6 დღე და 6 მესიჯბოქსი
ევროკომისიის კრიტიკული დასკვნა 17 ივნისს გამოქვეყნდა. ქართული ოცნების წინა განცხადებებმა შექმნა მოლოდინი, რომ კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაციის ვერმიღების შემდეგ, ნაცად ხერხს მიმართავდნენ და ამ წარუმატებლობასაც სრულად "რადიკალურ ოპოზიციას" დააბრალებდნენ. თუმცა, რიტორიკა უფრო მრავალფეროვანი გახდა — ამ დღეებში 6 მესიჯბოქსი მოვისმინეთ.
1. პერსპექტივაც უნდა გვიხაროდეს
ევროკომისიის რეკომენდაციას მმართველი პარტია მალევე საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. სწორედ აქ გავიგეთ, რომ თურმე მოსალოცად გვქონია საქმე.
ბრიფინგის პირველივე წუთებიდან ირაკლი კობახიძე ცდილობდა ისე წარმოეჩინა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არავითარ ფინანსურ, მატერიალურ პრივილეგიას არ ანიჭებს, რომ არმიღება გულდასაწყვეტია, მაგრამ ევროპული მისწრაფების აღნიშვნა "წინგადადგმული ნაბიჯია".
"მოხარული ვართ, რომ დღეს ეს პერსპექტივა ევროპულმა კომისიამ ოფიციალურად აღიარა და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის კონკრეტული გზამკვლევიც შემოგვთავაზა", — თქვა კობახიძემ და მალევე გაიმეორა მდინარაძემაც.
მეტიც, სწორედ პერსპექტივის აღიარება მოიყვანა ხელისუფლებამ მიზეზად, როცა ევროკავშირისთვის "ფარდის ახდა" გადაიფიქრა. არადა, სულ რამდენიმე დღით ადრე იმუქრებოდნენ, რომ ამას იზამდნენ, თუ გადაწყვეტილება "უსამართლო" იქნებოდა.
იმავე ხერხს მიმართა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც. ის დასკვნას რამდენიმე დღეში მთავრობისა და პარლამენტის სხდომებზე გამოეხმაურა, სიტყვა მოლოცვით დაიწყო და გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა. მაგრამ იქვე ახსენა ნაციონალური მოძრაობა და უკრაინის ხელისუფლებაც და ისევ დაიწყო იმის მტკიცება, თითქოს ისინი ხელს უშლიდნენ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
ამას პასუხი გასცეს ევროპარლამენტარებმაც. მათ განაცხადეს, რომ ოპოზიიციის წევრები ბრიუსელში სულ სხვა მიზნით იმყოფებოდნენ.
2. მმართველ გუნდს კი არა, ოპოზიციას ჰყავს ოლიგარქები
ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით, ქვეყანამ დეოლიგარქიზაციის ვალდებულება უნდა შეასრულოს. თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რომელი ოლიგარქს გულისხმობენ. ბუნებრივია, კითხვები ქართული ოცნების დამფუძნებელზე, ბიძინა ივანიშვილზე გაჩნდა. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ევროპარლამენტარების რეზოლუციაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მისთვის სანქციების დაწესების მოწოდებას ეხებოდა.
ირაკლი კობახიძემ პირველივე შემთხვევა გამოიყენა და ისრები ივანიშვილიდან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ფორმულას დამფუძნებელ, დავით კეზერაშვილისკენ მიმართა. ამას არ დასჯერდა და ივანიშვილს ფილანტროფი და ქველმოქმედიც უწოდა. ასე გაჟღერდა კიდევ ერთი მესიჯბოქსი.
"ვერავითარი ფაქტით და არგუმენტით ეს ვერ იქნებოდა ნაგულისხმევი და არც არის ნაგულისხმევი", — ამბობდა კობახიძე.
ეს მალევე აიტაცეს ქართული ოცნების სხვა წევრებმაც. მაგალითად, სოზარ სუბარმა ბიძინა ივანიშვილის შესახებ ფორმულას ჟურნალისტის კითხვას ასე უპასუხა: "თქვენ ხართ ის ტელევიზია, რომელსაც აფინანსებს კეზერაშვილი, ყველაზე საზიზღარი ოლიგარქი".
მმართველი პარტია ამას არ დასჯერდა. დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ოლიგარქის მნიშვნელობის განმარტების სწავლისკენ მოგვიწოდა. ამასობაში კი თვითონ ასე ესმის — ივანიშვილი ოლიგარქი ვერ იქნება, რადგან "ფული საქართველოში არ უშოვია". როგორც ჩანს, ღარიბაშვილს ზარქუას განმარტება მოეწონა და პარლამენტში ეს თავადაც გაიმეორა.
აღსანიშნია ისიც, რომ პრემიერმინისტრმა "ოლიგარქების წრე" გააფართოვა. სიას ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე და გიული და თემურ ალასანიები დაემატა, მაგრამ თან ფიქრობს, რომ "დეოლიგარქიზაცია უკრაინას უფრო ეხება, ვიდრე საქართველოს".
3. უკრაინას და მოლდოვას ვჯობივართ, ეს ქვეყნები ომის გამო წაახალისეს
ქართული ოცნება ამტკიცებდა იმასაც, რომ ასოცირებული ტრიოს დანარჩენი ორი ქვეყანა საქართველოს ბევრი მიმართულებით ჩამორჩება. კობახიძე რეკომენდაციის არმიღებას ხსნიდა იმით, რომ ისინი "არა ექსპერტულ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებენ". თან ჩამოთვალა პარამეტრები, რომელშიც, მისი აზრით, საქართველო უკრაინასა და მოლდოვას "წინ უსწრებს".
"უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ერთგვარი მცირედი წახალისება, რაც ჩვენს მეგობარ ქვეყანას ევროკავშირისგან უსათუოდ უნდა მიეღო", — თქვა მან.
აქვე გაატარა აქამდე არაერთხელ გაჟღერებული ანტიდასავლური ნარატივი ომში ჩათრევაზეც და ისე წარმოაჩინა, თითქოს სტატუსის მისაღებად მსხვერპლია საჭირო. მისი თქმით, საქართველოს უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით ამ სტატუსის მისაღებად "აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია".
"გვესმის, რომ 14 და მით უმეტეს 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლსა და დაღვრილ სისხლს და 300 000 დევნილს დღეს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის უკვე აქტუალობა აქვს დაკარგული", — თქვა პარტიის თავმჯდომარემ.
ხელისუფლების პროპაგანდისტული განცხადებების ფონზე ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ არავინ ითხოვს საქართველოს ომში ჩართვას და საჭიროა, მთავრობამ EU-ის ინსტიტუტებს ბოდიში მოუხადოს
- გრეგოროვა: სტატუსითვის, რუსეთთან ომი კი არ უნდა აწარმოოს, დემოკრატიული რეფორმები გაატარონ
- კალიურანდი: ევროპარლამენტში არავის სურს, რომ საქართველოში ომი იყოს
ეს იყო დასაწყისი იმ მესიჯბოქსისა, რომელიც ღარიბაშვილმა მომდევნო დღეებში განავრცო. თავდაპირველად, უკრაინისა და მოლდოვასთვის რეკომენდაციის მიცემა ქვეყნებში არსებულ "მძიმე მდგომარეობას" დაუკავშირა და თქვა, რომ მათი "ნამდვილად არ შურს". ამის დაგვირგვინება კი იმაზე საუბარი იყო, რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსს წამახალისებელ ავანსად აძლევენ.
იგივე გაიმეორა ორი დღის შემდეგაც. ოღონდ ამას დამატებით "წამახალისებელი მექანიზმი" უწოდა და თქვა, რომ უკრაინაში ომი აღმოჩნდა "გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მისცეს კანდიდატის სტატუსი". ვრცელი სიტყვა მიუძღვნა მოლდოვასაც.
"თქვენ ნახეთ, რომ როგორც უკრაინა, ისევე მოლდოვა ჩამორჩება საქართველოს, ბევრი მიღწევისა და პარამეტრის მიხედვით. მოლდოვაც ომთან გათანაბრებულ მდგომარეობაში არის აღქმული, ვინაიდან მოსაზღვრე სახელმწიფოა. გამოწვევები ბევრად უფრო რთული აქვთ მათ როგორც ეკონომიკურად, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით და მოლდოვასაც სხვა პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით მიენიჭა სტატუსი", — თქვა მან.
4. გეოგრაფია, როგორც ბარიერი კანდიდატის სტატუსისთვის
საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობაზე აპელირება მმართველმა პარტიამ ევროკომისიის დასკვნამდე დაიწყო. კობახიძემ ევროპელი ლიდერების განცხადება გაიგო ისე, თითქოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიული მდებარეობა უშლის ხელს.
"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სწორედ გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველომ უკრაინასა და მოლდოვაზე 2 წლით გვიან მიიღო ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა. ასევე, საქართველომ უკრაინაზე 4 და მოლდოვაზე 2 წლით გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის შესახებ, უკრაინაზე 3 და მოლდოვაზე 2 წლით გვიან მიიღო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და მოლდოვაზე 3 წლით გვიან, მაგრამ უკრაინაზე ადრე მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი", — თქვა მან ბრიფინგზე და იქვე დაამატა:
"გამოვთქვამთ იმედს, რომ გეოგრაფიული ფაქტორი მომავალში აღარ გახდება საქართველოსთვის კანდიდატის ან წევრის სტატუსის მინიჭების გაჭიანურების საფუძველი".
22 ივნისს, პარლამენტში მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას ამაზე ისაუბრა ღარიბაშვილმაც. სამწუხარო უწოდა იმას, რომ მოლოდინის მიუხედავად, რომელიც ქვეყანაში "გაკეთებულმა საქმეებმა" შექმნა, საქართველომ რეკომენდაცია ვერ მიიღო.
- "მოვისმინეთ შეფასებები, თითქოს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არის განსხვავებული, განსხვავებული გეოპოლიტიკური სიტუაცია არის".
- "მინდა, გავიხსენო და ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი ჯარისკაცების წინაშე, ვინც თავი გაწირა, თავი შესწირა ევროატლანტიკურ იდეას. მაშინ, როგორც ჩანს არ გახსენებია არავის არც ჩვენი გეოგრაფია, არც განსხვავებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და სიტუაცია".
5. ქართული ოცნების მხარდამჭერები "ნაცების აქციაზე"
შინ ევროპისკენ — ასე ერქვა 20 ივნისის აქციას, სადაც ათი ათასობით ადამიანი ევროპული მომავლის დასაცავად შეიკრიბა. მმართველი პარტია დაანონსების დღიდან აქტიურად ცდილობდა მის დისკრედიტაციას.
ზუსტად ერთი დღით ადრე კი ღიად აკავშირებდა ნაციონალურ მოძრაობასთან. მეტიც, მამუკა მდინარაძე ამბობდა, რომ აქციას, შესაძლოა, რუსეთი აფინანსებს. დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე კი პირდაპირ რუსული სპეცსამსახურების დაფინანსებულს უწოდებდა.
- კალაძე: "ეს არის ნაციონალური მოძრაობის აქცია. ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი".
- წილოსანი: "სამწუხაროდ, დღევანდელი აქციის ორგანიზატორებს არაფერი საერთო არ აქვთ ევროპულ ღირებულებებთან".
- პაპუაშვილი: "პოლარიზაციის გაზრდის მიზანს ემსახურება ხვალინდელი ეს თავყრილობა".
გზა ამ რიტორიკიდან აქციის მასშტაბის პირად დამსახურებად წარმოჩენამდე, გრძელი სულაც არ იყო. მესიჯბოქსი 21 ივნისს შეიცვალა, როდესაც ხალხის რაოდენობა ჯერ თვალით იხილეს, შემდეგ კი გამოთვლის მეთოდით დადგენილი მიახლოებული ციფრიც ნახეს — ფაქტი ჯიუტი აღმოჩნდა, ისევე, როგორც ხალხის სურვილი ევროინტეგრაციისკენ.
რა თქვეს ამჯერად? ენმ-ს ისევ ახსენებებდნენ, თუმცა ამტკიცებდნენ, რომ მასშტაბურ აქციაზე მათი მხარდამჭერებიც იყვნენ. მიხეილ ყაველაშვილმა ისიც კი თქვა, რომ მათი დამსახურებაა მოსახლეობის ევროპული მომავლის სურვილი და აქციაზე გამოსული ადამიანების უმრავლესობა. აქვე კობახიძემ აღიშნა:
"არის სამი მილიონი ადამიანი და მეტი საქართველოში დამატებით, რომელიც მხარს უჭერს ევროპას. ეს არის საქართველოს მოსახლეობის 85%".
- დავითულიანი: "იქ იყვნენ გასულები ადამიანები, ვინც სხვადასხვა პარტიის ამომრჩეველია, მათ შორის, პირადად ჩემი მეგობრებიც, რომლებიც ქართული ოცნების ამომრჩევლები არიან, იმ გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველო არის და იმსახურებს ევროპის სრულფასოვან წევრობას".
- ზარქუა: "მათ შორის ჩვენი მომხრეებიც, სხვა პარტიის მომხრეებიც გაერთიანებულნი იყვნენ ერთი მოთხოვნით — ევროპაში, ევროპისკენ, წინ".
- კალაძე: ენმ-ს მიერ ორგანიზებული იყო, არ ვამბობ, რომ აქციაზე მყოფები იყვნენ ნაციონალები
6. ბოლოს, ბიძინას მადლიერი ირაკლი და ირაკლის მადლიერი დეპუტატები
გუშინ პარლამენტში პრემიერმინისტრის სიძულვილის ენის და შეურაცხმყოფელი განცხადებების ფონზე ქართული ოცნების დეპუტატისგან, რომლებსაც მთარობის კონტროლი ევალებათ, კრიტიკა არ მოგვისმენია. როცა პოლარიზაცია ერთ-ერთ მთავარ პრობლემადაა დასახელებული, ღარიბაშვილის რიტორიკა სიტუაციას ნამდვილად არ აუმჯობესებდა. ამას თან ერთვოდა კრიტიკა ოპოზიციისგან, ყვიირილი და კამათი პლენარულ სხდომათა დარბაზში.
თუმცა, პრემიერის ნეგატიურ გზავნილებთან ერთად, დარბაზში ისმოდა პოზიტიური განცხადებებიც. ასე, მაგალითად:
- ლაშხი: მინდა, პირველ რიგში, მადლიერებით დავიწყო, თმენისთვის, მტკიცედ ჩვენი ეროვნული ინტერესის დაცვისთვის.
- მათიკაშვილი: მადლობა მინდა გადაგიხადოთ სამშობლოსა და ხალხის სიყვარულისთვის.
- ბერაძე: დიდი მადლობა და გამძლეობას გისურვებთ.
- კახაძე: მივესალმები ბატონ პრემიერს, პრინციპულ და ღირსეულ კაცს.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვერ ჩაივლიდა ისე, ირაკლი ღარიბაშვილისგან რომ არ მოგვესმინა, რომ ივანიშვილი ქვეყანაში ყველაზე დიდი ქველმოქმედია, რომელიც "უკიდეგანო ქველმოქმედებას" აკეთებს. მეტიც ივანიშვილი ოლგიარქიაში რომ გაემართლებინა, მაგალითად აშშ-ის ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამაც კი მოიყვანა.
"ბატონი პრეზიდენტი ბაიდენის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტ ობამას ძალიან ბევრი კადრი დაბრუნდა, როგორც თეთრ სახლში, ასევე, სხვადასხვა თანამდებობაზე. ეს იგივეა დაახლოებით, რომ დაბრალოთ ბატონ ობამას ოლიგარქიული ტიპის მმართველობა და არაფორმალური მმართველობა. მთავარი არგუმენტი რაც ამათ აქვთ, რომ ივანიშვილის ხალხია ყველა თანამდებობაზე. უკაცრავად და სააკაშვილის ხალხი ხომ არ იქნება?!"
ვნახოთ, კონკრეტულად ეს შედარება გახდება თუ არა პარტიის ახალი მესიჯბოქსი. მანამდე კი საბოლოო პასუხთან ერთად მმართველი გუნდისგან ახალ, უფრო ხმამაღალ განცხადებებსაც ველით, რომელიც ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას ხელს ნამდვილად არ უწყობს.
კომენტარები