"უპირველესად, კვლავაც მადლობას გიხდით თანადგომისთვის! 3 დღე დამჭირდა აზრზე მოსასვლელად.
რაც შეეხება ჩემს დაკავებას და შემდეგ იზოლატორში ჯანმრთელობის მდგომარეობას ასე იყო — 14 იანვარს ირანელი ხალხის მხარდასაჭერად მისულები, შეძრულები ენით აღუწერელი სისასტიკით, რაც ირანში ტრიალებს, მდუმარედ, ყელში გაჩხერილი ბურთით, ვიდექით მგლოვიარე ირანელების გვერდით. ეს იყო სამგლოვიარო შეკრება — პოლიციის ქცევა კი ჰგავდა ადამიანს რომ არ ახასიათებს ( ანუ არაადამიანურს). სამძიმარზე სახლში რომ შეუვარდები ადამიანს, ჭირისუფალს და მასთან მისულ გამზიარებელ ადამიანებს გამოყრი, მათზე იძალადებ, შეურაცხყოფას მიაყენებ — ეს იყო პოლიციის ქცევა და განწყობა და ვისაც ასეთ სიტუაციაში "თავის შეკავება" შეუძლია ის ადამიანები ყველაზე მეტად მძულს სამყაროში!
ავარიაში მოვყევით მანქანით, რომელშიც შემაგდეს და უდიდესი კრიმინალივით გამაქანეს შუშებიანისკენ, ისეთი სისწრაფით მიქროლებდა მძღოლი, რომ კახეთის გზატკეცილზე უკნიდან დაგვარტყა მანქანამ (მე სიცილით ვეუბნებოდი — აქვე გინდათ ჩემი მოკვლა თქო?!), მაგრამ სახუმარო არ არის ხომ როგორც ხვდებით!
შუშებიანში შიგნით არ შეიყვანოთო, ბრძანება მიიღეს, გარეთ სიცივეში და ყინვაში დაიწყეს ჩემი ნივთების აღწერა და დალუქვა, შუა პროცესში ვიღაც ზემდგომი მოვიდა, ეჩხუბა ამათ შიგნით შედითო და შევედით. ძლივს შედგა ოქმი იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, წერა-კითხვა ძალიან ჭირს მანდ!
უშუალოდ დიღმის იზოლატორს რაც შეეხება — ძალიან მხნედ ვიყავი, მართლა, ცა ქუდად არ მიმაჩნდა და დედამიწა ქალამნად ( ეს ჩემს ტვინში რა ხდებოდა იმას გეუბნებით) ფიზიკურად კი დამაზიანებელი აღმოჩნდა, რაღაცების დეტალურად მოყოლა არ მინდა, სულ ბოლომდე რომ არ მოვაღო პირადი სივრცის კარი.
მაგრამ ყველაზე "საინტერესო" ახლა იწყება — 14 ის ღამე და მთელი 15 იანვარი კარგად ვიყავი, 16 იანვრის დილას ფიზიკური ტკივილის ფონზე, დამემართა გულყრა და თანდართული პანიკური შეტევა კრუნჩხვით — უმძიმესი ფორმით რაც სხეულის უკიდურეს სტრესს გულისხმობს! ნუ ეს ძალიან მარტივად რომ აღვწერო( დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს გქონიათ და ზუსტად იცით რაზეც ვსაუბრობ) გულყრა და შეტევა განმეორდა ნახევარი საათის განმავლობაში. აქვე ვიტყვი, რომ ასეთი ხანგრძლივობის და ინტენსივობის შეტევა აქამდე არასდროს მქონია, ყოფილა შემთხვევები, მაგრამ ამასთან შედარებით ყველა ძალიან მსუბუქად მეჩვენება ახლა!
ამის შემდეგ, დაჩქარებულად გადამიყვანეს სასამართლოში, ცხადია არვინ — არც ადვოკატი და არც ოჯახის წევრები არ გააფრთხილეს და არც ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უთხრეს რამე ჩემს მეგობრებს და ადვოკატს, რომლებიც იმ დღეს დილიდან ყოველ ნახევარ საათში რეკავდნენ იზოლატორში ჩემს მოსაკითხად.
სასამართლოს დარბაზში მესამედ დამემართა შეტევა, ( ეს არ იყო იმ სიძლიერის,როგორიც მანამდე იზოლატორში) მაგრამ მანამდე ისეთი გამოვიარე, რომ შეუძლებელი იყო ჩემი პროცესში ან რაიმე სახის აქტივობაში ჩართვა. აქვე აღვნიშნავ, რომ იმ დროისთვის უკვე მიღებული მქონდა ერთი აბი დიაზეპამი, ინექციის სახით გაკეთებული მქონდა სპაზმომენი ( თუ სწორად მახსოვს სახელი) რამდენიმე აბი ვალოსედი, კორსიზი და ასევე ვალერიანის წვეთები- ამას ესწრებოდნენ ჩემი ადვოკატი გიორგი ტაბატაძე, პატრულის ორი თანამშრომელი ( რომლებმაც გადმომიყვანეს იზოლატორიდან სასამართლოში და ამ ორ ადამიანზე ცალკე დეტალურად მოვყვები) თინათინ კაჭკაჭიშვილი, მოსამართლე ზვიად ცეკვავა, მისი თანაშემწე და სასამართლოს ექიმი , რომელმაც, საბოლოოდ, პროცესის ჩატარებით უკიდურესად დაინტერესებულ ცეკვავას და კაჭკაჭიშვილს მათი მცდელობის მიუხედავად, ვერ უთხრა, რომ შეგიძლიათ ჩაატაროთ პროცესიო.
ცხადია, ყველაზე მეტად ჩემს ინტერესში იყო ეს პროცესი არ გადადებულიყო და ასეთ მდგომარეობაში არ ვენახე მაგალითად თინათინ კაჭკაჭიშვილს, მაგრამ ხომ იცით, სხეულს ყოველთვის ვერ უბრძანებ.
არასდროს დამავიწყდება ლიკა ზაკაშვილის თვალები, ალბათ არც მას დაავიწყდება ჩემი სახე იმ დღეს.
სასამართლო გადაიდო 27 იანვარს 16:00 საათზე. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თანადგომისთვის და ბოლოს მაინც აუცილებლად ჩვენ მოვიგებთ!"
კომენტარები