ბრიტანეთში მეცნიერთა ჯგუფი ახალ ტექნოლოგიას ავითარებს. მისი მიზანი ადამიანის პირველი სინთეზური ქრომოსომის შექმნაა. გენომების დაწერის უნარმა შეიძლება, ჩვენი წარმოდგენა ჯანმრთელობის შესახებ რადიკალურად შეცვალოს. ასევე ახალი შესაძლებლობები გაჩნდება, როგორიცაა უჯრედული თერაპიების განვითარება, კლიმატური ცვლილებების ამტანი მოსავლების შექმნა და სხვა.

მას შემდეგ, რაც 2003 წელს ადამიანის გენომის პროექტი დასრულდა, მეცნიერები აქტიურად იკვლევენ მისი "დაწერის" შესაძლებლობას. ახლა კი ტექნოლოგია უკვე ვითარდება, რომელიც ამ იდეის განხორციელებას შესაძლებელს გახდის.

ბრიტანული ფონდი Wellcome ახალ, ადამიანის სინთეზური გენომის პროექტს (SynHG), 10 მილიონი გირვანქა სტერლინგით აფინანსებს. ამ გრანტით შეძლებენ, ის ძირითადი ინსტრუმენტები, ტექნოლოგიები და მეთოდები შექმნან, რომლებიც მათ მიზნის მიღწევაში დაეხმარება. ეს, სავარაუდოდ, ათწლეულებს მოითხოვს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დიდი გამოწვევაა, მისი პოტენციური სარგებელი შთამბეჭდავია. ადამიანის ხელოვნურად შექმნილი გენომი ჯანმრთელობასა და დაავადებებზე ჩვენს წარმოდგენას მთლიანად შეცვლის. ეს ტექნოლოგია მომავალში შეიძლება, ისეთი სამკურნალო მეთოდების საფუძველი გახდეს, როგორიცაა ადამიანზე მორგებული უჯრედული თერაპიები და ვირუსგამძლე ქსოვილების გადანერგვა. ასევე, მისი დახმარებით შეიძლება, ბუნებრივი მრავალფეროვნებისა და სურსათის უსაფრთხოების დაცვა.

გენომის შეცვლისგან განსხვავებით, მისი სინთეზი საშუალებას იძლევა, უფრო მასშტაბური ცვლილებები განახორციელონ. ის ასევე გამოდგება, რომ დნმ-ისა და ადამიანის თვისებებს შორის კავშირები უკეთ გავიგოთ.

"ჩვენი დნმ განსაზღვრავს, ვინ ვართ და როგორ ფუნქციონირებს ჩვენი სხეული", — ამბობს მაიკლ დანი, Wellcome-ის კვლევის დირექტორი — "თანამედროვე ტექნოლოგიების ფონზე SynHG პროექტი მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი სფეროს წინა ხაზზეა. ჩვენ ისეთ შეკითხვებს გავცემთ პასუხს, რომლითაც სიცოცხლისა და კეთილდღეობის გაგებას გარდავქმნით".

ფოტო: Genetic Engineering

მომდევნო 5–10 წელიწადში SynHG-ის მიზანი ადამიანის სრული სინთეზური ქრომოსომის შექმნაა. ეს ამბიციური ამოცანა არაერთი ცალკეული სამეცნიერო პრობლემის გადაჭრას მოითხოვს. ის იმ პროექტს ჰგავს, რომელსაც თავდაპირველად ახორციელებდნენ და უამრავი წელი დასჭირდა. მიუხედავად ამისა, როგორც კი იდეა დამტკიცდება, ტექნოლოგია შეიძლება, სწრაფად განვითარდეს.

პროექტს პროფესორი ჯეისონ ჩინი ხელმძღვანელობს. ის მკვლევართა გუნდებთან კემბრიჯიდან, კენტიდან, მანჩესტერიდან და ოქსფორდიდან თანამშრომლობს.

"დიდი გენომების, მათ შორის, ადამიანის უჯრედებისთვის განკუთვნილის, სინთეზის შესაძლებლობამ შეიძლება, ჩვენი წარმოდგენა გენომური ბიოლოგიის შესახებ მთლიანად შეცვალოს. ეს ასევე ბიოტექნოლოგიისა და მედიცინის მომავალზე იმოქმედებს", — ამბობს პროფესორი ჩინი —"SynHG-ის მეშვეობით ჩვენ ინსტრუმენტებს ვქმნით, რომლებიც გენომის მასშტაბური სინთეზის შესაძლებლობას მოგვცემს. ამასთან ერთად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმ სოციალურ, ეთიკურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე, რომლებიც ამ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შეიძლება, წარმოიშვას. იმედი გვაქვს, რომ Wellcome-ის მხარდაჭერა ამ მიდგომისთვის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სარგებელს მოიტანს".

სინთეზური გენომის შექმნა ტექნიკურადაც და ეთიკურადაც რთულია. იმისთვის, რომ ახალი ინსტრუმენტები რეალურად საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურებოდეს, SynHG პროექტი პარალელურად სოციალურ მეცნიერებებზე დაფუძნებულ პროგრამას ატარებს. მას პროფესორი ძოი ჭანგი ხელმძღვანელობს.

"ჩვენ ვცდილობთ, გლობალურ ეპოქაში პასუხისმგებლობიანი და ინოვაციური სამეცნიერო პრაქტიკისთვის ახალი სტანდარტები ჩამოვაყალიბოთ", — ამბობს მეცნიერი — "ეს სტანდარტი ტექნიკური შესაძლებლობებისა და მრავალფეროვანი ეთიკური პერსპექტივების პასუხისმგებლობით შერწყმას გულისხმობს".

პროგრამა შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს:

  • საზოგადოების განსხვავებული პრიორიტეტები და დამოკიდებულება გენომის მასშტაბური სინთეზის მიმართ მსოფლიოში;
  • როგორ ჩავრთოთ სხვადასხვა ხედვები ცოდნის შექმნაში;
  • როგორ გავუზიაროთ ახალი ცოდნა სამართლიანად და პასუხისმგებლობიანად;
  • როგორი პოლიტიკა უნდა არსებობდეს, რათა სურვილის შემთხვევაში კვლევა ეფექტიანად და პატივისცემით გამოიყენონ სხვადასხვა რეგიონებსა და თემებში.

დღევანდელი გენომური კვლევები ხშირად ევროპული წარმომავლობის მონაცემებზეა ორიენტირებული. იმისათვის, რომ ეს მეცნიერება ყველასთვის იყოს სასარგებლო, აუცილებელია, განსხვავებული მოსახლეობების საჭიროებებისა და პერსპექტივების გათვალისწინება.

ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად გუნდი აქტიურად ითანამშრომლებს სხვადასხვა სექტორებისა და მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებთან. მათი მიზანია, სამეცნიერო შესაძლებლობა რეალურ საზოგადოებრივ სარგებლად გარდაქმნან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.