9 ათასი წლის წინანდელ თურქეთში არსებობდა ქალაქი ჩათალჰოიუქი, რომელშიც, მეცნიერთა ნაწილის აზრით, მატრიარქალური საზოგადოება ცხოვრობდა. ქვის ხანის სამარხებში აღმოჩენილმა დნმ-ის უძველესმა ნიმუშებმა ამ თემაზე მრავალი საინტერესო ინფორმაცია მოგვცა და დიდ ხნიანი ეჭვები გააქარწყლა. კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ამ აგრარულ საზოგადოებაში ქალები ნამდვილად საკვანძო როლს თამაშობდნენ.

"ჩათალჰოიუქში სურსათის მწარმოებელი საზოგადოება ცხოვრობდა და ამ ტერიტორიის შესწავლით გაირკვა, რომ ქალაქის სოციალური წყობა ქალზე ორიენტირებული იყო", — განაცხადა თურქეთის ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ევოლუციურმა გენეტიკოსმა მეჰმეთ სომელმა.

Loading the player...

დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ჩათალჰოიუქი დაახლოებით ძვ.წ. 7 100 წელს აშენდა და თითქმის ათასი წლის განმავლობაში მჭიდროდ იყო დასახლებული. ეს 32.5 ჰექტარზე გაშლილი ტერიტორია მისი უნიკალური სტილის სახლებითა და მდიდრული სიმბოლიკითაა ცნობილი. ამ ადგილას ასევე ბრწყინვალე ფრესკები და ძვირფასი ფიგურების მრავალფეროვანი კოლექციაა აღმოჩენილი.

პირველად, ეს ადგილი 1960-იანი წლების დასაწყისი არქეოლოგმა ჯეიმს მელარტმა გათხარა. მან აქ უამრავი ქალის ფიგურა აღმოაჩინა, რაც ქალღმერთების თაყვანისმცემელი, მატრიარქალური საზოგადოების არსებობის მტკიცებულებად მიიჩნია. სოფლის მეურნეობაზე გადასული საზოგადოებისთვის, მნიშვნელოვანი იქნებოდა ისეთი ღმერთისთვის თაყვანისცემა, რომელიც კარგ მოსავლიანობას უზრუნველყოფდა და მელარტის აზრით, ნაყოფიერების ქალღმერთი, ჩათალჰოიუქის მოსახლეებისთვის, ასეთად ითვლებოდა.

1990-იან წლებში, სტენფორდის უნივერსიტეტის არქეოლოგმა იან ჰოდერმა ხელახალი გათხრები დაიწყო და მისმა კვლევამ საპირისპირო შედეგი მოგვცა. ჰოდერი თვლიდა, რომ ჩათალჰოიუქის საზოგადოება ძირითადად თანასწორი იყო და კაცებსა და ქალებს შორის მნიშვნელოვანი სოციალური ან ეკონომიკური განსხვავებები არ შეინიშნებოდა.

ჰოდერის მოსაზრების მიუხედავად, ბევრ ექსპერტს ჯერ კიდევ ეჭვი ეპარებოდა და სჯეროდა, რომ ჩათალჰოიუქში ნამდვილად მატრიარქატული, ან მინიმუმ ქალზე ორიენტირებული საზოგადოება ცხოვრობდა. ქალაქის სოციალურ წყობაში უკეთ გასარკვევად, მეცნიერთა ჯგუფმა ხელახალი კვლევის ჩატარება დაიწყო და იატაკქვეშა სამარხებში აღმოჩენილი 131 ჩონჩხის დნმ შეისწავლა, რომლებიც ძვ.წ. 7 100-დან 5 800 წლამდე პერიოდით თარიღდება.

კვლევა საკმაოდ მრავლისმომცველი იყო და ბევრი საინტერესო შედეგი მოგვცა. აღსანიშნავია, რომ ოჯახის წევრები ყოველთვის ერთი და იგივე შენობაში იყვნენ დაკრძალულები, ხოლო შედარებით შორეული ნათესავები, ახლომდებარე სახლებში. მეცნიერების თქმით, ეს ფაქტი მოწმობს, რომ ჩათალჰოიუქის სოციალურ სტრუქტურაში, დიდ ოჯახებს უფრო მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ.

კვლევის კიდევ ერთი საინტერესო დაკვირვების მიხედვით, სახლის სამარხებში ნათესაური კავშირები ძირითადად დედის ხაზს ეფუძნებოდა.

"ეს უნიკალური ფენომენი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ და მასზე დაყრდნობით, შეგვიძლია იმის თქმა, რომ ნეოლითის ევროპაში გავრცელებული კაცზე ორიენტირებული სოციალური სტრუქტურა, არ ყოფილა უნივერსალური, ყოველ შემთხვევაში, ჩათალჰოიუქში ის ნამდვილად არ გავრცელებულა", — ამბობს სომელი.

ასევე, უძველესი დნმ-ის ანალიზმა ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვების ბიოლოგიური სქესის დადგენა შესაძლებელი გახადა, რაც მხოლოდ ჩონჩხების შესწავლით გამორიცხული იქნებოდა. აგრეთვე, შეისწავლეს სამარხებში ნაპოვნი არტეფაქტები და დადგინდა, რომ მათი უმეტესი ნაწილი, ცალსახად ქალებისა და გოგოებისთვის იყოს განკუთვნილი.

სომელის თქმით, ეს აღმოჩენა მოწმობს, რომ ქალებისა და გოგოების სამარხებისთვის გაცილებით მეტი "შესაწირი არტეფაქტი" იყო განკუთვნილი, რაც მისი აზრით ქალზე ორიენტირებული სოციალური წყობის დამადასტურებელი საბუთია.

ფოტო: Scott D. Haddow

გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის არქეოლოგმა, იენს ნატროფმა, ჩათალჰოიუქის საზოგადოების აღწერისას სიტყვა "მატრილინური" გამოიყენა, რაც დედის ხაზით გავრცელებულს გულისხმობს, მაგრამ ამ კვლევის ავტორები უფრო მეტად ტერმინ "ქალზე ორიენტირებულს" იყენებენ.

სომელის თქმით, ჩათალჰოიუქის საზოგადოება, შესაძლებელია, რომ მატრილინურიც ყოფილიო, მაგრამ ნაადრევი დასკვნების გაკეთებისგან თავი უნდა შევიკავოთ. ჯერ-ჯერობით, დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ ქალზე ორიენტირებული საზოგადოება ცხოვრობდა, მაგრამ რამდენად ეხებოდა ეს ოჯახურ სტრუქტურებს, მაგალითად გვარის დედის ხაზით გადაცემას, უკვე სამომავლო კვლევების შესწავლის საგანია.

ჩათალჰოიუქი, ნებისმიერ შემთხვევაში, მკვეთრად განსხვავდება ნეოლითური ევროპის სხვა დასახლებებეისგან. ეს ფაქტი აჩენს კითხვას, თუ როდის, ან რატომ მოხდა სოციალური სტრუქტურის ასეთი მკაფიო ცვლილება და საერთოდაც, რის მიხედვით განისაზღვრება გენდერის დომინაცია საზოგადოებაში?

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.