პროპაგანდა, ცენზურა და დეზინფორმაცია არის ჩინეთის კომუნისტური პარტიის სტრატეგიის მთავარი საყრდენი, რომელიც საშუალებას აძლევს სამთავრობო მოხელეებს, გააკონტროლონ ინფორმაციის ნაკადი ჩინეთსა და საზღვრებს მიღმა.

  • მთავრობის პროპაგანდისტული კამპანიები, საბჭოთა ეპოქის ტაქტიკაზე დაყრდნობით, შექმნილია იმისთვის, რომ სახელმწიფო და მისი მიზნები მომხიბვლელად გამოიყურებოდეს მსოფლიოსთვის, მეტოქეები კი — ძირითადად, შეერთებული შტატები — სუსტად და კორუმპირებულად წარმოაჩინოს.

დეზინფორმაციის ახალი ტალღა — რა საფრთხეებია?

გასული თვის ბოლოს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვით, ჩინეთის მიერ მსოფლიოში ინფორმაციის კონტროლი და დეზინფორმაციის გავრცელება ახალ მასშტაბებს იძენს.

  • დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ ჩინეთი ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავს უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისთვის.
  • სახდეპის გლობალური ჩართულობის ცენტრი, რომელიც უცხოურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციას ებრძვის, დასკვნაში წერს, რომ ჩინეთს აქვს პოტენციალი, შეცვალოს გლობალური საინფორმაციო გარემო.

რა არის ჩინეთის პასუხი

ლი პენგი — ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელი ამერიკაში, ჩინეთის ხელისუფლების მისამართით წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს და დეზინფორმაციის გავრცელებაში თავად აშშ-ს ადანაშაულებს.

  • "ცივი ომის მენტალიტეტით დაწერილი მოხსენება არის კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რომ ჩინეთი დამარცხდეს და დამყარდეს ამერიკის ჰეგემონია,"— თქვა პენგმა.

50-ცენტიანი არმია

ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის ინფორმაციის გაკონტროლება ქვეყნის შიგნით მარტივი აღმოჩნდა, თუმცა მათი მოქალაქეები განსხვავებულ ინფორმაციას იღებდნენ ქვეყნის გარედან.

  • სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ინტერნეტში ინფორმაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაეკონტროლებინა.
  • 2004 წლიდან, მათ მოახდინეს ინტერნეტ კომენტატორების მობილიზება, რომლებსაც ევალებათ, ნებისმიერ არასასურველ ინფორმაციას ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხედვები დაუპირისპირონ.
  • ინტერნეტ კომენტატორები მალევე იქცნენ საერთაშორისო ინფორმაციულ იარაღად. ისინი საგანგებოდ მოამზადეს, მისცეს დავალებები და ანაზღაურებაც დაუნიშნეს - თითო პოსტზე 50 ცენტი, ამის გამო მათ 50-ცენტიანი არმია შეარქვეს.
  • ინტერნეტ კომენტატორები აქტიურად ერთვებიან ყველა დისკუსიაში ჩინეთსა თუ ქვეყნის გარეთ. ისინი აკრიტიკებენ ამერიკას, ძირს უთხრიან დემოკრატიას, ეწევიან ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოპულარიზაციას.
  • ჰარვარდის ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ისინი წელიწადში 488 მილიონზე მეტ პოსტს წერენ სოციალურ მედიაში.
  • 50-ცენტიანი არმიის ძალა ეფექტიანი აღმოჩნდა, ისინი გლობალურად ახერხებენ საზოგადოების დაბნევას და ხალხს უჭირს გარკვევა, ინფორმაცია რეალურია თუ — არა.
  • ჩინეთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის შედეგი ჩანს ცხოვრების ყველა ასპექტში, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ჩინეთის მმართველი პარტია ცდილობს, რაც შეიძლება მეტი განხეთქილება გამოიწვიოს ქვეყნებში, რომელიც მის იდეალებთან ახლოს არ დგას.

დეზინფორმაცია ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა: ჩინეთი და კოვიდი

ჩინეთი და რუსეთი კორონავირუსის შესახებ მასშტაბურ დეზინფორმაციულ კამპანიებს ატარებდნენ.

  • მათ გამოიყენეს მედია მანიპულირებისთვის COVID-19-ის წარმოშობასთან დაკავშირებით, აძლიერებდნენ შეთქმულების თეორიებს, რომ ვირუსი განგებ შეიქმნა აშშ-ში და შემდეგ ის ჩინეთში გაავრცელეს.
  • კონგრესის კვლევის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ირკვევა, რომ ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა მედიამ, თავდაპირველად, ეპიდემიის სიმძიმისა და მასშტაბების შესახებ ინფორმაცია დამალა და შეამსუბუქა, მოსახლეობას კი განსხვავებული ანგარიშებზე წვდომას უბლოკავდნენ.
  • რამდენიმე პირი, რომელიც ცდილობდა, რეალური მონაცემების შესახებ ეცნობებინა საზოგადოებისთვის, ჭორების გავრცელებაში დაადანაშაულეს.
  • მას შემდეგ, რაც ვირუსის გავრცელების შესახებ საერთაშორისო მედიასაშუალებებმა დაწერეს, ჩინეთმა შეიმუშავა სტრატეგია, როგორ ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რომ კრიზისს მსოფლიოში ყველაზე ეფექტიანად მართავდა.

ფოტო: Xinmei Liu

დეზინფორმაცია, როგორც არჩევნებზე მანიპულირების ინსტრუმენტი

რამდენიმე თვეში ტაივანში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. ჩინეთი ცდილობს, ტაივანელ ამომრჩეველს დააჯეროს, რომ ამერიკა მათი მთავარი მტერია.

  • ივლისში ტაივანის ყველაზე გავლენიანმა გაზეთმა United Daily News, გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მთავრობის საიდუმლო შეხვედრიდან გამოჟონილი ოქმების შესახებ წერდა. სტატიის მიხედვით, ამერიკამ მოსთხოვა ტაივანს, დაემზადებინა ბიოლოგიური იარაღი ლაბორატორიაში, რომელსაც მათი თავდაცვის სამინისტრო აკონტროლებს.
  • ინფორმაცია უარყო როგორც ამერიკის, ისე — ტაივანის ხელისუფლებამ. ოქმები, როგორც გაირკვა, არ იყო მთავრობის ჩანაწერების ჩვეული სტილით დაწერილი. მათში გამოყენებული იყო ისეთი ფრაზები, რომელსაც იყენებს ჩინეთის ხელისუფლება და არა — ტაივანის.
  • ტაივანი მიიჩნევს, რომ ეს, სავარაუდოდ, ჩინეთის დეზინფორმაციის ნაწილი იყო.
  • სულ მალე კიდევ უფრო დაუჯერებელი კონსპირაციის თეორიები გავრცელდა — მაგალითად, თითქოსდა, ტაივანი აპირებდა საკუთარი მოსახლეობისგან სისხლის 150 000 ნიმუში აეღო და გადაეცა ამერიკელებისთვის, რათა მათ ჩინელების დასახოცად ვირუსი შეექმნათ. ეს თეორია ძალიან სწრაფად გავრცელდა ტაივანში.
  • ამომრჩეველი, იანვარში, ფაქტობრივად, დადგება არჩევანის წინაშე: დარჩნენ აშშ-ის გვერდით, რათა შედარებით დაცული იყვნენ ჩინეთის შესაძლო შეჭრისგან, თუ — ქვეყანამ ჩინეთთან აღადგინოს კავშირი.

შესაძლებელია მასშტაბურ დეზინფორმაციასთან ბრძოლა?

ტაივანის 2020 წლის არჩევნების მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ — კი.

  • წლევანდელი არჩევნების მსგავსად, ჩინეთი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც ცდილობდა, მოსახლეობას არჩევანი ჩინეთის მომხრე კანდიდატის სასარგებლოდ გაეკეთებინა.
  • ტაივანმა შეძლო, დაემარცხებინა ჩინეთის კომუნისტური პარტიის კამპანია ეფექტიანი მიდგომებით. ხელისუფლება მოუწოდებდა მოსახლეობას, გამოევლინათ და დაებლოკათ ყალბი ამბები, რამაც საშუალება მისცა ქვეყანას, სამართლიანი არჩევნები ჩაეტარებინა.

მასალა შექმნილია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია EU4IM-ის ბენეფიციარი On.ge. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.