რობი ზარიძე

1 May. 2024, 11:27

უჩვეულო ამბავი გადამხდა დღევანდელ აქციაზე და უნდა მოვყვე.

ცოტა ეჭვი მეპარებოდა, სრულიად უმიზეზოდ ხალხი რატომ უნდა დააკავონ და სცემონ –მეთქი, ვფიქრობდი, მაგრამ...

წამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს. არაფერს ვაკეთებდი. კედელს ვიყავი აყუდებული და ცალ ფეხს ვასვენებდი. 

– რა რის გამო გცემთ ბიჭო, გკლავდნენ და გადაგარჩინეთ, — მეუბნება პოლიციელი (ან მეთაური), რომელმაც სპეცრაზმელებს უთხრა, კაი ეყოფაო და თვითონაც მომაყოლა ერთი ორი წიხლი.

წამართვეს ჩანთა, გადამიგრიხეს ხელები და წამათრიეს "ფურგონში". უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული ადამიანები და აყურყუტებდნენ იქ. ყველა ნაცემი იყო. სრული კოშმარი ხდებოდა.

ყველაფერი ვცადე, ყველა შესაძლო კითხვა დავუსვი, რაც შეიძლებოდა იმ მომენტში გამჩენოდა და ერთადერთმა რამემ გაჭრა. მანამდეც ბევრჯერ ვახსენე, ჟურნალისტი ვარ მეთქი მაგრამ არ მიუქცევიათ ყურადღება. რომ ვუთხარი, პრესის ბარათს გაჩვენებთ მეთქი. 
იმან იმას გადაულაპარაკა, მერე "ის" მოვიდა, შემოიხედა.
ცოტათი დაფაცურდნენ, ეგ გადმოიყვანეთო, ვიღაცამ შემოსძახა.

დატრიალდნენ, მიდგნენ–მოდგენენ და გადაწყვიტეს პატრულისთვის ჩავებარებინე. ორმა ფორმიანმა ჩამომიყვანა ფურგონიდან და დამატარებდნენ ამ პარლამენტთან, წინ – უკან. წინ – უკან.

– ე, ბიჭო, უთხარი იმათ, რა ვუყოთ ამას.

– პატრულს ჩააბარეთ, რა უნდა უყოთ.
– არაა პატრული (მთლიანად პოლიციის და სპეცრაზმის კონტროლირებად ტერიტორიაზე ვართ. არც სასწრაფო დახმარებაა, არც პატრული)

კიდევ ბევრი ახალგაზრდა ბიჭი იდგა, ალბათ რეზერვში, დადიოდნენ პერიმეტრზე, "ბირჟაობდნენ". ვისაც კი მივწვდი, ყველას ველაპარაკე. დაბნეული სახეები ჰქონდათ. ვერ გაეგოთ, რატომ დამატარებდა ეს ორი კაცი წინ და უკან. ალბათ იმათაც ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა საერთოდ და რატომ უბრძანებდნენ ბატონები ჯალათობას.

– ე ბიჭო, მალე ქენით რა, სად წავიყვანოთ ეს?

ბოლოს მოდის პოლიციის ფორმაში ჩაცმული სუსტი გაბღენძილი კაცი. ირონიული ღიმილით.

– გაგიმართლა, ახლა წაიყვანეთ აქედან და გაუშვით.

ქაშვეთის ჩასახვევთან მიმიყვანეს და, რა თქმა უნდა, ვერაფერს გავხდი. ტელეფონი დამიბრუნეს. ეკრანი ჩამტვრეული აღმოჩნდა. პირიდან სისხლი გამდიოდა, ფეხებსაც ძლივს მივათრევდი. ქაშვეთს ჩავუარე და სასწრაფოს მანქანასთან გავჩერდი.

აი ის, კორდონებს მიღმა ტერიტორია, სადაც დაახლოებით ნახევარი საათი გავატარე – დღევანდელი საქართველოს სიმბოლო იყო ჩემთვის. სადაც არც სიტყვა ჭრის, არც კანონი. იქ მხოლოდ ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული კაცუნების უსასრულო იერარქიაა და ყველა ყველაფერს იკადრებს თავისი ბატონისთვის.
მე არ მინდა ასეთ საქართველოში ცხოვრება და მე – მარტო არ ვარ.

ვერ დაგვაჯერებთ რომ თეთრი შავია და შავი თეთრი და ვერც იმას, რომ ქვეყანას რუსეთისთვის ჩასაბარებლად არ იმეტებთ.

ხანდახან მართლა ვფიქრობ, რომ აზრი არ აქვს და ვინც სულ ასე ფიქრობთ, გაგახარებთ და გეტყვით, რომ ასე გაყოლით, აზრი არაფერს აქვს.

ბიძინას იმპერიაც დაინგრევა, პუტინისაც, ამათი საყვარელი "გლობალური ომის პარტიაც" ჩამოიშლება და "ოზიმანიდას" პედესტალიღა თუ დარჩება მარტო. სადმე, გაშლილ უდაბნოში, მაგრამ, მოდი, დღეს რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ და როგორ ქვეყანაშიც გვინდა ცხოვრება, ისეთი საქართველოსთვის ვიბრძოლოთ.

სულ ცოტათი მაინც, რაღაც ვქნათ. ჩვენი აზრის გამოხატვით მაინც.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ორბანი აცხადებს, რომ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და გარანტიას იძლევა, რომ ჰააგის გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
  2. ზარქუა: "ლუსულ" ნომრიანი მანქანით ისეირნა ზარქუამო — ნათესავისაა
  3. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  4. ფილარმონიის მიმდებარედ საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ
  5. ჯოზეფ ბორელი განმარტავს, რა იქნება საქართველოში "ტექნიკური მისიის" ამოცანა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

PHR-მა ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელებისთვის კომპენსაციის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისთვის (PHR), ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელებისთვის კომპენსაციის…