პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, ევროპაში გადაწყვეტილებების მიღება დემოკრატიულ პროცესებს გულისხმობს, რაც სწრაფად არ ხდება და სწორედ ამიტომ ფერხდება ვიზალიბერალიზაცია:

„ეს არის ევროპული, შიდა ევროპული პოლიტიკური პროცესი, ჩვენ არ ვართ კმაყოფილი მისი მიმდინარეობით. მაგრამ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ რომ ეს პოლიტიკური სივრცე გულისხმობს დემოკრატიულ პროცედურებს, დემოკრატია კი არ არის სწრაფი“.

მარგველაშვილმა ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზვიად გამსახურდიას სახელობის აუდიტორიის გახსნისას, დღეს, 17 ივნისს, განაცხადა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ ყველა მოთხოვნა შეასრულა და გასცა პასუხი ყველა კითხვას, რომელიც ვიზალიბერალიზაციის განხილვის პროცესში წარმოიშვა. მან აღნიშნა, რომ ევროპელ კოლეგებთან საუბრისას ისინი ხაზს უსვამენ საქართველოს მიერ მოთხოვნების ზედმიწევნით შესრულებას და აცხადებენ, რომ ახლა მათ აქვთ შესასრულებელი საქმე, გადაწყვეტილების მისაღებად.

„მინდა აღვნიშნო შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს, მთავრობის და პარლამენტის ძალიან მოწადინებული და პოზიტიური როლი. ყველამ თავისი სამუშაო ზედმიწევნით კარგად შეასრულა.“

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პროცესის დასრულების შემდეგ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ექნება ისეთივე ძლიერი სიტყვის თქმის უფლება, როგორიც აქვს ევროპის სხვა სახელმწიფოებს.