ჩვენ ვირჩევთ ტოლერანტობას — ანტიდისკრიმინაციული პრაქტიკა და კანონმდებლობა საქართველოში
უცხო ქვეყნის მოქალაქეების და მიგრანტების შესახებ საზოგადოებაში არაერთი მითი და სტერეოტიპი არსებობს. საზოგადოების ნაწილი მათ მიმართ დისკრიმინაციულადაცაა განწყობილი. ამ ყველაფროს ერთ-ერთი მიზეზი კი საზოგადოების არაინფორმირებულობაა.
სწორედ ქსენოფობიასთან ბრძოლისა და მიგრანტთა უფლებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) წამოიწყო კამპანია ჩვენ ვირჩევთ ტოლერანტობას — #ჩვენშისაერთომეტია. IOM იცავს მიგრანტთა უფლებებს, ღირსებას და კეთილდღეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ორგანიზაცია საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
2021 წელს IOM-მა საქართველოში მიგრანტების მიმართ საზოგადოებისა და მედიის დამოკიდებულებაზე კვლევა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა დიდ ნაწილს სურდა ურთიერთობის დამყარება სხვადასხვა წარმომავლობის უცხოელ მიგრანტებთან, მხოლოდ გამოკითხულთა 1-დან 3%-მდე მიიჩნევდა, რომ მიგრანტებმა ქვეყანა უნდა დატოვონ.
გამოკითხული მოსახლეობის ნაწილი დარწმუნებული იყო მიგრანტების პოზიტიურ ეკონომიკურ წვლილში, მათ უნარებსა და ცოდნაში. თუმცა, 39,3%-ს არ სჯერა, რომ რასობრივი და ეთნიკური მრავალფეროვნება საქართველოს გახდის საცხოვრებლად უკეთეს ადგილად. მიგრანტებთან დაკავშირებული შიშები უფრო მეტად ეხებოდა გრძელვადიან კულტურულ ტენდენციებს, კერძოდ, ძველი ქართული ტრადიციების შესუსტებას და რელიგიური აქტივობების დაქვეითებას.
აღსანიშნავია, რომ IOM-ის მიერ გამოკითხული ადამიანების ნაწილმა მტკიცე მხარდაჭერა გამოთქვეს უცხოელი სტუდენტებისა და კონფლიქტების გამო დევნილი პირების მიღებაზე. მათი აშკარა უმრავლესობა მხარს უჭერდა სახელმწიფოს აქტიური ინტეგრაციის პოლიტიკას, რომელშიც პრიორიტეტების ხაზგასმით აღინიშნა ენის სწავლა და ადგილობრივი ადათ-წესების გაცნობიერება.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს ჰკითხა რა დამოკიდებულება ექნებოდათ, თუ მათი შვილი საქართველოში ჩამოსულ მიგრანტთან დაქორწინებას გადაწყვეტდა. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა დადებითად არის განწყობილი ეთნიკურად უკრაინელი, რუსი, ბერძენი და ამერიკელი მიგრანტების მიმართ, ხოლო უარყოფითად ეთნიკურად ირანელი, სირიელი, ჩინელი, სომეხი, ინდოელი, თურქი და აზერბაიჯანელი მიგრანტების მიმართ.
1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკოს მიერ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ მიღებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ პირველ რიგში ტოლერანტობა აქტიური დამოკიდებულებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს სხვა ადამიანების საყოველთაო უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების აღიარება. ტოლერანტობა თავისუფლებაა მრავალფეროვნებაში და ეს არა მხოლოდ მორალური ვალი, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნაცაა.
IOM-ის კამპანიის, კანონმდებლობისა და საქართველოში ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსს, ქეთი შუბაშვილს ვესაუბრეთ.
ქეთი საუბარს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტის მნიშვნელობით იწყებს. როგორც ის ამბობს, კამპანია სხვადასხვა აქტივობას მოიცავს, მათ შორისაა დიალოგები მიგრანტთა და ზოგადად თანასწორობის უფლებების შესახებ, ასევე, ქალაქებში ბილბორდები შესაბამისი მესიჯებით და სხვა.
"ამ პროექტის მიზანი არის არასამართლებრივ, მარტივ ენაზე ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანა, რათა მან მეტი გაიგოს ზოგადად თანასწორობის შესახებ — რატომ არის მნიშვნელოვანი თანასწორობის უფლების დაცვა, რა ვალდებულებები აქვთ არამხოლოდ ხელისუფლებას, არამედ საზოგადოების ცალკეულ წევრებს ამ მიმართულებით და უფრო ფოკუსირებულად საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია მიგრანტების შესახებ".
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ამბობს, რომ საზოგადოებაში გავრცელებული შიშებისა და წარმოდგენების მიზეზი ობიექტური და სწორი ინფორმაციის არსებობის ნაკლებობაა.
"სახალხო დამცველის პრაქტიკაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ დისკრიმინაციას განაპირობებს არასწორი ინფორმაცია, ფობიების და სტერეოტიპების ქონა და ამ ფობიებსა და სტერეოტიპებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღება და არა რამე ობიექტური გარემოებები".
ქეთი იმ სოციალურ ჯგუფებს ასახელებს, რომლებიც სხვადასხვანაირად, მაგრამ ყველაზე ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას.
"ჯგუფები, ვის მიმართაც ხდება სტერეოტიპებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება, არის ლგბტ თემი, ადამიანები მათი ეთნიკური და ეროვნული წარმომავლობის გამო, ასევე, სხვა მხრივ, მაგრამ ქალებიც არიან დისკრიმინაციის მსხვერპლები, შშმ პირები, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები".
2014 წელს პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, რომლის მიზანიც დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფაა.
ქეთი გვიყვება, რომ დაახლოებით ამ პერიოდიდან საზოგადოებაში დაიწყო აქტიური დისკუსია დისკრიმინაციის აკრძალვისა და თანასწორობის შესახებ. მისი თქმით, ეს დისკუსია არ არის ყოველთვის დადებით ჭრილში წარმართული, რადგან ხშირად სხვადასხვა სივრცეში ის შეიძლება იყოს აგრესიული, უარყოფითი, მათ შორის წარმოადგენდეს თავდასხმას კონკრეტულ სოციალურ ჯგუფზე, თუმცა მისი დადებითი მხარე ისაა, რომ საუბარი დაწყებულია და ტერმინები თანასწორობა და დისკრიმინაცია აღარ არის უცხო ფართო საზოგადოებისთვის.
"ძირითადად სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცები და სახალხო დამცველი ვხვდებით ხოლმე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს, როგორც სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, პროკურორებს, გამომძიებლებს, ასევე მოსახლეობის ჯგუფებს, მათ შორის რეგიონებში და ვცდილობთ, ავუხსნათ თანასწორობის არსი. ამან, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში გარკვეული დადებითი შედეგი გამოიღო.
მაგალითად, ერთ-ერთ სოციალურ ქსელზე თუ გავამხვილებთ ყურადღებას, ვთქვათ, ლგბტქ თემზე, ბოლო კვლევების თანახმად, რომელიც, დაახლოებით, 2 თვის წინ გამოქვეყნდა, ვნახავთ, რომ საზოგადოებაში მათ მიმართ დამოკიდებულება გაუმჯობესებულია. ეს შედეგები გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ მსგავსი კამპანიები, როგორიც ამ შემთხვევაში მიგრანტთა საერთაშორისო ორგანიზაციის კამპანიაა, შედეგისმომტანია. ეს შედეგი შეიძლება ვერ ვიგრძნოთ ხვალ და ზეგ, მაგრამ ვიგრძნოთ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე შესაძლოა შეუმჩნევლად, მაგრამ პროგრესი მაინც გვაქვს".
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის თქმით, კანონის აღსრულების უმთავრესი ვალდებულება ხელისუფლებას ეკისრება, თუმცა ადამიანებსაც გვაქვს ვალდებულება, რომ თანასწორობის პრინციპის შესაბამისად მოვიქცეთ.
გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, საუბრისას ყურადღება გავამახვილეთ უკრაინიდან საქართველოში შემოსული ადამიანების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე. სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი მიგრანტების მიმართ ცუდი დამოკიდებულება ნაკლებად შეინიშნება, საზოგადოების ცნობიერების გაზრდა ამ მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანია.
"ქვეყანაში მიგრანტების მიმართ დადებითი დამოკიდებულებით შესაძლოა ისარგებლონ მიგრანტებმა ნებისმიერი ქვეყნიდან. საბედნიეროდ, უკრაინელი მიგრანტების მიმართ განსაკუთრებით ცუდი დისკრიმინაციური დამოკიდებულებები არ გამოვლენილა, თუმცა თავისთავად იმის გაცნობიერებაში თუ რა საჭიროებები შეიძლება ჰქონდეთ მიგრანტებს, მათ შორის უკრაინიდან ჩამოსულ ადამიანებს რა ხელშეწყობა შეიძლება დასჭირდეთ, მსგავს პროექტებს დადებითი წვლილი შეაქვთ".
დღესდღეობით ქვეყანაში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის იმ ფუნდამენტური ღირებულებების მნიშვნელობის ახსნა, რომელთა გარეშეც ვერ იარსებებს დემოკრატიული საზოგადოება, ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივა და მომავალი.
დღეს, ისე როგორც არასდროს, უკიდურესად შეუწყნარებელ და პოლარიზებულ გარემოში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია ადამიანის ღირსების, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად.
წაიკითხეთ კამპანიაში მონაწილე მიგრანტების ისტორიები:
იმისათვის, რომ შეამოწმო, რამდენად ტოლერანტული ხარ, შეავსე ტესტი ამ ბმულზე.
კომენტარები