რა (ვერ) მოგვარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის
2021 წლის პირველი თებერვლიდან თბილისში ყვითელი მიკროავტობუსები "გალურჯდა", ამას დეკემბერში ულიმიტო მგზავრობის სადავო სისტემა და შესაბამისი ტიპის ბარათების ამოქმედება მოჰყვა, რომელიც თავდაპირველად შეცდომით დაბეჭდეს.
21 მარტიდან ავტობუსების ნომრებიც შეიცვალა. ისედაც მუდმივად საცობში ჩაფლულმა თბილისმა ისევ გაუგებრობაში ამოყო თავი. შედეგად მუდმივად ტრანსპორტის მომლოდინე ხალხი, სამსახურში დაგვიანებული თანამშრომლები და გაურკვევლობაში მყოფი მგზავრები და მძღოლები მივიღეთ. დღესაც, ცვლილებებიდან 2 თვის თავზე, სხვადასხვა თემატურ ფეისბუქჯგუფში გაბრაზებული მოქალაქეების პოსტები არ წყდება.
2021 წლის 13 სექტემბერს, როცა იმჟამად თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სატრანსპორტო პროგრამა წარადგინა, ხალხს დაჰპირდა, რომ ქუჩებზე, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადიოდა, ხელმისაწვდომობას გაზრდიდა და მოცდის დროს 7 წუთამდე შეამცირებდა. ამას კი ახალი ავტობუსების დამატებითა და ყვითელი მიკროავტობუსების ლურჯით შეცვლით მოახერხებდა.
"საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს ყველაზე კომფორტული, ყველასათვის ხელმისაწვდომი ყველა რაიონში, ყველა უბანში, ყველა ქუჩაზე. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვაქვს ისეთი ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, გვაქვს ქუჩები, სადაც ლოდინის დრო 30-40 წუთია, რაც ძალიან ცუდია და ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში გვინდა 7 წუთამდე დავიყვანოთ მოცდის დრო. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსები შემოვიყვანოთ დედაქალაქში.
გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია მიკროავტობუსების, ე.წ ყვითელი მარშუტკების ჩანაცვლების პროგრამა. წლის ბოლომდე ვპირდები დედაქალაქის მოსახლეობას, არცერთი ყვითელი მარშუტკა არ იმოძრავებს დედაქალაქში, იქნება მხოლოდ განახლებული, ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა მარშუტკები", — ამბობდა კალაძე.
რამდენიმე პირობა შეასრულა, მათ შორის, ბოლოც — ფერი შეცვალა. კიდევ რა განახლდა, რამდენად გაუმჯობესდა მდგომარეობა, ან რა დაბრკოლებები შეიქმნა, ამის გარკვევა მოქალაქეებთან ვცადეთ.
დაგვიანებული ავტობუსები
"გაუსაძლისი მდგომარეობაა", — გვითხრა ნინიმ, როცა მისი ყოველდღიური სამგზავრო რუტინის დახასიათება ვთხოვეთ. ამბობს, რომ ავტობუსები დღის ნებისმიერ მონაკვეთში დიდი ინტერვალით მოძრაობს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა საღამოს, ე.წ პიკის საათისას.
"რაც ბოლო პერიოდში ხდება არის კატასტროფა", — ამბობს მარიამი. მას საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა დღის თითქმის ყველა მონაკვეთში უწევს, რადგან სამსახურის გამო უმეტეს დროს გარეთ ატარებს. მიიჩნევს, რომ გადაადგილების ეს მეთოდი, თუნდაც სტუდენტური შეღავათების გამო, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. თუმცა აღნიშნავს, რომ დილის და საღამოს პიკის საათებში ტრანსპორტამდე მიღწევა განსაკუთრებულად ჭირს.
"აჭარბებს ლოდინის დროს, მოდის მხოლოდ 1 ავტობუსი, ისიც უდიდესი ინტერვალით და ათობით ადამიანი ერთმანეთზე აკრული მგზავრობს. ერთ-ერთი ასეთი მგზავრობის დროს ცხელ ხაზზე დავრეკე და ოპერატორმა ირონიულად მითხრა ვაკე-წყნეთის მარშრუტი საერთოდ არ ფიქსირდება ახლა და ვერაფრით დაგეხმარებითო. სრული განუკითხაობაა", — ამბობს ის.
სალომე დამატებით ტაბლოების პრობლემას ასახელებს. მისი თქმით, საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც ტრანსპორტის მოსვლის დრო ასახული არ არის ან მითითებულ დროს არ მიდის. ანას თქმით, კი ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში დამონტაჟებულ მონიტორები, სადაც წესით გაჩერებები უნდა ეწეროს, გამორთულია და ასეთი ინფორმაცია დატანილი არ არის.
იმის გასარკვევად, რამდენი საჩივარი დაფიქსირდა ავტობუსების დაგვიანებაზე, ხანგრძლივ ინტერვალსა და ორიენტირების პრობლემაზე და რა ნაბიჯები იდგმება მოსაგვარებლად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მივმართეთ. პასუხების მისაღებად, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისკენ მიგვითითეს, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
"თუ ააღწევ" მიკროავტობუსში
ნინი და მარიამი მიკროავტობუსებში მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვაზეც გვესაუბრენ, რაც ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანის აკრძალვას გულისხმობს. რეგულაციას ემხრობიან და ასე მგზავრობა მათთვის ბევრად კომფორტულია, თუმცა, აღნიშნავენ, რომ ამან ლოდინის დრო კიდევ უფრო გაახანგრძლივა და გაჩერებაზეც მუდმივად რიგებია.
"ელოდები 15 წუთი, შემდეგ მაინც ვერ ადიხარ ტრანსპორტში და გიწევს დაელოდო სხვა მიკროავტობუსს, კიდევ ამდენივე ან უფრო მეტი ხანი", — გვითხრა ნინიმ.
მარიამიც ამბობს, რომ ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობს მაშინ, როცა "აღწევის საშუალებაა". მისი თქმით, ამ პრობლემების გამო ბევრს ტაქსით უწევს გადაადგილება, რაც დამატებითი ხარჯია.
მოქალაქეთა ნაწილს ქალაქში ორიენტირებაც გაურთულდა, რისი მიზეზიც ნომრების შეცვლაა. როგორც ნინი გვეუბნება, დაბნეული ადამიანების რიგში თავადაც აღმოჩნდა. მისი თქმით, კონკრეტული ტრანსპორტის ნომრის მოძებნა ყოველ გაჩერებაზე გუგლში უწევს.
მარიამი ამბობს, რომ ცვლილებაზე ინფორმირებული არ იყო და დილით იმგზავრა ტაქსით ძველი ნომრები იყო, ხოლო რამდენიმე საათში შეცვლილი დახვდა. მისივე თქმით, საჭირო ინფორმაცია არც ტელევიზიასა ან ინტერნეტში შეხვედრია და კონტროლიორებმაც არ იცოდნენ, ეს მუდმივი იყო თუ დროებითი.
იგივე პრობლემები აქვს თამთასაც. ტრანსპორტის ნომრების ცვლილებაზე ინფორმირებული არ იყო და ორშაბათს დილით, სამსახურში წასვლის წინ აღმოაჩინა. ამბობს, რომ გაჩერებაზე სხვებიც დაბნეულები იყვნენ.
"15 წუთი ვიდექი და ტაბლოს იმ იმედით ვუყურებდი, რომ ჩემი ნაცნობი ნომერი დაეწერებოდა, მაგრამ არა. მოგვიანებით ინფორმაცია ერთ-ერთ მედიაზე ვნახე და დღემდე ამ ნიუსით ვხელმძღვანელობ", — გვეუბნება ის.
გაურკვევლობაში არიან სამარშუტო ტაქსების მძღოლებიც. მათ მდგომარეობას ისიც "ამძიმებს", რომ პრეტენზიების პირველი სამიზნე ხდებიან. ალბათ, თქვენც შესწრებიხართ, როგორ ცდილობს მგზავრი მიკროავტობუსში ასვლას მაშინ, როდესაც ადგილი არ არის, ან როგორ ეკამათება მძღოლს დაგვიანებისთვის, ის კი თავის მართლებას "განრიგის დაცვით" ცდილობს.
გამონაკლისი
ცალკე გაურკვევლობა წარმოშვა მგზავრთა რაოდენობაზე შეზღუდვის ნაწილობრივ შემსუბუქებამ. კერძოდ, ზოგიერთ მიკროავტობუსში 5 ადამიანის ფეხზე დგომა დაიშვა, ასევე, შესაძლებელი გახდა მძღოლის გვერდითა სკამებზე ჯდომა. მოქალაქეებისთვის გაუგებარია, რატომ შეეხო ეს ცვლილება, მხოლოდ კონკრეტული ხაზის მიკროავტობუსებს და არა ყველას.
ამ კითხვით თბილისის მიკროავტობუსების კომპანიას მივმართეთ. მათი განმარტებით, ეს ცვლილება მგზავრთა რაოდენობის გაზრდისა და მოქალაქეთა პრეტენზიების გამო დაუშვეს.
"თავისი მიზეზები აქვს — მგზავრთა ნაკადი არის ძალიან გაზრდილი და ზუსტად იმის გამო, რომ მგზავრების მხრიდან იყო ძირითადად შემოსული პრეტენზიები, საჩივრები, რომ მძღოლი არ აძლევდა ფეხზე დადგომის საშუალებას, კონკრეტულ მარშუტებზე, და ასეთი სულ რამდენიმეა, პიკის საათებში ტექნიკური პასპორტით გათვალისწინებული მგზავრთა რაოდენობის ფეხზე დადგომის საშუალება მიეცათ", — გვითხრეს კომპანიაში.
მათივე თქმით, მიღებული რეგულაციის შემდეგ მოქალაქეთა საჩივრებმა იკლო. თუმცა ამ საკითხზე მუდმივი მონიტორინგისა და დაკვირვების პროცესი მიმდინარეობს და სხვა ნაბიჯების გადადგმაც არაა გამორიცხული.
"ეს დინამიური პროცესია. მგზავრთა კონკრეტული რაოდენობა არ არსებობს, პერიოდულად მგზავრთა ნაკადი იმატებს ან მცირდება. ჩვენი მხრივ, მერიასთან ერთად, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოვერგოთ არსებულ მგზავრთა რაოდენობაში ამ დინამიკას. ამ საკითხში საკრებულოცაა ჩართული", — ამბობენ ისინი.
რაც შეეხება ნომრების ცვლილებას, გვითხრეს, რომ ამაზე მიკროავტობუსთა მომხმარებლებისგან პრეტენზიებს არ იღებენ.
მძღოლების "თვითნებობა"
ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ ინფორმაციის ნაკლებობაა მძღოლებშიც და იხსენებს შემთხვევას, როდესაც იმ მიკროავტობუსში, სადაც მგზავრებს ფეხზე დგომა შეეძლოთ, მძღოლმა ამის საშუალება არ მისცა.
პრობლემად ასახელებენ იმასაც, რომ მძღოლები არ მიყვებიან არსებულ მარშრუტს და გზას სურვილის მიხედვით ცვლიან.
"ბევრჯერ ამრევია გზაც, რადგან მძღოლები ზოგჯერ მათთვის უფრო ხელსაყრელი გზიდან დადიან და მგზავრი წაგებული რჩება", — ამბობს მარიამი.
28 აპრილს კალაძემ განაცხადა, რომ ახალი სატრანსპორტო პროგრამის ამოქმედების შემდეგ 200-ზე მეტი მძღოლი დაჯარიმდა. მიზეზად კი მათი "თვითნებურად მოქცევა" დაასახელა. მერი ამბობდა, რომ ბოლო პერიოდში მგზავრების მხრიდან მიკროავტობუსების მძღოლებზე სხვადასხვა პრეტენზია ისმის. ძირითადი პრობლემად კი ისინი მოთხოვნის მიუხედავად მიკროავტობუსების გაჩერებაზე უარის თქმას ასახელებენ. მან ტრანსპორტის მომხმარებლებს ცხელ ხაზზე დარეკვა ურჩია — 272 22 22.
"ეს, შესაძლოა, გამოწვეული იყოს სატრანსპორტო საშუალებაში თავისუფალი ადგილის არარსებობით და ამიტომ არ აჩერებდეს მძღოლი, თუმცა, არ უარვყოფთ, რომ თვითნებობის შემთხვევებიც ფიქსირდება", — აღნიშნა მან.
კალაძემ თქვა ისიც, რომ არსებობს შემთხვევები, როცა ტრანსპორტში ადგილი არის, თუმცა მძღოლი არ აჩერებს და ამ დამოკიდებულებას "მიუღებელი" უწოდა. მერი მოსახლეობას ხარვეზების აღმოფხვრასაც დაჰპირდა.
მანვე განმარტა, რომ ცვლილებებამდე მიკროავტობუსებს ყველგან შეეძლოთ მგზავრის აყვანა და გაჩერება, რაც გადაადგილების დროს ზრდიდა და ხელს უშლიდა სხვა სატრანსპორტო საშუალებებს. ახლა კი ეს ყველაფერი შეიცვალა.
ამ დაპირებიდან თითქმის ერთი თვე გავიდა, პრობლემა რჩება. ყოველ დილით გაჩერებებთან ისევ ვუსმენთ სამსახურში დაგვიანებული ადამიანების კამათს, ერთმანეთზე და განსაკუთრებით მძღოლებზე განაწყენებულ მგზავრებს და კიდევ უფრო დიდ გაუგებრობაში აღმოჩენილ თბილისს.
კომენტარები