5 რამ, რაც ევროპული ტიპის სასამართლომდე გვაშორებს

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებამდე დრო ცოტა, შესასრულებელი კი ჯერ კიდევ ბევრი გვრჩება, რადგან ჩვენთვის მონიჭებული 12 "საშინაო დავალებიდან" მხოლოდ 3 მოგვინიშნეს ფრაზით — "შესრულებულია". შესაძლოა, უფრო იმედისმომცემად გვქონოდა საქმე დარჩენილ 9-ში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პუნქტი რომ არ მოხვედრილიყო. რთული მისახვედრი არაა, რომ მხედველობაში მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული რეკომენდაცია მაქვს.  სტატუსი რომ გვერდით გადავდოთ, ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ სასამართლო დემოკრატიული სახელმწიფოს შემადგენელი მნიშვნელოვანი, მეტიც, აუცილებელი კომპონენტია. შესაძლოა, საკუთარ თავზეც კი გაქვს გამოცდილი, რას ნიშნავს, როცა შენს ქვეყანაში სამართალს სწორედ სისტემაში არსებული პრობლემები გამო ვერ აღწევ. ამ სტატიაში მოკლედ მოგიყვები იმ 5 მნიშვნელოვან რამეზე, რაც ქართულს ევროპულ სასამართლოსთან თავსებადობისთვის სჭირდება. მოდი, დავიწყოთ.

სამართლიანობა

სამართლიანი სასამართლო — ერთი შეხედვით, ეს უცნაური სიტყვათშეთანხმებაა, რადგან, როცა ვამბობთ, სასამართლოს, ავტომატურად ვითხოვთ მისგან სამართალსა და სამართლიანობას. თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30-ზე წელზე მეტი ხნის შემდეგაც კი ეს ჩვენთვის ჯერ კიდევ მიუღწეველი ამოცანაა.

ტერმინი სამართლიანი სასამართლო არა მხოლოდ სასამართლო პროცესს, არამედ ყველა ეტაპზე საქმის სამართლიან განხილვას გულისხმობს. ამაზეა საუბარი ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში, სახელწოდებით, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.

სამართლიანი სასამართლოს უფლება გარანტირებულია ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტიაშიც. ქარტიის 47-ე მუხლში განმარტებულია, რომ ყველას აქვს უფლება გონივრულ ვადაში მიუკერძოებელმა ტრიბუნალმა სამართლიანად განიხილოს მისი საქმეს. ყველას ჰქონდეს რჩევის, დაცვისა და წარმომადგენლობის შესაძლებლობა. ასევე, ვკითხულობთ, რომ იურიდიული დახმარება ხელმისაწვდომი უნდა იყოს მათთვის, ვისაც არ აქვს საკმარისი რესურსები, რამდენადაც "ასეთ დახმარება აუცილებელია მართლმსაჯულების ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად".

დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა

ამ ორი რამის გარეშე დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულებაზე საუბარი, რომ წარმოუდგენელია, ბევრი მსჯელობა არ სჭირდება. არც ის არის უცხო, რომ მათ გარეშე არც ევროპული ტიპის სასამართლო არსებობს. დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის ნაკლებობა ადგილობრივ სასამართლო სისტემის კიდევ ერთი ნაკლია. არასამთავრობო სექტორის მოწოდებებზე რომ აღარ ვისაუბროთ, ეს ევროკომისიამაც დაინახა. შესაბამისად, ჩვენთვის მონიჭებული რეკომენდაციების ნუსხაშიც მოახვედრა ასეთი ფორმულირებით:

"საქართველომ უზრუნველყოს, რომ მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვი იყოს სრულებით, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი. ასევე, დაიცვას შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება".

ხელმისაწვდომობა და სანდოობა

ეს კიდევ ერთი საკითხია, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ სასამართლო სისტემას გამართული, ევროპული ტიპის სასამართლოსთან თავსებადი ვუწოდოთ. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 2020 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, სასამართლო სისტემა საქართველოში მცხოვრები 41%-ის აზრით, არ არის ხელმისაწვდომი. მიზეზებად კი მოქალაქეები სასამართლოსთან დაკავშირებულ ხარჯებს, საქმის განხილვის ხანგრძლივობასა და სასამართლოს მიმართ უნდობლობას ასახელებდნენ.

ამავე კვლევის თანახმად, 2020 წელს მოსახლეობის უმრავლესობა ნაწილობრივ ენდობა, ნაწილობრივ კი არ ენდობა სასამართლოს, ასევე, ნახევარზე მეტი თვლის, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა პოლიტიკური გავლენებისგან არ არის თავისუფალი. დაბალია მათი რიცხვიც, ვინც საჭიროების შემთხვევაში სურვილს გამოთქვამს, რომ სასამართლოს მიმართოს.

ვითარება დიდად 2020 წლის შემდეგ არ შეცვლილა, რადგან არაერთ ანგარიშში, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში ვიხილეთ, სასამართლოში ხელმისაწვდომობისა და სანდოობის პრობლემზე ისევ არის საუბარი.

იმ პირობებში, როცა მოქალაქეები ვერ ან არ მიდიან სასამართლომდე საქმეების განსახილველად, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რომ ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს ევროკავშირს შეუერთდეს, იმსახურებს თუ არა ამას.

"უკლანო" სასამართლო

ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინის გზაზე კიდევ ერთი პრობლემა რაც ქვეყანას წინ ეჩეხება სისტემაში არსებული ე.წ. სასამართლო კლანია, რომლის არსებობაზე ბევრი საუბრობს, მაგრამ თავად სისტემა არ აღიარებს.

დარწმუნებული ვარ, თუ პროცესებს თვალს აქტიურად ადევნებ, ერთხელ მაინც გსმენია ასეთი კლანის არსებობაზე. მით უმეტეს, ამაზე საუბარი სტატუსის თემის გააქტიურებას არ უკავშირდება და არც დღეს და გუშინ დაწყებულა. არასამთავრობო სექტორი წლებია იბრძვის მის მოსაგვარებლად, თუმცა ხელისუფლება სასამართლოში პოლიტიკური გავლენების არსებობას უარყოფს.

დაბოლოს, არასანქცირებული მოსამართლეები

მურუსიძე, ჩინჩალაძე, შენგელია — ალბათ, ეს გვარები გეცნობა. თუმცა საინტერესოა, რით დაგამახსოვრეს თავი. იმით ხომ არა, რომ ე.წ. სასამართლო კლანის წევრებად მოიხსენიებიან, არანაკლებ მოსალოდნელია, სიმღერებით და ლექსებით მოგხვედროდნენ თვალში. ალბათ, ორივე ერთად. მაგრამ ამ შემთხვევაში, შენს ყურადღებას სასამართლო სისტემაში ბოლო დროს ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ამბავზე გავამახვილებ, სადაც მთავარ როლში სწორედ ეს გვარები ფიგურირებენ.

ისინი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიმდინარე წლის 5 აპრილს კორუფციაში შესაძლო კავშირებისთვის დაასანქცირა, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე კი აშშ-ში შესვლა მათთან ერთად, მათ ოჯახის წევრებსაც აეკრძალათ. თუმცა ხელისუფლებამ დასანქცირებულებს "სოლიდარობა" გამოუცხადა და საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი სამჯერ ჩააგდო.

ჩამოთვლილი პრობლემები საერთო სურათის მხოლოდ ფრაგმენტია. სისტემაში კიდევ არაერთი ხარვეზი არსებობს და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკომისია ჩვენგან მათ მოგვარებას, სულ მცირე კი, მათი აღმოფხვრისთვის საჭირო პოლიტიკური ნების გამოხატვას ელის.


სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.

The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.

თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რეპრესიული კანონები, რომლებიც ძალაში დღეიდან შევა
  2. 10 ორგანიზაცია ვასილ მაღლაფერიძისა და თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას ითხოვს
  3. საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს
  4. ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც ბოლო პერიოდში ძალოვნების კვების ტენდერებს პერმანენტულად იგებს? - IDFI
  5. ირაკლი რუხაძე: პრემიერს ვუთხარი, გულისყურით რომ გისმენდით, არ ნიშნავს, რომ ყველანი ვეთანხმებით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა — ბაიდენის და ტრამპის გამოხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატების 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წუთები მან ოჯახის…