ამჟამად დედამიწაზე ერთ წელიწადში 365 დღეა, რაც დიდი ხანია, ასეა. შესაბამისად, ბევრი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ეს ყოველთვის ასე იყო. რეალურად, ჩვენი პლანეტის დინამიკამ დღემდე მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა.

წელიწადი — ეს არის დრო, რომელიც დედამიწას (ან სხვა ნებისმიერ პლანეტას) მზის გარშემო ერთხელ შემოსავლელად სჭირდება. საინტერესოა, რომ წარსულში ის ამას 420 დღეში ახერხებდა, დინოზავრების ხანის დასასრულს კი წელიწადში 372 დღე იყო. უფრო ადრე ახლად ფორმირებული დედამიწა იმდენად სწრაფად ბრუნვადა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი სულ მცირე 500 დღეს მაინც შეადგენდა. შემდეგ ამ რაოდენობამ ნელ-ნელა იკლო: ჯერ 450-მდე ჩამოვიდა, შემდეგ 400-მდე შემცირდა და ა.შ.

ეს არა დედამიწის ორბიტის, არამედ მისი ბრუნვის ცვლილების შედეგია.

დედამიწისა და მთვარის ურთიერთქმედება

მზის სისტემის თითოეული პლანეტა სხვადასხვა ტემპით ბრუნავს. მაგალითად, იუპიტერი ერთ სრულ ბრუნს 9.9 საათს ანდომებს, ვენერა კი — 243 დღეს (იხილეთ: რატომაა პლანეტა ვენერაზე დღე წელიწადზე გრძელი? — კვლევა). მათი სიჩქარეები იმ პროტოპლანეტური ღრუბლის იმპულსის მომენტითაა განსაზღვრული, რომელშიც ეს ციური სხეულები წარმოიქმნა.

მნიშვნელოვანია, რომ სიჩქარეები უმეტესად იგივე დარჩა, რასაც დედამიწაზე ვერ ვიტყვით. მის შემთხვევაში მოძრაობა შენელდა და ეს მთვარეს უკავშირდება. ის ყველაზე გიგანტური ბუნებრივი თანამგზავრი სულაც არაა, მაგრამ პლანეტასთან მიმართებით მისი ზომა საკმაოდ დიდია. ეს მის გრავიტაციულ გავლენას განაპირობებს, რომლის გამოც ჩვენი ციური სხეულის მოძრაობა შენელდა.

მთვარე დედამიწას შორდება, რის შედეგადაც ბუნებრივი თანამგზავრის იმპულსის მომენტი (მასა x სიჩქარე x მანძილი) იზრდება. ეს სწორედ პლანეტის ბრუნვის შენელების ხარჯზე ხდება. ჩვენ შორის დისტანცია მთვარის მიზიდულობის გამო იმატებს, რაც ოკეანეების მიქცევა-მოქცევის გარდა დედამიწის კლდოვანი მასის განაწილებაზეც აისახება. საქმე ისაა, რომ ეკვატორის მიმდებარედ ის "გაბერილია" და ჩვენს საერთო ღერძთან ოდნავ აცდენილია. შედეგად, მთვარე მისკენ ძალის მომენტს მიმართავს, დედამიწის ბრუნვას ანელებს და თავად უფრო და უფრო უკან იხევს.

დაკარგული დღეები

დედამიწა და მთვარე გვერდიგვერდ დიდი ხანია, არსებობს. ამ პერიოდში დღეების ცვლილების გამოთვლა კი არც ისეთი მარტივია. ამის მიუხედავად, ერთი კვლევით დადგინდა, რომ 1.4 მილიარდი წლის წინ ერთი დღე 18 საათს გრძელდებოდა, ანუ წელიწადში 490 დღე იყო. სხვა ნაშრომში მეცნიერებმა მზის გავლენაც გაითვალისწინეს და შედეგად 460 დღე მიიღეს.

ამის გამოთვლაში მარჯნის რიფებიც გვეხმარება, რომელთა სეზონური ზრდა სხვადასხვა შეფერილობის შრეებს ტოვებს, ხეების რგოლების მსგავსად. ეს საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, რა არის მათი ასაკი. ზოგი რიფი მიქცევა-მოქცევის შესახებ ინფორმაციასაც ინახავს,

1963 წელს კორნელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ ველსმა შუა დევონური პერიოდის რიფების ანალიზი გამოაქვეყნა. მის თანახმად, 280 მილიონი წლის წინ წელიწადში 400 დღე იყო (± ერთი კვირა). ამ კვლევაზე დაყრდნობით შემდეგ სხვებმა დაასკვნეს, რომ 444.419 მილიონი წლის წინ ეს მაჩვენებელი 400-420 დღეს შეადგენდა. ამის მიხედვით, სილურულ ეპოქამდე დღეები უფრო გრძელი უნდა ყოფილიყო. ზუსტად გამოთვლა შეუძლებელია, ამიტომ სწორედ აქ შემოვიდა 420-დღიანი მაჩვენებელი, რომელიც ყველაზე მაქსიმალურია.

2000-იან წლებში იმავე მეთოდით, მაგრამ დამატებითი ტექნიკებით, უფრო ძველი რიფი შეისწავლეს. გაირკვა, რომ 620 მილიონი წლის წინ 400-დღიანი წელიწადი იყო, რაც ველსის გამოთვლებს ეწინააღმდეგება. ამ მიდგომით, 2 450 მილიონი წლის წინ 466-514-დღიან წელიწადს ვიღებთ.

ასეა თუ ისე, დედამიწის ბრუნვა იცვლებოდა და ისტორიის რომელიმე კონკრეტულ პერიოდში 420-დღიანი წელი ნამდვილად არსებობდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.