6 ფილმი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე
აფხაზეთის ომი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელია. შეიარაღებულმა კონფლიქტმა, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ასიათასობით მოსახლე კი დევნილად აქცია. ომმა ჩვენს ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ მეხსიერებაზე ისეთი ღრმა, მტკივნეული კვალი დატოვა, სულ არაა გასაკვირი, ეს კონფლიქტი რომ სამი ათწლეულის შემდეგაც აქტუალურ თემად რჩება ქართულ ხელოვნებაში.
თუმცა, ქართულ კინემატოგრაფიაში არ მოიძებნება მაინცდამაინც ბევრი მხატვრული ნამუშევარი, რომელიც პირდაპირ შეეხება აფხაზეთის ომს; სულ ცალ ხელზე ჩამოსათვლელები არიან ის რეჟისორები, რომლებმაც ჯერ კიდევ ცხელი კონფლიქტის გადააზრება, მაყურებლისთვის განსხვავებული პერსპექტივით დანახვება ცადეს.
ამ სტატიაში გიყვებით ფილმებზე, რომლებიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის სიმძიმეს გვაგრძნობინებს.
ოცნებების სასაფლაო (1997)
ოცნებების სასაფლაო რომ გამოვიდა, აფხაზეთის ომი სულ რამდენიმე წლის დამთავრებული იყო, ქვეყანა კი მისგან დატოვებულ იარებს ჯერ ისევ იშუშებდა. ამდენად, გოგა ხაინდრავას ფილმი განსაკუთრებული სიმძაფრით გამოირჩევა. ისტორიულ-მხატვრული ნამუშევარი შავ-თეთრი კადრებით და დოკუმენტური სტილით გვიყვება ახალგაზრდების თავსდატეხილ მოულოდნელ უბედურებაზე და მტვრად ქცეულ ოცნებებზე. ფილმის გმირები აფხაზეთის ომში მონაწილე ნამდვილი ადამიანები არიან, ნაწარმოები კი კონფლიქტში დაღუპული ქართველი მსახიობის, ლევან აბაშიძის, ხსოვნას ეძღვნება.
აღსანიშნავია, რომ ოცნებების სასაფლაოზე მუშაობა ჯერ კიდევ 1992 წელს დაიწყო და ოთხ წელიწადს გაგრძელდა. კინოსურათმა არაერთი საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის, ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის ოქროს მედალი. წლების განმავლობაში ფილმის ერთადერთი ორიგინალი ვერსია საფრანგეთში ინახებოდა, მოგვიანებით კი, იგი საქართველოს დაუბრუნდა, რესტავრაცია ჩაუტარდა და გაციფრულდა.
გასეირნება ყარაბაღში: კონფლიქტის ზონა (2009)
კონფლიქტის ზონა კინოტრილოგიის გასეირნება ყარაბაღში მეორე ნაწილია. ტრილოგია, რომელსაც აკა მორჩილაძის პირველი რომანი, მოგზაურობა ყარაბაღში (1992), უდევს საფუძვლად, 1990-იანი წლების ქვეყნის შიდა და რეგიონულ კონფლიქტებს, მათგან დატოვებულ ტრავმულ კვალს შეეხება.
თუკი გასეირნება ყარაბაღში (2005) სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტს და მის ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილ ქართველებზე გვიყვებოდა, ვანო ბურდულის კონფლიქტის ზონაში მოქმედება უკვე აფხაზეთში ინაცვლებს, სადაც წინა ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი გიო იბრძვის. აი, გოგლიკო კი გიოს მიერ თბილისში გამოგზავნილ სოხუმელ სნაიპერთან, სპარტაკთან ერთად, კვლავ ყარაბაღს უბრუნდება. სხვადასხვა მიზნით ერთ გზას დამდგარი ორი განსხვავებული გმირის ისტორია დაძაბულ სიტუაციაში ადამიანური ბუნების სიმყიფეს და თანადგომის ძალას გვიჩვენებს.
გაღმა ნაპირი (2009)
ხსენებული წინა ორი ფილმისგან განსხვავებით, გიორგი ოვაშვილის გაღმა ნაპირი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს რეტროსპექტივაში უყურებს და რეგიონში ეთნოწმენდისას დევნილად ქცეული ადამიანების უმძიმეს ადრეულ პერიოდს აღწერს. ნუგზარ შატაიძის მოთხრობის, მოგზაურობა აფრიკაში, ეკრანიზაცია მოზარდ თედოზე გვიყვება, რომელიც ბავშვობაში დედასთან ერთად გამოექცა ომს. წლების შემდეგ, ქუჩაში მცხოვრები თედო გადაწყვეტს, აფხაზეთში დაბრუნდეს და იქ დარჩენილი მამა მოძებნოს.
გაღმა ნაპირი ბავშვის უმანკო თვალით დანახულ პირქუშ სამყაროს ასახავს. ესაა ფილმი ადამიანის ბუნების ყველაზე ნათელ და შავ-ბნელ მხარეებზე; როგორ შეუძლია კონფლიქტს, მონსტრად გაქციოს ან პირიქით, ვერ გაგტეხოს და კიდევ უფრო მეტი ძალა მოგცეს თანაგრძნობისთვის. ფილმის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთიც თედოს სტუმრობაა შვილმკვდარ აფხაზ მშობლებთან.
მანდარინები (2013)
ზაზა ურუშაძის მანდარინები პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართული ფილმია, რომელიც ოსკარის ნომინანტი გახდა. საქართველოსა და ესტონეთის კოპროდუქცია აფხაზეთში მცხოვრებ, უფრო ზუსტად, კონფლიქტის შემდეგ შემორჩენილ ესტონელებზე ჰყვება. ესტონელები საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონში მე-19 საუკუნეში გამოჩენილან და სოფელი ესტონკა დაუფუძნებიათ. ომის პერიოდში სოფელი მოსახლეობის უმრავლესობამ დატოვა, თუმცა, მცირე ნაწილმა დარჩენა ამჯობინა. სწორედ მათი ამბავი დაედო საფუძვლად მანდარინებს.
მანდარინები უცნობ ისტორიასაც გვაცნობს და კონფლიქტის არასწორხაზოვნად გააზრებისკენაც გვიბიძგებს. ფილმის მთავარი გმირი ესტონელი ივოა, რომელიც ერთმანეთთან დაპირისპირებულ ქართველ და ჩეჩენ დაჭრილ მებრძოლებს იმ პირობით იფარებს, რომ მის ჭერქვეშ დროებით მაინც დაზავდებიან. ურუშაძე აღნიშნავდა, რომ ივოს სახეში მისი პაპა იყო გაცოცხლებული, ქართველი მოხალისე მებრძოლის პროტოტიპი კი აფხაზეთის ომში წასული ქართველი მსახიობები შეიძლება ყოფილიყვნენ. გაღმა ნაპირის მსგავსად, მანდარინებიც ჩვენს საზიარო ადამიანობას უსვამს ხაზს და ამის მნიშვნელობას პერსონაჟების ტრანსფორმაციის მაგალითზე გვიჩვენებს.
სიმინდის კუნძული (2014)
გიორგი ოვაშვილი აფხაზეთის ომის თემას კიდევ ერთხელ დაუბრუნდა ფილმით სიმინდის კუნძული, რომელიც ასევე ნუგზარ შატაიძის მინიატიურას ეფუძნება და უფრო ფართო პერსპექტივით სხვა საკითხებსაც, მათ შორის, ადამიანის და ბუნების ურთიერთობას შეეხება. კინოსურათის სიუჟეტი მდინარე ენგურში წარმოქმნილ პატარა კუ კუნძულზე ვითარდება, სადაც ხანშესული აფხაზი კაცი ქოხს აშენებს და შვილიშვილთან ერთად სახლდება. გარე სამყაროს მოწყვეტილი ადამიანების ყოველდღიურობაში ერთხელაც დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი ჩნდება და სიმინდის კუნძულზეც ყველაფერი იცვლება.
აღსანიშნავია, რომ ფილმი მეტწილად უხმო კადრებს და ალაგ-ალაგ გაბნეულ, მშრალ დიალოგებს მოიცავს. ამ მინიმალისტური მიდგომით ოვაშვილმა საერთაშორისო კინოკრიტიკოსებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა. თუმცა, სამშობლოში ფილმს კრიტიკაც კი მოჰყვა; ქართველი პოლიტიკოსების ნაწილმა კონფლიქტზე ოვაშვილისეული ხედვა დაიწუნა, ზოგმაც ფილმში "პედოფილიის ნიშნები" დაინახა.
იარე, ლიზა (2023)
კრიტიკა, მაგრამ ბევრად უფრო მასშტაბური და მძაფრი სახით ხვდა ნანა ჯანელიძის უახლეს ფილმსაც, რომელსაც კინოდარბაზშივე მწვავე დაპირისპირება მოჰყვა. წვეთ-წვეთად გვამზადებთ აფხაზეთის აღიარებისთვისო, გაისმა მაშინ პრემიერაზე.
იარე, ლიზა ცნობილ ტელეწამყვან ქალზე გვიყვება, რომელიც 25 წლის წინ აფხაზეთის ომში რეპორტიორად მუშაობდა. ჯანელიძესთან ერთად, ფილმის სცენარისტი ლია ტოკლიკიშვილია, რომელიც ასევე აშუქებდა კონფლიქტს ადგილიდან. კინოსურათსაც, ანოტაციის მიხედვით, ტოკლიკიშვილის გამოცდილება და "ომის მონაწილეებისა და მოწმეების, ქართველი და აფხაზი მწერლების, სასულიერო პირების მონათხრობები და დღიურები" დასდებია საფუძვლად. თუმცა, მაყურებელთა ნაწილმა ფილმი სწორედ ისტორიული სინამდვილის და ფაქტების დამახინჯებაში დაადანაშაულა.
"ორივე მხარეს ადამიანები 'მართლები' იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში. მაშინაც და ახლაც ვფიქრობ, რომ აუცილებელია მომხდარის გაანალიზება და არ უნდა შევუშინდეთ საკუთარ შეცდომებს, საკუთარი თავის შეფასებას, პირველი ნაბიჯის გადადგმას და ბოდიშის მოხდას", — განაცხადა ნანა ჯანელიძემ მაშინ.
კომენტარები