აღმოჩენილია ახალი ეგზოპლანეტა, რომელზეც 1 წელი 102 დღე გრძელდება
ფოტო: Robert Lea
NASA-ს კოსმოსურ ტელესკოპ TESS-ის მეშვეობით მოყვარულმა ასტრონომებმა ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელსაც TOI-4465 b ეწოდება. ის ჩვენგან დაახლოებით 400 სინათლის წლითაა დაშორებული.
ამ ციური სხეულის მასა იუპიტერისას 6-ჯერ აღემატება და მზის სისტემის გიგანტურ პლანეტაზე 1.25-ჯერ განიერია. ის საკუთარი ვარსკვლავის გარშემო იმ დისტანციაზე მოძრაობს, რომელიც დედამიწასა და მზეს შორის მანძილს 0.4-ჯერ აჭარბებს. მისი ორბიტა ელიფსურია, ანუ ოდნავ წაგრძელებულია. TOI-4465 b-ზე თითო წელი 102 დედამიწურ დღეში გადის, ანუ მნათობის გარშემო შემოვლას სწორედ ამ დროს ანდომებს. ეგზოპლანეტაზე ტემპერატურა 93-204 გრადუსი ცელსიუსი უნდა იყოს.
ეს დიდი, მასიური, მკვრივი და გრილი ეგზოპლანეტის იშვიათი მაგალითია. ასეთი ობიექტები მეცნიერებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ისინი ორი ტიპის ციურ სხეულებს შორის ერთგვარ ხიდს ქმნის: ერთი ე.წ. ცხელი იუპიტერია — ვარსკვლავთან ახლომდებარე ცხელი ეგზოპლანეტა, რომელზეც წელიწადი რამდენიმე საათში გადის; მეორე ისეთი ყინულის გიგანტებია, როგორიც ნეპტუნი და ურანია.
მეცნიერები ამბობენ, რომ უკანასკნელი მიგნება ისეთი ეგზოპლანეტების შესწავლის საშუალებას გვაძლევს, რომელთა ორბიტული პერიოდიც 100 დღეს აღემატება (ეს ხანგრძლივ პერიოდად მიიჩნევა). როგორც წესი, ასეთი ობიექტების დაფიქსირება და მათი არსებობის დადასტურება ძნელია, რადგან მათზე დაკვირვების შესაძლებლობები შეზღუდულია. ამის გამო ჩვენს ხელთ არსებულ ეგზოპლანეტათა კატალოგში მსგავსი ციური სხეულები მწირია.
ასეთ ეგზოპლანეტებზე მეტის გასაგებად ასტრონომები აპირებენ, რომ TOI-4465 b ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობითაც გამოიკვლიონ. რაც შეეხება TESS-ს, მან იგი ტრანზიტის მეთოდით დააფიქსირა, ანუ ჩვენი პერსპექტივიდან ვარსკვლავის ფონზე მისი ჩავლით გამოწვეული სინათლის ცვლილებები შენიშნა.
რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი ტრანზიტი საკმარისი არ იყო, რომ TOI-4465 b-ის არსებობა დაედასტურებინათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ჩავლა დაახლოებით 12 საათს გრძელდება, მაგრამ სრულ პროცესზე დაკვირვება ძალიან ძნელია (ამინდისა და სხვა ფაქტორების გამო). ამ დაბრკოლების გადასალახად 10 სხვადასხვა ქვეყნის 24 მოყვარული ასტრონომი გაერთიანდა და თითოეულმა საკუთარი ტელესკოპი მოიმარჯვა.
საერთო მონაცემებით, ობსერვატორიების ინფორმაციასთან შეჯერებით, ეგზოპლანეტის არსებობის მტკიცებულება მოიპოვეს. ამის შესახებ ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.

კომენტარები