თუ თქვენ გიბარებენ პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გამოკითხვაზე, მოწმის სტატუსით, ე.ი. დაწყებულია სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება და გამომძიებელი ფიქრობს, რომ თქვენ ფლობთ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იყოს.

პირის გამოკითხვა/დაკითხვის წესს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არეგულირებს.

გამოკითხვა არის მოწმის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაციის მიწოდება მხარისათვის, რომელიც შეიძლება იყოს გამომძიებელი, პროკურორი, ბრალდებული, ან მისი ადვოკატი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 113. გამოკითხვის წესი:
1. ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ნებაყოფლობით შეიძლება გამოკითხულ იქნეს მხარეთა მიერ. დაუშვებელია, გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარმოადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ანალიტიკოსი ფატი ჩაფიჩაძე ამბობს, რომ კანონის მიხედვით, პირი, რომელიც შესაძლოა ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, მხოლოდ ნებაყოფლობით შეიძლება იქნას გამოკითხული და მისი იძულება გასცეს ინფორმაცია, ან წარმოადგინოს მტკიცებულება, დაუშვებელია.

"როდესაც პოლიციის განყოფილებიდან გირეკავენ, თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ საკონტაქტო პირის ვინაობა, სტატუსი და რა საქმის ფარგლებში ხდება თქვენი გამოკითხვაზე დაბარება. მოქალაქეებს ხშირად ურეკავენ და ეუბნებიან, რომ უნდა გამოცხადდნენ გამოკითხვაზე და დეტალებს იქ ეტყვიან, ეს არ არის სწორი", — აცხადებს ფატი ჩაფიჩაძე.

გახსოვდეთ: გამოკითხვაზე მისვლა ნებაყოფლობითია!

დაუშვებელია გამოსაკითხი პირი აიძულო წარმოადგინოს რაიმე სახის მტკიცებულება, ან გასცეს ინფორმაცია.

"თუ პირს არ სურს გამოკითხვაზე გამოცხადდეს პოლიციის შენობაში, მას უფლება აქვს გამოკითხვაზე უარი თქვას, ამ შემთხვევაში გამომძიებელმა მას უნდა განუმარტოს, რომ ის შესაძლოა დაბარებული იქნეს მაგისტრანტ მოსამართლესთან ჩვენების მისაცემად. მაგისტრანტ მოსამართლესთან ჩვენების მიცემა სავალდებულოა. ამ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის გამოსაკითხ პირს შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს ოქმში. გამოსაკითხ პირს აქვს უფლება, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და ახლო ნათესავის წინააღმდეგ", — ამბობს ფატი ჩაფიჩაძე.

დაიმახსოვრეთ: არასწორი ინფორმაციის შეგნებულად მიწოდება იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას

მოწმეს უფლება აქვს:

  • იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული;
  • თუ არ იცის ქართული ენა, ან უჭირს ჟესტური ენის გარეშე კომუნიკაცია, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე;
  • წაიკითხოს საგამოძიებო მოქმედების ოქმი, მოითხოვოს მასში ცვლილებების შეტანა;
  • არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას, ან მის ახლო ნათესავს;
  • საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.

თუ აპირებთ გამომძიებელთან მიხვიდეთ გამოკითხვაზე პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, თქვენ გაქვთ უფლება, ადვოკატთან ერთად გამოცხადდეთ გამოკითხვაზე. თუ ადვოკატი არ დაუშვეს, ან არ მოგეცათ ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობა, გამოკითხვის ფარგლებში, თქვენ შეგიძლიათ უარი განაცხადოთ პოლიციის შენობაში შესვლაზე.

გახსოვდეთ: თქვენი იძულება გამოკითხვაზე პოლიციას მიაწოდოთ ინფორმაცია, ან წარუდგინოთ მტკიცებულება არის დანაშაული.

გამოსაკითხი პირის დაყოვნების უფლება პოლიციას არ აქვს. იმ მომენტში, რა დროსაც თქვენ ამბობთ, რომ არ გსურთ გამოკითხვის გაგრძელება, შეგიძლიათ დაასრულოთ გამოკითხვის პროცესი. დეტალების დასაზუსტებლად გამოკითხვაზე შეიძლება დაგიბარონ განმეორებით.

"თუ ფლობთ ინფორმაციას, რომლის გაზიარება არ გინდათ პოლიციისთვის, პოლიციას უფლება არ აქვს, გაიძულოთ ამ ინფორმაციის გამჟღავნება", — ამბობს ფატი ჩაფიჩაძე.

რისი უფლება გაქვთ, თუ დაკითხვაზე გიბარებენ

გამოკითხვისგან განსხვავებით, დაკითხვა არის მოწმის მიერ სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ სასამართლოსთვის ინფორმაციის მიწოდება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის გამოსაკითხ პირს შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

გახსოვდეთ: სასამართლოში დაკითხვაზე მისვლა სავალდებულოა! ჩვენების მიცემაზე უარის თქმა იწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

რამდენიმე რჩევა — რისი უფლება გაქვთ დაკითხვაზე მისვლისას:

  • წინასწარ გაიარეთ კონსულტაცია ადვოკატთან და პოლიციის განყოფილებაში, ან მაგისტრანტ მოსამართლესთან მიდით მხოლოდ ადვოკატის თანხლებით;
  • თქვენ შეიძლება დაიკითხოთ მხოლოდ იმ გარემოების შესახებ, რომელსაც მნიშვნელობა აქვს საქმისათვის;
  • დაკითხვა/გამოკითხვა უნდა დაიწყოს გონივრულ ვადაში, თუ არ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, დაუშვებელია პირის ღამის საათებში დაკითხვა;
  • ხელმოწერამდე სრულყოფილად გაეცანით დაკითხვის ოქმს, იმ შემთხვევაში, თუ ხელმოსაწერი დოკუმენტის შინაარსს არ ეთანხმებით, არ მოაწეროთ ხელი;
  • თუ პოლიციელი/გამომძიებელი დაარღვევს თქვენს უფლებებს, დაუყოვნებლივ მიმართეთ: შსს გენერალურ ინსპექციას (ცხელი ხაზი: 126) სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს (ცხელი ხაზი: 199), საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს (ცხელი ხაზი: 1481).

თუ არსებობს დაკავების საფუძველი, გამომძიებელს უფლება აქვს, დაგაკავოთ.

კანონი აწესებს იმ პირების ჩამონათვალს, ვინც არ არის ვალდებული იყოს მოწმე, ასეთი პირები იყოფა ორ ძირითად კატეგორიად:

  1. პირები, რომელთაც საქმესთან კავშირის მქონე ინფორმაცია შეიტყვეს თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას;
  2. ბრალდებულის ახლო ნათესავი – მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული).

გამოკითხვის/დაკითხვის დაბარების შემთხვევაში, მთავარია, პირმა ზუსტად გაარკვიოს რისი უფლება აქვს მოცემულ ვითარებაში.