სომხეთის უარი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნებს
სომხეთი არ უმასპინძლებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) ყოველწლიურ სამშვიდობო სწავლებას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ის ქვეყანაში ჩატარდება.
სამშაბათს, პირად პრესკონფერენციაზე, პირველად 2020 წლის მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გააკრიტიკა რუსეთის ეგიდით სამხედრო პაქტი და თქვა, რომ ქვეყანა "მინიმუმ" წელს არ უმასპინძლებს CSTO-ს არცერთ წვრთნას.
მისი განცხადება პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომელმაც 1 იანვარს განაცხადა, რომ CSTO-ს წვრთნები სომხეთში ჩატარდება.
ეს ნაბიჯი სომხეთსა და რუსეთს შორის მზარდი განხეთქილების უახლესი მაგალითია.
მიუხედავად ფაშინიანის განცხადებისა, რომ სომხეთის თავდაცვის მინისტრმა CSTO-ს სომხეთის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა, კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ფაშინიანის განცხადება მათთვის "ახალია" და რომ ისინი დაუკავშირდებიან "სომხეთის პოზიციის დეტალების გასარკვევად".
CSTO-ს სპიკერმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს განუცხადა, რომ ორგანიზაცია განიხილავს წინადადებებს ტრენინგის სხვა წევრ ქვეყანაში ჩატარების შესახებ.
მანამდე, სომხეთმა, 2022 წლის შემოდგომაზე უარი თქვა CSTO-ს წვრთნებში მონაწილეობაზე 2022 წლის შემოდგომაზე, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ორდღიანი სექტემბრის ომის შემდეგ. ამ კონფლიქტის დროს, CSTO-მ არ უპასუხა სომხეთის თხოვნას სამხედრო დახმარების შესახებ აზერბაიჯანის თავდასხმების ფონზე, მიუხედავად ორგანიზაციის დამფუძნებელი ხელშეკრულების დებულებებისა.
ფაშინიანმა სამშაბათს განაცხადა, რომ სომხეთში CSTO-ს წვრთნების ჩატარება "არამიზანშეწონილი" იქნებოდა, რადგან ეს შესაძლოა რეგიონში "თურქულ-აზერბაიჯანული ტანდემისთვის" საფრთხედ ჩათვლილიყო.
ასევე, ფაშინიანმა 2022 წელს გააკრიტიკა CSTO-ს უმოქმედობა სომხეთის მოთხოვნებთან დაკავშირებით.
"მოვითხოვთ, დააზუსტონ CSTO-ს პასუხისმგებლობის ზონა. მათი პასუხის არარსებობა ჩვენთვის ფუნდამენტურ პრობლემას წარმოადგენს", — თქვა ფაშინიანმა.
"აბსურდული" ნარატივი
ფაშინიანმა პრესკონფერენცია იმაზე სასაუბროდ გამოიყენა, რომ სომხეთში რუსული სამხედრო ძალების ყოფნა საფრთხეს უქმნის ქვეყანას და ეჭვქვეშ დააყენა რუსი სამშვიდობოების ეფექტურობა მთიან ყარაბაღში.
მან აზერბაიჯანი დაადანაშაულა დასავლეთის ქვეყნებისთვის იმის მტკიცებაში, თითქოს აზერბაიჯანის სამხედრო აგრესია საჭირო იყო სომხეთ-რუსეთის ალიანსის "საფრთხის გასანეიტრალებლად".
"ჩვენ რუსი პარტნიორების ყურადღებას ამ ფაქტზე მივაპყრობთ, ხოლო მათი უპასუხო რეაქცია ნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო ყოფნა სომხეთში არა მხოლოდ არ იძლევა გარანტიას სომხეთის უსაფრთხოებაზე, არამედ, პირიქით, საფრთხეს უქმნის სომხეთის უსაფრთხოებას".
ფაშინიანმა ნარატივს, რომელიც მან აზერბაიჯანს მიაწერა, "აბსურდული" უწოდა, მაგრამ დასძინა, რომ უკრაინის ომის ფონზე, ამას შეუძლია "ინტერესის მოზიდვა".
ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების როლი მიმოიხილა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანული "სახელმწიფოს პროპაგანდისტული კამპანია" მათ დისკრედიტაციაზე მუშაობს და განაცხადა, რომ სომხეთმა შეშფოთება გამოხატა მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ქმედებებთან დაკავშირებით, მაგრამ არ გააკრიტიკა ისინი.
მან დასძინა, რომ თუმცა არსებობს კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემაა საჭირო, მათ შორის — რატომ არ მოქმედებდნენ რუსი სამშვიდობოები, როდესაც "აზერბაიჯანული ძალები შევიდნენ სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში" სოფელ ფარუხში (Farukh) 2022 წლის მარტში ან 2020 წელს, როდესაც აზერბაიჯანელებმა სოფელ ხცაბერდიდან (Chaylaggala) "სომხეთის მოქალაქეები" აიყვანეს.
სომხური საზოგადოების კრიტიკა რუსეთის მიმართ სექტემბრის ომის შემდეგ გამწვავდა და კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც 12 დეკემბერს ლაჩინის დერეფნის ბლოკადა დაიწყო. სახელმწიფო მოხელეებმა არაერთხელ დაადანაშაულეს რუსი სამშვიდობოები უმოქმედობაში და მოუწოდეს მათ დერეფნის გასახსნელად ზომები გადაედგათ.
ასევე, ფაშინიანმა სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის დეკემბერში გაკეთებული განცხადებები ახსენა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ რუსეთი სომხეთზე ზეწოლას ახორციელებდა ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანებაზე. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთს არ გაუკეთებია რაიმე "ოფიციალური შეთავაზება" და რომ შესაძლოა გრიგორიანს სახელმწიფო მოხელეების შეტყობინებები "არაოფიციალური კონტაქტებით" სცნობოდა.
თუმცა, ფაშინიანმა თქვა, რომ რეალური სიტუაცია "არც ისეთი მკაფიოა, როგორიც ჩანს".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები