აშშ-ის კოსმოსური სააგენტო (NASA) მსოფლიოს მასშტაბით დიდი რეპუტაციით სარგებლობს. მისი მისიები ძირითადად მზის სისტემის შესწავლას ეხება. მიუხედავად ამისა, მას საკმაოდ უჩვეულო კვლევებიც ჩაუტარებია.

პიტერ უიტი

ფოტო: Getty Images

1948 წელს შვეიცარიელმა ფარმაკოლოგმა პიტერ უიტმა გადაწყვიტა, ობობებზე ნარკოტიკების გავლენა გამოეკვლია. მეცნიერმა ისინი სპეციალურად განათებულ და შესაბამისი ტემპერატურის გარემოში განათავსა. შემდეგ ართროპოდებს ამფეტამინი, მესკალინი, კოფეინი, LSD და ნახშირჟანგი მიაღებინა. უიტს სურდა, გაეგო, ობობების ქსოვის უნარზე პრეპარატები როგორ აისახებოდა.

"ობობები ქსოვას ინსტინქტურად სწავლობენ. ქსელის გასაბმელად, მათ ძაფი ჰაერში უნდა გაჭიმონ. შემდეგ ცენტრისკენ მიდიან და კიდევ მეტ აბრეშუმს ამატებენ. ქსელი Y-ს ფორმას იღებს. ამის შემდეგ მთელი სტრუქტურის აგებას იწყებენ", — განმარტავს დოქტორი ბეთ მორტიმერი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან — "სპირალურ ქსელში მტაცებელი უნდა გაებას. შესაბამისად, ეს სტრუქტურა გამართული უნდა იყოს".

როგორც მოსალოდნელი იყო, LSD-ს მაღალი დოზები ქსოვის პროცესს საკმაოდ ართულებდა. ზოგმა ობობამ საქმე საერთოდ მიატოვა, თუმცა მათ, რომლებსაც მცირე დოზა ჰქონდათ მიღებული, საკმაოდ რთული და სამგანზომილებიანი სტრუქტურა შექმნეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქსელები ვიზუალურად ლამაზი და "ფსიქოდელიური" იყო, ისინი მტაცებლის დასაჭერად პრაქტიკულად გამოუსადეგარი აღმოჩნდა.

მესკალინი, რომელსაც ბუნებრივ ნარკოტიკს უწოდებენ, კაქტუსების გარკვეულ სახეობებში გვხვდება. მისი ზემოქმედებით ობობებმა ოდნავ უფრო დიდი ქსელები შექმნეს.

1995 წელს NASA-ს მარშალის კოსმოსური ფრენის ცენტრის მეცნიერებმა ექსპერიმენტი ისევ გაიმეორეს. ამჯერად მათ მარიხუანა, ამფეტამინი, კოფეინი და დამამშვიდებელი ქლორალჰიდრატი გამოიყენეს. შემდეგ ქსელების ანალიზიც ჩაატარეს.

პირველ ფოტოზე "ფხიზელი" ობობას ქსელია; შემდეგ მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მყოფის; მესამე ფოტოზე ბენზედრინის; მეოთხე ფოტოზე კოფეინის გავლენით შექმნილ სტრუქტურას ვხედავთ; ბოლოს კი — ქლორალჰიდრატის.

ფოტო: Wayback Machine

ამ ყველაფერს სერიოზული მიზანი ჰქონდა. მკვლევრებს სურდათ, ნივთიერებების ტოქსიკურობა ისეთი ცხოველების ჩარევის გარეშე დაედგინათ, რომლებიც უფრო განვითარებულად ითვლებიან. მათ იგივე შედეგები მიიღეს, რაც უიტმა — კოფეინის ზემოქმედებით ობობები არეულ ქსელებს აკეთებდნენ.

"ქსელის ცვლილებები ნივთიერების ტოქსიკურობის დონეს ასახავს. რაც უფრო სახიფათოა ნივთიერება, ქსელი სტანდარტულთან შედარებით მეტად უფორმო ჩანს", — წერენ მკვლევრები თავიანთ ნაშრომში — "იმის გამო, რომ ობობას ქსელის ფორმა გარკვეულწილად კრისტალურ სტრუქტურას წააგავს, ჩვენ სტატისტიკური კრისტალოგრაფიის მეთოდები გამოვიყენეთ. ასე ტოქსიკურობის ობიექტური მაჩვენებლები დავადგინეთ. ციფრულად დამუშავებული სურათებით ქსელის სტრუქტურული ერთეულების რაოდენობა, ფართობი, პერიმეტრი და ფორმა შევისწავლეთ. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო ტოქსიკურია ნივთიერება, ობობა დაუმთავრებელს მით მეტ კიდეს ტოვებს".

მეცნიერებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა ის ფაქტი, რომ კოფეინი განსაკუთრებით ტოქსიკურია მწერებისთვის. ჩვენზე კი სხვა ნარკოტიკები უფრო ძლიერად ზემოქმედებს.

"კოფეინი ბევრი ჩვენგანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად ამისა, მას შეიძლება, უფრო ძლიერი გავლენა ჰქონდეს ნერვულ სისტემაზე, ვიდრე გვგონია", — ნათქვამია Atlantic International University-ის მიმოხილვაში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.