2022 წელი 22 კადრში
2022 მსოფლიოსთვის განსაკუთრებული გამოწვევებით დატვირთული აღმოჩნდა. რუსეთმა ისვე გაამჟღავნა იმპერიალისტური მისწრაფებები და მეზობელ ქვეყანაში შეიჭრა. 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინა გახდა ადგილი, რომლისკენაც მთელი მსოფლიოს ყურადღებაა მიპყრობილი.
ომი, პროტესტი, თავისუფლებისთვის ბრძოლა, სანქციები, სოლიდარობა, ევროპული და ჩრდილოატლანტიკური გაფართოების გაგრძელება — ამ წელმა თითქმის ყველაფერი შეცვალა და შემოგვინახა კადრები, რომელთა დავიწყებაც ძალიან რთული იქნება. შევეცდებით, მოკლედ — 22 კადრით გაგახსენოთ წლის მთავარი მოვლენები.
"პრეზიდენტ ტუტ"
"პანიკის გარეშე, ძლიერები ვართ, ყველას დავამარცხებთ, რადგან უკრაინა ვართ!" — 24 თებერვალს, რუსეთის თავდასხმის შემდეგ, სწორედ ამ მიმართვით გამოჩნდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პიჯაკით და თეთრი მაისურით.
მე-2 დღეს, როცა რუსული პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ შეშინებულმა პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა, ზელენსკი ისევ ვნახეთ, კიევის ცენტრალურ გამზირზე, ამჯერად ხაკისფერი სამოსში, აწ უკვე სიმბოლოდ ქცეული ფრაზით: "პრეზიდენტ ტუტ". მან მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ გუნდთან ერთად დედაქალაქშია და არსად წასვლას არ აპირებს.
ომის მე-100 დღეს ზელენსკიმ კვლავ ჩაწერა ანალოგიური ვიდეო, ისევ კიევის ქუჩებში და იმავე ფრაზებით უთხრა ხალხს, რომ მათთანაა.
- კიევი, ყავისფერი სავარძელი და ხაკისფერი მაისური — ზელენსკის ტრიბუნა მსოფლიოსთან სასაუბროდ
- როგორ შეიცვალა მსოფლიო ომის 100 დღეში
ტრიოს ქვეყნების განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 2022 წელი ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის, რომლებმაც ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი წარადგინეს.
უკრაინამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი 28 თებერვალს მოაწერა, მოლდოვამ და საქართველომ კი — 3 მარტს და ეს კადრებიც ისტორიული მნიშვნელობის გახდა.
ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ უკრაინას და მოლდოვას მიანიჭა, საქართველომ კი ევროპული პერსპექტივა და რეკომენდაციები მიიღო.
შინ ევროპისკენ
20 ივნისს ქართველმა ხალხმა საკუთარი ევროპული არჩევანი პარლამენტთან დააფიქსირა — რუსთაველის გამზირზე, რომელიც პროტესტისა და თავისუფლების სიმბოლო არაერთხელ ყოფილა 100 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.
ევროპული პერსპექტივის დასაცავად აქციები ამის შემდეგაც არაერთხელ გაიმართა. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეებს რამდენჯერმე მოუწიათ იმის მტკიცება, რომ უკრაინას სოლიდარობას უცხადებდნენ და საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, მათ პოზიციას არ წარმოადგენდა.
მოლაპარაკებები...
ომის პირველ თვეებში აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, თუმცა მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყოლია. ერთადერთი რაც ცხადად ვიხილეთ იყო ის, როგორ განსხვავდებოდა რუსეთისა და უკრაინის დელეგაცია ერთმანეთისგან და ეს კადრიც ამ სხვაობის სიმბოლოდ იქცა.
რუსეთმა არაერთხელ სცადა მოლაპარაკების ჩაშლა და უკრაინის პროვოცირება. საბოლოოდ, 4 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას და ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები ოფიციალურად გამორიცხა. უკრაინა ითხოვს, რუსეთმა დატოვოს მათი ტერიტორია და მხოლოდ შემდეგ დათანხმდებიან საუბარს.
ბუჩა — რუსეთის სისასტიკე
ბუჩა, ირპენი, გოსტომელი — ქუჩაში მიტოვებული ცხედრები, დანგრეული და განადგურებული საცხოვრებლები, მასობრივი საფლავები. კადრები, რომლებიც გათავისუფლებულ ქალაქებში გადაიღეს მძიმე სანახავია.
განსაკუთრებით ემოციური იყო დაღუპული ქალის ხელი და ზელენსკის სახე ბუჩაში, რომელიც გამოხატავდა იმ სისასტიკეს, რაც რუსებმა ოკუპირებულ ქალაქებში ჩაიდინეს.
ომი ფოტოებში
რთულია მოკლედ ისაუბრო ომზე, რომელიც უკვე 10 თვეა გრძელდება და ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. იმის მიუხედავად, როგორ არ უნდა სცადოს რუსულმა პროპაგანდამ ისტორიის გადაწერა, მათი სისასტიკის კვალი ყოველთვის დარჩება უკრაინელების მეხსიერებაში და ჟურნალისტების გადაღებულ მძიმე კადრებზე.
რუსეთმა სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფო დაბომბა
ოჯახის წევრებს მარიუპოლის დაბომბვისას დაშავებული მცირეწლოვანი საავადმყოფოში მიჰყავთ — ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს
განადგურებული ქალაქი ირპენი
41 წლის მამა ემშვიდობება თავის 5 წლის შვილს რკინიგზის სადგურზე
აღმოსავლეთ ევროპის ლიდერები კიევში
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის ერთ-ერთი ვიზიტი და გასეირნება დედაქალაქში
კადრებში, რომლებშიც ჩანს, როგორ დატოვეს უკრაინელმა მებრძოლებმა აზოვსტალი და რა ემოციებით დაბრუნდა მათი ნაწილი ტყვეობიდან
- ფოტოები: რა პირობებში არიან მარიუპოლის დაჭრილი მცველები
- ფოტოები: მარიუპოლის მცველები ტყვეობამდე და შემდეგ
რუსული სარაკეტო შეტევების გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი დედაქალაქი
ზელენსკი გათავისუფლებულ ხერსონში
NATO-ს გაფართოება
ომით რუსეთმა მიიღო ის, რა "მიზეზითაც" ომი დაიწყო –— ნატოს გაფართოება. ფინეთმა და შვედეთმა 2022 წლის 18 მაისი ერთდროულად გადასცეს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ოფიციალური განაცხადი.
NATO-ში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა უკრაინის პრეზიდენტმაც. სწორედ ამ ნაბიჯით უპასუხა მან კრემლს უკრაინის 4 რეგიონის ანექსიის გამოცხადებაზე.
"ქალი, ცხოვრება, თავისუფლება"
წელს მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა ირანშიც — 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვას მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. ის ე.წ. მორალის პოლიციამ "ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის" დააპატიმრა და ფიზიკურად გაუსწორდა. მაჰსა მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პროტესტმა მთელი ქვეყანა, ყველა ქალაქი და პროვინცია მოიცვა. ქალები საჯაროდ იხსნიდნენ და წვავდნენ ჰიჯაბებს, იჭრიდნენ თმას და ანადგურებდნენ უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამეინის ფოტოებს.
აქციების დრო მოკლეს, სულ მცირე, 475 ადამიანი, 18 240-ზე მეტი კი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 61 სამართალდამცავი.
ელიზაბეთ II-დან ჩარლზ III-მდე
2022 წლის 8 სექტემბერს დედოფალი ელიზაბეთ II გარდაიცვალა. ტახტზე კი მისი შვილი ჩარლზი ავიდა.
პირველ ფოტოზე ხედავთ დედოფლის ბოლო კადრს, რომელიც მან გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, მაშინდელ ახალ პრემიერმინისტრთან, ლიზ ტრასთან გადაიღო. ტრასი ყველაზე მოკლევადიანი პრემიერი იყო დიდი ბრიტანეთის ისტორიაში. მეორე კადრზე კი ჩარლზი უკვე მონარქის როლშია.
დედოფალი ელიზაბეთისა და ლიზ თრასის შეხვედრა
ფოტო: EPA
მეფე ჩარლზ III-მ ფიცს ხელი მოაწერა
ფოტო: Victoria Jones/Pool Photo via AP
ბონუსი
წლის მთავარი 22 პოლიტიკური კადრი უკვე გაჩვენეთ, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც მრავალმხრივ განხილვადი თემა იყო. პირველი მიზეზი ჩემპიონატის კატარში ჩატარება გახდა, მეორე კი განსაკუთრებით მოულოდნელი შედეგები — გამარჯვება და მარცხი.
თუმცა, მთავარი, რასაც ყველა ელოდებოდა, შეძლებდა თუ არა არგენტინა და ლიონელ მესი დიდი ხნის ოცნების ასრულებას და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მიღებას. ასეც მოხდა.
არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებას ზეიმობს
ფოტო: Jabin Botsford/The Washington Post/Getty Images
ბუენოს აირესში მოქალაქეები ზეიმობენ მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების გამარჯვებას
ფოტო: Rodrigo Abd/AP
არსებობს კიდევ ასეულობით კადრი, რომელიც 2022 წლის მოვლენებს ისტორიას შემოუნახავს.
კომენტარები