"ჩაკრულოს" გარდა კიდევ რა არის ჩაწერილი კოსმოსში გაშვებულ ოქროს ფირფიტაზე?

ფოტო: NASA
1977 წელს NASA-მ კოსმოსში ორი ზონდი გაუშვა: Voyager 1 და Voyager 2, რომლებში არსებულ იდენტურ გრამფირფიტებზეც, სხვა ჩანაწერებთან ერთად, "ჩაკრულოც" ინახება. ისინი ამჟამად მზის სისტემის პლანეტებსაა გაცდენილი და იმაზე შორს გადაადგილდება, ვიდრე ნებისმიერი ხომალდი. ამ მისიების ფარგლებში აუდიო და ვიზუალური მასალის გაგზავნის მიზანი პოტენციურად არსებული არამიწიერი ცივილიზაციისთვის ჩვენ შესახებ ინფორმაციის გადაცემაა — ვინ იცის, იქნებ ოდესმე მათ ეს ზონდები აღმოაჩინონ?!
კოსმოსში "ჩაკრულოს" გაშვების შესახებ, ალბათ, ყველა ქართველმა იცის, მაგრამ, დაფიქრებულხართ, კიდევ რა არის ჩაწერილი ოქროს ფირფიტაზე?
მნიშვნელოვანი ფუნქციის გამო მონაცემები ფრთხილად და დაფიქრებით განისაზღვრა. პირველ რიგში, თუკი ის უცხო ცივილიზაციას მართლაც ჩაუვარდება ხელში (ან, თუნდაც, ხელისმაგვარ საცეცში), როგორ უნდა მიხვდნენ დედამიწის მდებარეობას? ამაზე მისანიშნებლად ფირფიტის ზედაპირზე პულსარების, ანუ სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავების, რუკაა ამოტვიფრული. ის მიუთითებს, კოსმოსის რა ნაწილიდან აიღო გეზი ზონდმა. ასევე, უცხოპლანეტელებისთვის ფონოგრაფის აწყობის ინსტრუქციაც გამზადებულია, რათა ფირფიტის მოსმენა შეძლონ.
"ეს საჩუქარია პატარა და შორეული პლანეტიდან: ჩვენი ხმების, მეცნიერების, სურათების, მუსიკის, ფიქრებისა და გრძნობების სიმბოლო. ვცდილობთ, ჩვენს დროში გადავრჩეთ, რათა თქვენს დრომდე მოვაღწიოთ", — წერია აშშ-ის 39-ე პრეზიდენტ ჯიმი კარტერის შეტყობინებაში.
ფირფიტაზე ის ყველაფერია, რაც უცხო ცივილიზაციას დედამიწის მაცხოვრებლებზე წარმოდგენას შეუქმნის. თუ მას მოუსმენენ, გაიგებენ, როგორია ცხოველთა ხმები ან ადამიანის მიერ შექმნილი მელოდიები. ასევე, იქ 116 სურათია თავმოყრილი, რომლებიც ასტრონომ კარლ სეიგანის ხელმძღვანელობით სპეციალურმა კომიტეტმა შეარჩია. მათი ნაწილი სამეცნიერო მნიშვნელობისაა (დნმ-ისა და მზის სისტემის დიაგრამები), ნაწილი კი კულტურებს, ფლორასა თუ ფაუნას ასახავს.
რაც შეეხება აუდიოჩანაწერებს, მათ შორის არის: ადამიანის ფეხის ნაბიჯების, გულისცემის, თავად კარლ სეიგანის სიცილის, მატარებლის, მანქანის, ჭრიჭინას, ბაყაყის, კოცნისა თუ ეტლში შებმული ცხენის გადაადგილების ხმები. ასევე, იქ ვხვდებით სეიგანის ცოლის, ენ დრუიანის, ტვინის იმპულსებს, რომლებიც აუდიოდა ქცეული. იგი პროექტზე თავადაც მუშაობდა და ტვინის აქტიურობის ჩაწერისას სწორედ საყვარელ ადამიანზე ფიქრობდა.
უცხოპლანეტელები ძაღლის ყეფისა და სხვა ცხოველების ხმების მოსმენასაც შეძლებენ (სპილო, ჩიტები, აფთარი):
ფირფიტაზე სხვადასხვა მუსიკალური კომპოზიციაა ჩაწერილი, მათ შორის: აბორიგენების სიმღერები, მექსიკური მარიაჩი, ბახის ბრანდენბურგის კონცერტები, ვილი ჯონსონის სიმღერა "Dark Was the Night, Cold Was the Ground" და სხვა. ფირფიტაზე საერთო ჯამში ამა თუ იმ კულტურის მუსიკის 90-წუთიანი ჩანაწერია.
აღსანიშნავია მისალმებებიც, რომლებიც 55 ენაზეა. კომიტეტი მეტი ენის შეტანას გეგმავდა, მაგრამ პოლიტიკური ფაქტორების გამო ეს ვერ მოხერხდა. სამწუხაროდ, ამ სიაშია ქართულიც არაა.
სათქმელი ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავებულია. ზოგი ლაკონიური და პირდაპირია, მაგალითად ფრანგული "Bonjour tout le monde", ანუ "გამარჯობა ყველას"; შვედური მისალმება უფრო გრძელია: "Hälsningar från en dataprogrammerare i den lilla universitetsstaden Ithaca på planeten Jorden" ("სალამი კომპიუტერული პროგრამისტისგან დედამიწის პატარა საუნივერსიტეტო ქალაქ იტაკადან").
მანდარინზე (ჩინური ენა) ნათქვამია: "各位都好吧?我们都很想念你们,有空请到这儿来玩。; 各位都好吧?我們都很想念你們,有空請到這兒來玩" ("როგორ ხართ? თქვენთან შეხვედრა ჩვენ ყველას გვსურს. თუ გცალიათ, მოდით და გვინახულეთ"); ინგლისურად სეიგანის შვილი, ნიკ სეიკანი, ამბობს: "Hello from the children of planet Earth" ("სალამი დედამიწის ბავშვებისგან"); არაბული მისალმება კი საკმაოდ ხატოვანია: "حياتنا للأصدقاء في النجوم. يا ليت يجمعنا الزمان" (სალამს გიძღვნით მეგობრებო ვარსკვლავთა შორის. იმედი გვაქვს, რომ დრო შეგვახვედრებს").
აღსანიშნავია, რომ Voyager 1 ორ წელში ერთი სინათლის დღით დაგვშორდება. ეს უმნიშვნელოვანესი მომენტი იქნება, რადგან ასეთ დისტანციაზე ჯერ არცერთ აპარატს გაუღწევია.
კომენტარები