ახალი კვლევის თანახმად, მეხსიერების ფორმირება "ცარიელი ფურცლიდან" არ იწყება
ფოტო: Jose Guzman/Jonas group
თაგვებზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, თავდაპირველად ტვინი "სუფთა ფურცელი" არაა, არამედ "სავსე" და ქაოსურია. მეცნიერები ამბობენ, რომ ის დასწავლის პროცესის პარალელურად ოპტიმიზაციას განიცდის. ეს მათ დაბადებიდან მოზრდილობამდე მღრღნელების ტვინის შესწავლის შედეგად დაადგინეს.
ისინი განსაკუთრებულად ჰიპოკამპუსზე კონცენტრირდნენ — რეგიონზე, რომელიც სივრცულ მეხსიერებასთან და ხანმოკლე მეხსიერების ხანგრძლივად გადაქცევასთანაა დაკავშირებული. ყურადღება დაახლოებით 7-8 დღის, 18-25 დღისა და 45-50 დღის თაგვებზე გაამახვილეს.
მათ გაარკვიეს, რომ ყველაზე ახალგაზრდა ცხოველთა ტვინებში ამ არეალის CA3 პირველადი ნეირონების ქსელი ძალიან მკვრივი იყო და შემთხვევითი ურთიერთკავშირები ჰქონდა.
რაც უფრო მეტად იზრდებოდა ასაკი, ტვინის აღნიშნული უჯრედებიც შედარებით ორგანიზებული და სტრუქტურირებული ხდებოდა. ეს სპეციალისტებისთვის მოულოდნელი იყო, რადგან ფიქრობდნენ, რომ ნეირონების ქსელი ზრდის პროპორციულად, დროთა განმავლობაში, უნდა გამკვრივებულიყო.
კვლევისას საპირისპირო რამ დაფიქსირდა: ტვინის პირვანდელი მდგომარეობა "სავსე ფურცელს" უფრო ჰგავს, რომელიც შემდეგ თითქოს წესრიგდება.
მეცნიერების თქმით, შეიძლება ასე იმიტომ ხდება, რომ ნეირონების კავშირები მაშინ უფრო ეფექტიანად ყალიბდება, როცა ამის საფუძველი უკვე არსებობს. "სუფთა ფურცლის" სცენარში ნეირონებს ჯერ ერთმანეთის პოვნა მოუწევდათ, რასაც მეტი დრო დასჭირდებოდა, ანუ ტვინი დასწავლას დააყოვნებდა.
კვლევის ავტორების ვარაუდით, ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ ჰიპოკამპუსს რთული საქმე აკისრია: თვალებიდან, ყურებიდან და ცხვირიდან მიღებული ინფორმაცია გადაამუშაოს და დააკავშიროს. ნეირონებისთვის ეს მარტივი შესასრულებელი არაა, ამიტომ შეიძლება თავდაპირველი ხშირი ურთიერთქმედებები და შემდეგ ამ პროცესის სელექციურად დალაგება მათ გამართულ ფუნქციონირებაში ეხმარებოდეს.
ვრცელდება თუ არა ეს ადამიანთა ტვინზეც, უცნობია. ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.

კომენტარები