლებლობა ნიშნავს, რომ ის დაანგრევს და გაანადგურებს ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობას, ფასადის მხრიდან თუ არა, შიგნიდან მაინც. ამ კინოთეატრის მნიშვნელობა ქალაქისთვის არის არა მხოლოდ მისი ფასადი, არქიტექტურა, არამედ მისი ფუნქცია და ეს ორი მოცემულობა განუყოფელია ერთმანეთისაგან. იმიტომაც ვერ იყიდება, სიმართლე რომ გითხრათ, რომ კინო არ არის მომგებიანი ბიზნესი. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ქალაქის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც მან შეიძლება რომ გადადგას და გამოისყიდოს "აპოლო" და აქ იყოს მუნიციპალური კინო", — ამბობს ცირა ელისაშვილი.

იმიტომაც ვერ იყიდება აპოლო, რომ კინო მოგებიანი ბიზნესი არაა. ის უნდა გამოისყიდოს ქალაქის ხელისუფლებამ".

მისივე თქმით, ამ შენობის გაყიდვა "შეცდომა" იყო, თუმცა ამ "დანაშაულის" გამოსწორება დღესაც შეიძლება.

"ის დაშვებული შეცდომა, რომელიც იყო დანაშაული, როდესაც ეს შენობა გაიყიდა და ძალიან ცნობილი კინორეჟისორები აწერენ ამას ხელს, შეიძლება დღესაც გამოსწორდეს. მაგრამ ამის გამკეთებელი უნდა იყოს, ერთის მხრივ, საზოგადოება, რომელმაც დღის წესრიგში უნდა დააყენოს ეს საკითხი. მე არ მჯერა, რომ ამ ქვეყანაში 5 მილიონ 900 ათასი დოლარი შეგროვდეს საზოგადოების მხრიდან, მაშინ როდესაც ჯარიმების სახით ხალხს საბანკო ანგარიშები აქვს დაყადაღებული, მშობლები წამალს ითხოვენ შვილებისათვის და ამ დროს რაიმე კამპანიის დაწყება, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი შენობის გამოსასყიდად მგონია, რომ უტოპიაა. ამას იზამდა თავმოყვარე ქალაქის ხელისუფლება, მას ახლაც აქვს ეს შანსი," — ამბობს ცირა ელისაშვილი.

ფოტო: არქივი/ცირა ელისაშვილი

ფოტო: არქივი/ცირა ელისაშვილი

როგორც ის გვიყვება, რამდენიმე წლის წინ რესტავრაციის თვალსაზრისით "აპოლოს" შიდა ინტერიერის კვლევა ჩატარდა კვლევის დროს შენობის უცნობი დეტალები — რელიეფური შპალერი და კედლის მხატვრობა აღმოაჩინეს. ცირა ელისაშვილის თქმით, "სწორი მიდგომის, სწორი პატრონის, სწორი მეთოდოლოგიური რესტავრაციის საფუძველზე შეიძლება იმაზე მეტი ინფორმაცია იყოს აქ ["აპოლოში"], ვიდრე ეს დღეს გვაქვს".

"აპოლოს" ბედი ჯერ ისევ ჰაერში კიდია...