რა მოქმედებს თქვენს პოლიტიკურ არჩევანზე: ერთი შეხედვით, ალბათ, გგონიათ, რომ თქვენი გადაწყვეტილება, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცეთ ხმა, დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე და მასზე ზეგავლენის მოხდენა არაფერს შეუძლია. სამწუხაროდ, ეს უდიდესი ტყუილია.

თქვენს პოლიტიკურ არჩევანზე უამრავი ცვლადი ახდენს ზეგავლენას. იმის მიუხედავად, რომ საქართველოში, ამ მიმართულებით, კვლევები დიდად ბევრი არ არის, სამაგიეროდ, დასავლეთის ლიტერატურა სავსეა ელექტორალური ქცევის შესწავლილი მეცნიერული დასკვნებით.

აღმოჩნდა, რომ რიგ ქვეყნებში, პოლიტიკურ არჩევანს განსაზღვრავს:

  • განათლების დონე,
  • გენდერი,
  • ეთნიკური წარმომავლობა,
  • რელიგიური აღმსარებლობა,
  • ოჯახი და პარტიული იდენტიფიკაცია.

კვლევები, ასევე, ამბობს, რომ თუ თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაუარესდა, ალბათობა იმისა, რომ ისევ მთავრობას დაუჭერთ მხარს, ძალიან, ძალიან დაბალია.

თუმცა, ამის გარდა არსებობს სხვა რიგი ფაქტორები, რომლებიც მოკლე დროში ახდენს ზეგავლენას პოლიტიკურ არჩევანზე. ასეთი ფაქტორებია — ომი, პანდემია, ტერორიზმი და ა.შ.

არსებობს სეკურიტიზაციის სტრატეგიის (Securitization strategies) თეორია — რას გულისხმობს: მაგალითად, კვლევები ამბობს, რომ ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, მთავრობის პოპულარობა იზრდება.

ამის კარგი მაგალითია ამერიკაში 9/11 და რუსეთში 1999 წლის ორი ტერორისტული აქტი.

ფოტო: აშშ, 2001 წელი

ფოტო: რუსეთი, 1999 წელი

  • აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამერიკის შემთხვევაში ნამდვილად ტერორისტული აქტი იყო, ხოლო, რუსეთში, როგორც უკვე დღეს ვარაუდობენ, აფეთქებები დაგეგმილი და ორკესტრირებული იყო ეფესბეს მიერ და არანაირი როლი ამაში ჩეჩენ სეპარატისტებს არ ჰქონიათ.

თუმცა,

რა მოხდა რუსეთში ამ აფეთქებების შემდეგ? მაშინდელ პრემიერ მინისტრს, ვლადიმერ პუტინს მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ გაეღვივებინა ნაციონალისტური სენტიმენტები და საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოეპოვებინა.

  • 1999 წლის აფეთქებები პუტინის გაპრეზიდენტების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიიჩნევა.

მოკლედ, ფორმულა მარტივია: საფრთხე + მხსნელი = საზოგადოებრივ მხარდაჭერას. განვმარტოთ — თუ არსებობს საფრთხე და ამ საფრთხისგან გადამრჩენელის, მხსნელის პოზიციონირებას მოვახდენთ, ვიღებთ საზოგადოების მხარდაჭერას.

სეკურიტიზაციის თეორია უმნიშვნელოვანესი თეორიაა, რომელიც კოპენჰაგენის სკოლიდან აღმოცენდა.

როგორც თეორია ამბობს,

▪️ საზოგადოებას რომ შეეშინდეს და გავლენა მოახდინოს მათ ქმედებებზე, საერთოდ არ არის საჭირო, საფრთხე რეალურად არსებობდეს, ან ობიექტურად დასაბუთებული იყოს.
▪️ პირიქით, ელიტის წარმომადგენლებს (განსაკუთრებით, პოლიტიკურ ისტებლიშმენტს) შეუძლიათ, მხოლოდ ვერბალური არტიკულაციით შექმნან საფრთხის განცდა, აწარმოონ შიში და შფოთი — თუნდაც, არარსებული.
▪️ მხოლოდ სიტყვებით თქმა საკმარისია იმისათვის, რომ საფრთხის იდენტიფიცირება მოხდეს და უსაფრთხოების დარღვევის შიში წარმოიქმნას.

ჩვენ კი, როდესაც ძალიან გვეშინია, ვერ ვაზროვნებთ რაციონალურად, ვართ იმპულსურები და ყველაფრის ფასად ვეძებთ გადარჩენის გზებს. შესაბამისად, თუ ჩვენ ვაწარმოებთ ქაოს/შიშს/შფოთს და შემდეგ ამ ქაოსიდან გამოსავალს შემოგთავაზებთ, რა თქმა უნდა, მიზანს მარტივად მივაღწევ და თქვენს უპირობო მხარდაჭერას მივიღებ.

შიში ქმნის იმ მოცემულობას, სადაც ადამიანები ყველა პოლიტიკურ ქმედებას ამართლებენ, თუნდაც, ის იყოს გადახვევა მიღებული პოლიტიკური ქცევით ნორმებისგან. შესაბამისად, პოლიტიკოსები ხშირად იყენებენ ეგზისტენციალურ საფრთხეებს, რათა თავი აარიდონ ნორმებს და დაწესებულ პროცედურებს, რომელიც სხვა ნებისმიერ მოცემულობაში შეზღუდავდა მათ საქმიანობას.

  • მარტივად რომ ვთქვათ, სეკურიტიზაციის სახელით მწვანე შუქი ინთება ყველაფერზე.

დავუბრუნდეთ სტაბილურობისა და სიმშვიდის ხელოვნურად შექმნის ფორმულას — პირობითად, ტერორისტული აქტების შემდეგ: ჩეჩნეთში, ინგუშეთში და დაღესტანში, როდესაც პუტინმა და მისმა რეჟიმმა უმკაცრესი სადამსჯელო ღონისძიებები გაატარა, პუტინის რეიტინგი გაიზარდა.

  • არჩევნების დროს, პოლიტიკოსები ხშირად წარმოაჩენენ კონკრეტულ თემებს, როგორც საზოგადოების წინაშე არსებულ საფრთხეს.
  • ისინი ცდილობენ დაარწმუნონ ამომრჩევლები, რომ მათი არჩეული პარტია ან კანდიდატი საუკეთესოდ არის აღჭურვილი უსაფრთხოების საკითხების მოსაგვარებლად.
  • ამის მისაღწევად გამოიყენება გამოსვლები, სარეკლამო კამპანიები, პოლიტიკური დებატები, რიტორიკული მეთოდები, ემოციებით მანიპულაცია, და ლიდერობის აღქმის ინსცენირება.

თუმცა, შიში მხოლოდ ომს და ტერორიზმს არ უკავშირდება — შიში და შფოთი ასევე საზოგადოებაში კოლექტიურად არსებულ ღრმად დაფარულ ფობიებზეც მუშაობს.

ერთი ასეთი ფობია, რომლის გამყარებაც საბჭოთა კავშირმა თითქმის მთელს საბჭოთა სივრცეში მოახერხა — ჰომოფობიაა.

ფორმულა აქაც იგივეა. წლების განმავლობაში კარგად დაგეგმილი პროპაგანდისტული კამპანიით, ვქმნით არარსებულ შიშს, ერთი კონკრეტული საკითხის მიმართ. შემდეგ, კი ამ შიშს ვიყენებთ ჩვენს სასარგებლოდ და მხარდაჭერის მობილიზებისთვის.

დღეს განვითარებულმა სამყარომ იცის, რომ ჰომოსექსუალობა არც დაავადებაა და მით უმეტეს, გადამდებიც არ არის. ამის ძალიან ბევრი კვლევა და წყარო არსებობს. თუმცა, პროპაგანდისტული მანქანის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ დამალულ შიშს შენგან დამოუკიდებლად გიღვივებს.


რუსული პროპაგანდისტული მანქანა ჰომოსექსუალობას პოლიტიკურ კამპანიებში უკვე დეკადებია, იყენებს. საქართველოში კი, როგორც სხვა რიგი საკითხების დროს, პოლიტიკოსები ამ რუსულ ნარატივს და სტრატეგიებს პირდაპირ აკოპირებენ და ჩვენთანაც ახორციელებენ.

გავიხსენოთ წარსული...

  • 2006 წელს, პუტინის ადმინისტრაციამ მიიღო ე.წ. არასამთავრობოების კანონი, რომლითაც გაზარდა ამ სექტორზე რეგულირება. აქედან ექვს წელიწადში, 2012 წელს კი მიიღეს ის კანონი, რომლის იდენტური ანალოგიც "ოცნებამ" და "ხალხის ძალამ" 2023 წელს შემოგვთავაზა.
  • მაგრამ არც აქ გაჩერდა კრემლი და 2013 წელს კიდევ დამატებით მიიღეს ახალი კანონი, რომელიც LGBTQI+ პროპაგანდას ეწინააღმდეგება — ანუ, ყველანაირი საქმიანობა შეეზღუდა იმ არასამთავრობო ჯგუფებსა და აქტივისტებს, ვინც ყველაზე ჩაგრული ჯგუფების უფლებებისთვის იბრძოდნენ.
  • ხოლო 2022 წლის ნოემბერში პუტინმა ხელი მოაწერა გეი პროპაგანდის კანონპროექტს.

კანონპროექტი კრძალავს ყველაფერს, რასაც ხელისუფლება მიიჩნევს ლგბტქ პროპაგანდად — მედიაში, კინოში, წიგნებსა და რეკლამებში. ის ასევე კრძალავს რუსების ჰომოსექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას ან "შექებას" ან საჯაროდ თქვან, რომ ეს "ნორმალურია".

  • 2022 წელს მიღებული "გეი პროპაგანდის" კანონპროექტი აფართოებს არსებულ კანონმდებლობას, რომელიც კრემლმა 2013 წელს მიიღო "ტრადიციული" ოჯახური ღირებულებების გასაძლიერებლად.
  • 2013 წლის კანონი კრძალავდა ჰომოსექსუალიზმის, ერთსქესიანთა კავშირის და არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების ჩვენებას არასრულწლოვანთათვის.
  • ახალი კანონპროექტი ამ შეზღუდვებს ყველა ასაკში ავრცელებს (აქვე, ალბათ, გახსოვთ ქართული ოცნების 2016 წლის კამპანია, სადაც უმთავრესი მესიჯი ჰომოფობია იყო და კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა იყო).

კანონპროექტი, ასევე, კრძალავს იმას, რასაც ხელისუფლება აღწერს, როგორც პედოფილიის და სქესის ცვლილების პროპაგანდას. მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდის ცნება კანონპროექტით ცალსახად არის განსაზღვრული, ის მკაცრად კრძალავს ნებისმიერი საშუალების გამოყენებას რაიმე დაკავშირებული ინფორმაციის გასავრცელებლად.

მდინარაძის გუშინდელ განცხადებას ვინც მოუსმინეთ, ბევრ საერთოს აღმოაჩენდით. ფაქტობრივად, სიტყვები იდენტურია, ხოლო კანონპროექტს სანამ არ ვნახავთ, მანამდე შინაარსის სპეკულაციებს არ დავიწყებ.

თუმცა, რაც არ უნდა იყოს კანონპროექტის შინაარსი — მაინც ზუსტად იგივე ხდება დღეს საქართველოშიც, რაც უკვე წლებია, რუსეთში მიმდინარეობს. ხელისუფლება აღვივებს არარსებულ შიშს და ამ შიშსა და შფოთზე აშენებს თავის პოპულარობას.

იდეოლოგიისგან დაცლილი პოლიტიკური პარტია, რომელიც ვერ ახერხებს სოციო-ეკონომიკურ კრიზისს დაძლევას, იყენებს მხოლოდ ერთ გზას — შიშის წარმოებას.

სამწუხაროდ, 2024 წლის არჩევნები არაფრით იქნება განსხვავებული წინა საპარლამენტო არჩევნებისგან. მთავარი ისევ შიშის წარმოებაა და არარსებული პრობლემებით ხალხის მანიპულაცია იქნება.

ჩვენ ერთგვარად პარადოქსულ სიტუაციაში ვართ. თუ დავუშვებთ იმ მოცემულობას, რომ არავინ ხმას არ ამოიღებს — არც მედია, არც სამოქალაქო საზოგადოება და ქვეყანაზე ვერ ვნახავთ ვერცერთ ადამიანს, რომელიც ამ ახალ ინიციირებულ კანონპროექტს შეეწინააღმდეგება, საბოლოოდ, მივალთ იქამდე, რომ ხელისუფლებას კოვზი ნაცარში ჩაუვარდება.

ამ კანონპროექტის უკან დგას პროტესტისა და ხმაურის იდეა, რომლის შემდეგაც, ხელისუფლება დაიწყებს გამპროტესტებლების მარგინალიზებას და წინა საარჩევნოდ, მათ დისკრედიტაციას. ყველა, ვინც ამ კანონს გააპროტესტებს, მათ მიერ შეფასდება, როგორც

  • "ელგებეტე" პროპაგანდის გამავრცელებლები";
  • "ეკლესიის მაგინებლები" (რაც, პირდაპირ გადმოღებული რუსული პროპაგანდისტული ლექსიკაა).

თუმცა, თუ ხმას არ ამოვიღებთ და ხელისუფლება მიიღებს ამ კანონს, ამით, რეალურად დააკანონებს ცენზურას და ის გამარჯვება, რომელიც ერთი წლის წინ ქართველმა ხალხმა მოიპოვა და უკან დაახევინა ხელისუფლებას რუსული კანონის მიღება, ახლა სახელწოდება შეცვლილს, მაგრამ შინაარსით იგივე კანონს მიიღებს.

ერთი შეხედვით უიმედო სიტუაციაა, თუმცა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

თუმცა, ასევე არ უნდა დავივიწყოთ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი. სეკურიტიზაციასთან დაკავშირებული საკითხები რეალური ხდება ჯერ ვერბალური არტიკულაციით და შემდეგ — ვიზუალით. მედიამ უნდა მოახერხოს და ემოციური საინფორმაციო გადაცემების მაგივრად, ჰქონდეს საინფორმაციო და შინაარსიანი დისკუსიები, სადაც თითოეული სიტყვა სწორად შერჩეული და ნაფიქრი იქნება.

განსაკუთრებით კი გვახსოვდეს, რომ ეს ის თემაა, რომელზე ხუმრობითა და ქილიკითაც ხელს შევუწყობთ მის მეტად გავრცელებასა და პოლიტიკური ტემპერატურის ამაღლებას.