ცოტა ხნის წინ ყავისფერ დათვს, სახელად ტუნდრას, მეტალის გიგანტური კბილი ჩაუსვეს. მისი ვეტერინარული გვირგვინი მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომისაა.

ტუნდრა

ფოტო: Lake Superior Zoo

დათვი ამერიკაში, ზემო ტბის ზოოპარკში ცხოვრობს. ტუნდრამ კბილი 2023 წელს მოიტეხა, რის შემდეგაც მას ფესვის არხის მკურნალობა ჩაუტარდა. მიუხედავად იმისა, რომ პროცედურა წარმატებით დასრულდა, ცხოველმა დაზიანება ხელახლა მიიღო. იმისთვის, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორებულიყო, მას მეტალის გვირგვინი გაუკეთეს.

სტომატოლოგიური გვირგვინი დასუსტებულ კბილზე თავსდება, რათა ის დაიცვას. მსგავსი პროცედურა არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ ძაღლებზე, კატებსა და დათვებზეც კი ტარდება.

ცხოველის სტომატოლოგი გრეის ბრაუნი იყო, რომელსაც ზოოპარკის თანამშრომლები და Creature Crowns-ის ლაბორატორია ეხმარებოდა. ტუნდრა პირველ დათვად მიიჩნევა, რომელმაც მეტალის გვირგვინი მიიღო. ცხადია, ასეთი მკურნალობა ფინანსებთანაა დაკავშირებული. საბედნიეროდ, ხარჯები ქველმოქმედებით სრულად დაიფარა.

ეს ამბავი ნამდვილად გამორჩეულია, თუმცა იყო შემთხვევა, როდესაც ვეფხვს ფესვის არხის მკურნალობა ჩაუტარდა. სტომატოლოგი პიტერ კერტეზი ამბობს, რომ მას ბევრი სახეობის ცხოველთან უმუშავია. მათ შორის, დიდ კატებთან, სპილოებთან, ზღვის ძუძუმწოვრებთან, სელაპებთან, მარტორქებთან, დელფინებთან, გორილებთან, ზარმაცებთან და დათვებთან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.