როცა ნატა ფერაძეზე ვსაუბრობთ, ნიშნავს, ვსაუბრობთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. აი, რატომ
საქართველოში, საბჭოთა კავშირის მიერ დატოვებულ იარებს დღემდე ვიშუშებთ, მაგრამ იარა საკმაოდ ღრმა და მტკივნეულია: სტალინური შიშის, რეპრესიებისა და დიდი ტერორის ეპოქას ჩვენი ქვეყნის ათობით ათასი ადამიანი ემსხვერპლა — ზოგი დახვრიტეს, ზოგიც გადაასახლეს. მიუხედავად ამისა, დღეს, 2024 წლის დასაწყისში, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარ, საკათედრო ტაძარშია "დაბრძანებული" ხატი იოსებ სტალინის გამოსახულებით. ამაზე სახელმწიფო დუმს, საპატრიარქო კი პრობლემას მხოლოდ იმაში ხედავს, რომ ხატი, კანონიკური წესების მიხედვით არის "ჩასასწორებელი".
მატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმის ფაქტმა რამდენიმე საკითხი გადაკვეთა ერთმანეთთან, მათ შორის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ვანდალიზმი, წვრილმანი ხულიგნობა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა... "ფერაძის საქმემ" უბიძგა მთავრობას, კიდევ ერთხელ დააყენებინა დღის წესრიგში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზების ძალიან პრობლემური და სადავო საკითხი.
შინაარსობრივად, დისკურსი, სოციალურ ქსელებშიც და მის მიღმაც, მაინც იმისკენ მიემართებოდა, მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმა ვანდალიზმია თუ — არა.
ჩვენი მსჯელობა კი, ამ სტატიაში, იმაზეა, როგორ არის დაცული გამოხატვის თავისუფლების "რადიკალური ფორმები" ქვეყანაში, რომელიც საბჭოთა კლანჭებიდან თავის დახსნისთანავე, თავისუფალი, დემოკრატიული სამყაროსკენ ისწრაფვის.
NEWS.On.ge ამაზე ესაუბრა მარი კაპანაძეს, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორს და თამარ ამაშუკელს, ხელოვნებათმცოდნეს. თავდაპირველად, ჯერ მაინც იმას განვმარტავთ, რატომ არ არის ეს ვანდალიზმის საკითხი.
იურისტი, მარი კაპანაძე, გვიხსნის, რომ მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმა, ვერ ექცევა ვანდალიზმის იმ განმარტებაში, რომელსაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადგენს.
კანონიდან: მუხლი 1662 — ვანდალიზმი: მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის/ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის, განზრახ დაზიანება ან განადგურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება, ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება, ან განადგურება.
კაპანაძე განმარტავს, რომ კონკრეტული ქმედება ვანდალიზმად მიიჩნევა ობიექტის დაზიანების, ან განადგურების შემთხვევაში.
დაზიანების და განადგურების უფრო სიღრმისეულ განმარტებას კანონი არ იძლევა, მაგრამ ლოგიკურია, როცა ვსაუბრობთ ზიანზე, ზიანი უნდა იყოს ისეთი, რომ რაღაც ფორმით, კვალი რჩებოდეს,
გარდა ამისა, კაპანაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საუბარია სახელმწიფო და საჯარო საკუთრებაში არსებული ნივთების დაზიანებაზე.
ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი კი იმას შეგვახსენებს, რომ ქართულ კანონმდებლობაში გვაქვს კანონი საბჭოთა სიმბოლიკის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო ვალდებულია, განსაზღვროს, რამდენად არის საბჭოთა სიმბოლო იმ საჯარო ადგილის შესაფერისი, სადაც ის განთავსებულია და, ხომ არ ახდენს სიმბოლიკა საბჭოთა იდეოლოგიის პოპულარიზაციას.
თუ საჯარო სივრცეში განთავსებული საბჭოთა სიმბოლიკა იდეოლოგიის პოპულარიზაციას ახდენს, ან სივრცისთვის შეუფერებელია, შესაძლებელია, მოქალაქემ მისი ჩამოხსნა მოითხოვოს. სახელმწიფო რადგან თავად არ აკეთებს ამას, კანონის აღსრულების საქმე სამოქალაქო აქტივისტებს რჩებათ,
მისი თქმით, სამების საკათედრო ტაძარში იმ ხატის არსებობა, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული, "უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე — ხატისთვის საღებავის შესხმა".
იცავს თუ არა კანონი გამოხატვის თავისუფლების "რადიკალურ ფორმებს": მარი კაპანაძის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი იცავს გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა, კონსტიტუციაში ცალკე მუხლი არ არსებობს გამოხატვის თავისუფლების ისეთ ფორმებზე, რომელიც, შესაძლოა, საზოგადოების კონკრეტული ჯგუფებისთვის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა იყოს.
მისი თქმით, გვაქვს საერთაშორისო პრაქტიკა და სტანდარტები, რომელიც იცავს თავისუფლების გამოხატვის ისეთი ფორმებს, რომელიც, შესაძლოა, "საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისთვის იყოს შოკისმომგვრელი და არმოსაწონი". მას, მაგალითისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა მოჰყავს.
ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად: გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის საჭირო ბაზისურ აუცილებლობასა და საფუძველს წარმოადგენს და მისი დაცვის ფარგლები არა მხოლოდ ისეთ იდეებსა და გამოხატვაზე ვრცელდება, რომლებიც უმრავლესობისათვის მისაღებ, პოპულარულ, ანდა ნეიტრალურ მოსაზრებას შეიცავს, არამედ ისეთ გამოხატვასა და შეხედულებასაც, რომელიც შოკისმომგვრელი, შემაწუხებელი, ანდა შეურაცხმყოფელია სახელმწიფოსათვის, თუ საზოგადოების ნებისმიერი ნაწილისათვის, ვინაიდან, პლურალიზმი, შემწყნარებლობაცა და თავისუფალი აზროვნებაც, დემოკრატიული საზოგადოების არსებობის უპირობო წინაპირობაა — ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე "Wingrove v. The United Kingdom"
"როდესაც ვსაუბრობთ გამოხატვის თავისუფლებაზე, ლოგიკურია, ვაწყდებით გამოხატვის ისეთ ფორმებს, რომელიც საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის მიუღებელია. როგორც წესი, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სურვილი მაშინ ჩნდება, როცა ადამიანები ამბობენ, ან აკეთებენ ისეთ რაღაცას, რაც გარკვეული ჯგუფებისთვის არ არის მოსაწონი. თუ შენ მხოლოდ თაყვანს სცემ, აქებ, ადიდებ და ასე გამოხატავ შენს პოზიციას, ლოგიკურია, ამის აკრძალვა არავის მოუნდება", — გვითხრა კაპანაძემ, ასევე, ისიც, რომ გამოხატვის თავისუფლების მთელი არსი სწორედ კრიტიკული, შოკისმომგვრელი, ერთი შეხედვით შეურაცხმყოფელი ფორმების დაცვას გულისხმობს.
როცა ვსაუბრობთ გამოხატვის თავისუფლების ფორმაზე, რომლის იდეა არის პოლიტიკური ან საზოგადოებრივი გზავნილის მიტანა, გამოხატვის ფორმა განსაკუთრებით მაღალი სტანდარტებით არის დაცული, რადგან ამ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ ადამიანს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საზოგადოების განვითარებაში და დემოკრატიულ პროცესებში. ამ დროს ადამიანი ცდილობს, მიიქციოს ყურადღება, რომ თქვას, რაღაც რიგზე ვერ არის,
მსგავსი, არქივიდან: "ირაყლის" მსგავსი პროტესტის ტელევიზიით გაშუქება, შესაძლოა, დასანქცირდეს — რა ხდება
დემოკრატიული სახელმწიფოს მოვალეობაა, დაიცვას პროტესტის უფლება და ამ უფლების გამო, საფრთხეში მყოფი ადამიანი: თუ ადამიანმა, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, საზოგადოების კონკრეტული ჯგუფებისთვის მიუღებელი და რადიკალური ფორმა გამოიყენა და ამის გამოც საფრთხეშია, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას პოლიციის, ან უკიდურეს შემთხვევაში, სპეცრაზმის მობილიზებით — ამბობს მარი კაპანაძე, ასევე, იმასაც, რომ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც გამოხატვის კონკრეტული ფორმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად აღიქვა და შედეგად, შეკრების და პროტესტის გამოხატვის სურვილი გაუჩნდა, სრული უფლება აქვს მათი პროტესტი საჯაროდ გამოხატონ. მათ ამ უფლებას შეკრების და მანიფესტაციების კანონი იცავს.
თუმცა, ამ შეკრებისა და პროტესტის გამოხატვის დროს, სახელმწიფოს გარკვეული ვალდებულებები აკისრია: "თუ არსებობს საფრთხე, რომ მშვიდობიანი სახის შეკრებას ძალადობრივი ფორმა მიეცემა, სახელმწიფომ, პარალელურად, უნდა უზრუნველყოს ადგილზე პოლიციის მობილიზება." ამგვარი საფრთხის ქვეშ კი ნატა ფერაძე იმყოფებოდა მაშინ, როდესაც პროტესტის გამოსახატად, მის სახლთან მივიდნენ ორგანიზებული ჯგუფები, რომელთა შემადგენლობაში ძალადობრივი ალტ-ინფოსა და პრორუსული, ჰომოფობიური კონსერვატიული მოძრაობის წევრებიც იყვნენ.
"ასევე, თუ შეკრების ფორმა სცდება მშვიდობიან ფორმას და გადადის ძალადობრივში, ასეთ დროს, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, განახორციელოს დამატებითი ქმედებები — დაშალოს შეკრება, ან დააკავოს მოძალადეები", — განგვიმარტავს კაპანაძე.
"პანორამა არა, *ლე"
ნატა ფერაძე არის აქტივისტი, რომლის პროტესტის ფორმები პერიოდულად შეგვახსენებს ხოლმე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს ქვეყანაში.
ასე მოხდა 2015 წლის ივლისში, როდესაც პანორამა თბილისის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე, პოლიციამ ნატა ფერაძე და კიდევ ექვსი დემონსტრანტი დააკავა, რადგან ზოგიერთ მათგანს ხელში ეკავა საპროტესტო ბანერი, წარწერით — "პანორამა არა, *ლე".
ოქმების თანახმად, დაკავებულებს ხელში ეკავათ პლაკატები "უხამსი წარწერით, რომელსაც ხმამაღლა სკანდირებდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობას წარმოადგენს."
ნატა ფერაძე საპროტესტო აქციაზე, 2015 წლის 19 ივლისი.
ფოტო: სქრინშოტი ვიდეოდან. Youtube / Nikoloz Lutidze
ამ საქმესთან დაკავშირებით, 2022 წლის 15 დეკემბერს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება და თქვა, რომ ნატა ფერაძისა და იმავე აქციაზე დაკავებული სხვა აქტივისტების საქმეზე, სახელმწიფოს მხრიდან დარღვევა დაადგინა, რადგან, სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, სიტყვა "*ლე" მოსარჩელეების მიერ გამოყენებული იყო, როგორც "სტილისტური იარაღი მათი მხრიდან პროექტის აშენების შესახებ პროტესტის უკიდურესად მწვავედ გამოსახატავად."
რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფის კრიმინალიზება: მატრონა მოსკოველისა და სტალინის ხატისთვის საღებავის შესხმამ, საქართველოს მთავრობის მხრიდან, კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში საკითხი რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფის კრიმინალიზების შესახებ.
10 იანვარს, პარტია ქართული ოცნების წევრმა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, დაანონსა კანონპროექტი, რომელიც, მისი თქმით, "გაამკაცრებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის".
სტრიქონებს შორის: 2018 წლის 24 აპრილს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი, რომლის ინიციატორიც პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი იყო. აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების იმ ხუთი დეპუტატიდან, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კანონით დარეგულირებას ეთანხმებოდა, ერთ-ერთი ანრი ოხანაშვილი იყო. ინიციატივა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზებაზე, 2013 და 2016 წლებშიც იყო.
ოხანაშვილის მიერ დაანონსებულ კანონპროექტზე, მარი კაპანაძე კომენტარს არ აკეთებს იქამდე, სანამ ცნობილი არ გახდება, კონკრეტულად, რისი ჩაწერა უნდათ კანონში. თუმცა, გვეუბნება, რომ საკითხის კრიმინალიზება საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამოა.
"დიდი ხანია, მიიჩნევა, რომ ე.წ მკრეხელობისთვის ადამიანის დასჯა არის ყოვლად მიუღებელი და შეუსაბამო თანამედროვე დემოკრატიულ სტანდარტებთან. არ შეიძლება, ადამიანი დასაჯო მხოლოდ იმიტომ, რომ ცალკე აღებული რელიგიური ჯგუფებისთვის მიუღებელი ქმედება ჩაიდინა", — ამბობს კაპანაძე.
კაპანაძის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ყურადღებას აქცევს, გამოხატვის თავისუფლების ფორმის მიზანი რელიგიური ჯგუფებზე თავდასხმა იყო თუ — პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა. "ვფიქრობ, ფერაძის შემთხვევაში, მიზანი იყო არა რელიგიური ადამიანებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, არამედ, დისკუსიაში წვლილის შეტანა. თანაც, აქცენტით რომელიმე ქართველი წმინდანის შეურაცხყოფაზე კი არა — სტალინზე. როგორც წესი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ყურადღებას აქცევს ჩადენილი ქმედების კონტექტს და განზრახვას", — განმარტავს ის.
ოხანაშვილმა, როდესაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზების პროექტი დაანონსა, აღნიშნა, რომ "ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში რელიგიური ნაგებობების შეურაცხყოფა და სხვა მსგავსი ქმედებები სისხლისსამართლებრივად დასჯადია და თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს".
ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ნამდვილად მოქმედებს კანონმდებლობა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ, თუმცა, აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობა წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის რელიგიის თავისუფლების სახელმძღვანელო პრინციპებთან. გარდა ამისა, ბოლო წლებში, ამ კანონის გაუქმების მაჩვენებელი გაზრდილია.
რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფის კრიმინალიზების კანონპროექტს საქართველოში მომუშავე რამდენიმე უფლებადაცვითი ორგანიზაცია გამოეხმაურა, მათ შორის:
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC): SJC აცხადებს, რომ ახალი კანონმდებლობა შესაძლოა, წინააღმდეგობაში მოდიოდეს გამოხატვის თავისუფლებით დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან და "მსგავსი სუბიექტური სფეროს (შეურაცხყოფის) მოწესრიგების მცდელობამ დაარღვიოს განჭვრეტადობისა და კანონის უზენაესობის კონსტიტუციური პრინციპები".
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI): DRI-ის მიხედვით, ევროპულ ქვეყნებში, ბოლო წლებში მოქმედი სასამართლო პრაქტიკა გადახრილია გამოხატვის თავისუფლების განუხრელად დაცვისკენ. მათ შორის, რელიგიასთან დაკავშირებული, შოკისმომგვრელი ქმედებაც უმეტესად მიჩნეულია საჯარო, საზოგადოებრივი განხილვების აუცილებელ ნაწილად და არა სისხლის სამართლის დანაშაულად.
"რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი" ქმედების კრიმინალიზება დაუშვებელია", — წერია DRI-ს განცხადებაში.
"ფერაძის საქმის" ქრონოლოგია: 6 იანვარს სამების ტაძარში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნდა, სადაც ჩანს რომ მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინია გამოსახული.
- 7 იანვარს საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრმა ირმა ინაშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო და თქვა, რომ სტალინის ხატი სამების საკათედრო ტაძარს "მათ შესწირეს";
- 9 იანვარს, აქტივისტის, ნატა ფერაძის მიერ ფეისბუქზე გამოაქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ სტალინისა და მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს.
- 10 იანვარს, ნატა ფერაძის სახლთან პრორუსულმა, ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა მოძრაობამ, ალტ-ინფომ აქცია გამართა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
- 11 იანვარს სამების საკათედრო ტაძრიდან სტალინის გამოსახულებიანი ხატის გამოტანის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა;
2024 წლის 13 იანვარს პრორუსულმა და ძალადობრივმა პარტიამ კონსერვატატიულმა მოძრაობამ საქართველოს პარლამენტის წინ აქცია გამართა. ისინი სახელმწიფოსგან მოითხოვდნენ, "მკრეხელობისთვის" დაისაჯოს ფერაძე და პასუხი აგოს სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლის მიხედვით, რაც 2-წლამდე პატიმრობასაც გულისხმობს.
ძალადობრივი პარტია კონსერვატიული მოძრაობის აქციაზე, პარლამენტთან პრორუსული ძალების ლიდერების სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შეკრებამ რუსთაველის გამზირზე პოლიციის სამმართველოსკენ გადაინაცვლა, სადაც ოფიციალურად შეიტანეს საჩივარი აქტივისტის, ნატა ფერაძის წინააღმდეგ.
რეპორტაჟი: ამბორი მატრონა მოსკოველსა და სტალინს
ბოლო ხაზი: ამჟამად ნატა ფერაძის საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით განიხილება, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
გაიგე მეტი: პრობლემების ჯაჭვი ცარიელ ფურცლებს მიღმა
კომენტარები