ახალი მეტაანალიზის მიხედვით, იმ ასაკოვან ადამიანებს, ვინც ხშირად ეცემიან, დემენციის განვითარების გაცილებით მაღალი რისკი აქვთ. მეტაანალიზის ფარგლებში თითქმის 3 მილიონი ადამიანის მონაცემები განიხილეს.

აღმოჩნდა, რომ 40 წლის ასაკის შემდეგ ერთხელ დაცემის შემთხვევაშიც კი სამომავლო დემენციის რისკი 20%-ით იზრდება; რამდენჯერმე დაცემის შემთხვევაში კი — 74%-ით.

მკვლევრები ამ ასოციაციას სამი შესაძლო მექანიზმით ხსნიან. ეს არ ნიშნავს, რომ დაცემა იწვევს დემენციას. ეს შეიძლება ერთ-ერთი ფაქტორი იყოს, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ წაქცევა დემენციის ადრეული სიმპტომია ან დაცემა იმ ქცევებს იწვევს, რომლებიც დემენციის რისკს ზრდის.

არსებობს მტკიცებულება, რომ წაქცევისა და დემენციის შემთხვევაში მსგავსი ნევროლოგიური პრობლემებია ჩართული. გარდა ამისა, დემენციის მქონე მოხუცები უფრო ხშირად ეცემიან, ვიდრე დემენციის არმქონენი. ამ ორი მოცემულობის გარდა, დემენციასა და წაქცევას შორის კავშირი ნაკლებადაა გაგებული.

მეცნიერებმა 7 კვლევა განიხილეს, რომლებშიც ჯამში 2,9 მილიონზე მეტი ადამიანი იყო შესწავლილი. ყველა მათგანი 40 წლის მაინც იყო და იმ დროს დემენცია არ ჰქონია. აქედან 4 კვლევაში მონაწილეების ნახევარს წაქცევების ისტორია ჰქონდა. მათგან 11,6%-ს მოგვიანებით დემენციის დიაგნოზი დაუსვეს. გარდა ამისა, დემენცია იმ ცდისპირების მხოლოდ 7,7%-ს განუვითარდათ, რომლებსაც წაქცევის ისტორია საერთოდ არ ჰქონია.

გარდა ამისა, მკვლევრებმა წაქცევასა და სამომავლო დემენციას შორის ასოციაციის სიტემური განხილვაც ჩაატარეს. ამისთვის 4 კვლევა გამოიყენეს, რომლებიც საერთო ანალიზში ვერ მოხვდა. ამის მიზეზი ისაა, რომ მათი მეთოდოლოგიები ერთმანეთს არ ემთხვეოდა.

აღმოჩნდა, რომ წაქცევისას დაზიანებულ ცდისპირებს 21%-ით უფრო მაღალი შანსი ჰქონდათ, რომ დემენციის დიაგნოზი მომდევნო 1 წლის განმავლობაში მიეღოთ. დემენციის დიაგნოზის მიღებამდე 4 წლით ადრე სერიოზული წაქცევის რისკი სტაბილურად მატულობს, დიაგნოსტირების წელს კი პიკს აღწევს.

რატომაა ამხელა კავშირი დემენციასა და წაქცევას შორის? ამას მეცნიერები 3 შესაძლო მექანიზმით ხსნიან.

პირველი ისაა, რომ წაქცევა იმ ტრავმებს იწვევს, რომლებსაც დემენციამდე მივყავართ. იმის გათვალისწინებით, რომ უკვე არსებობს მტკიცებულება თავის ტრავმებსა და დემენციას შორის, ეს განსაკუთრებით ყურადსაღები ხდება.

მეორე შესაძლებლობა ისაა, რომ დაცემა დემენციის განვითარებას პირდაპირ იწვევს ან აჩქარებს. ეს განსაკუთრებით თავსებადია იმ მიგნებასთან, რომ მეტჯერ წაქცევა დემენციის რისკს ზრდის.

მესამე ახსნა ე.წ. საერთო მიზეზის ჰიპოთეზაა. შესაძლოა, ნეიროდეგენერაცია ფორმალური დიაგნოზის მიღებამდე დიდი ხნით ადრე იწყება. ხოლო ეს პრობლემები წაქცევის ალბათობასაც ზრდის.

ისიც საინტერესოა, რომ წაქცევის შემდეგ მოხუცებს ხშირად ერთგვარი შიში უვითარდებათ, რის გამოც ფიზიკურ და სოციალურ აქტივობებში ნაკლებად ერთვებიან. ეს კოგნიტიური უნარების გაუარესების რისკს ზრდის. ამ აქტივობების გარეშე დემენცია ხშირად უფრო სწრაფად ვითარდება, რაც უფრო მეტ წაქცევას იწვევს. ეს შიშს ზრდის, რის გამოც მოხუცები კიდევ უფრო პასიურები ხდებიან. ეს ერთგვარი ჩაკეტილი წრეა.

აღსანიშნავია, რომ რეალური ახსნა შეიძლება ზემოთ ჩამოთვლილი ვერსიების ერთიანობა იყოს და არა ერთი კონკრეტული მათგანი.

ნაშრომი გამოცემაში The Journal of Post-Acute and Long-Term Care Medicine გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.