როგორ გვეხმარება საკუთარ "მომავალ მე-ზე" ფიქრი ბედნიერების მოპოვებაში
თუ მეტად ვიფიქრებთ იმაზე, ვინ ვიქნებით მომავალში, ამას ჩვენს ჯანმრთელობაზე, ბედნიერებასა და ფინანსურ უსაფრთხოებაზე დიდი სასიკეთო გავლენა შეიძლება ჰქონდეს.
ერთი წუთით წარმოიდგინეთ საკუთარი თავი 10 წლის შემდეგ. შეიძლება, თქვენს წარმოდგენებში თმაში ახალი ჭაღარები, სახეზე კი ერთი-ორი ნაოჭით მეტი გქონდეთ. შეიძლება, მატერიალური მდგომარეობის ცვლილებასაც იმედოვნებდეთ. თუმცა მთავარი აქ ისაა, გრძნობთ თუ არა ფუნდამენტურ სიახლოვეს იმ ადამიანთან, რომელიც წარმოიდგინეთ?
გასული ათწლეულის მრავალრიცხოვანი ფსიქოლოგიური კვლევების მიხედვით, ამ კითხვაზე ადამიანების პასუხები ხშირად ძალიან განსხვავებულია, რაც მათი ქცევითი ტენდენციების შესახებ მოულოდნელ ფაქტებს ააშკარავებს.
ზოგიერთი ადამიანი ცხადად წარმოიდგენს საკუთარ მომავალ მე-ს, რომელიც მათ ამჟამინდელ იდენტობასთან ძალიან ახლოსაა. როგორც წესი, ეს ადამიანები უფრო მეტ პასუხისმგებლობას იჩენენ ფულთან დაკავშირებით და გარშემომყოფების მიმართაც ეთიკური მოპყრობით გამოირჩევიან. ამ ადამიანებს მომავალი ცხოვრების გამარტივება სურთ და ცდილობენ, შესაბამისად იმოქმედონ.
ის ადამიანები კი, რომელთაც საკუთარი მომავლის წარმოდგენა უჭირთ, როგორც წესი, ნაკლებად არიან პასუხისმგებელნი თავიანთ ქცევაზე. ისინი თავიანთ მომავალ მე-ს ხედავენ როგორც განცალკევებულ ადამიანს, რომელსაც ახლანდელ იდენტობასთან მცირე კავშირი აქვს — შედეგად, მათ გაცილებით ნაკლებად აწუხებთ თავიანთი ქმედებების გრძელვადიანი შედეგები.
ჩვენს მომავალ მე-ზე ისე შეგვიძლია ვიფიქროთ, როგორც ურთიერთობაზე, რომელიც ზრუნვასა და განვითარებას საჭიროებს. საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე მარტივი სტრატეგია, რომელიც თქვენი მომავალი ვერსიის მიმართ თანაგრძნობის გამომუშავებაში დაგეხმარებათ — ეს კი თქვენს ჯანმრთელობაზე, ბედნიერებასა და ფინანსურ უსაფრთხოებაზე სიღრმისეულად შეიძლება აისახოს.
ფილოსოფიური საწყისები
მომავალი მე-ს შესახებ ბოლოდროინდელი ფსიქოლოგიური კვლევების ფესვებს ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის ისეთი ფილოსოფოსების ნაშრომებში ვხვდებით, როგორიც ჯოზეფ ბატლერია. "თუ დღევანდელი და ხვალინდელი მე არ არის ერთი და იგივე პიროვნება, არამედ მხოლოდ მსგავსი ადამიანები არიან, დღევანდელ მე-ს იმაზე მეტად არ დააინტერესებს, რა დაემართება ხვალინდელ მე-ს, ვიდრე სხვა ადამიანს", — წერდა ბატლერი 1736 წელს.
ეს თეორია მოგვიანებით გაიზიარა და განავრცო ბრიტანელმა ფილოსოფოსმა, დერეკ პარფიტმა, რომლის ნაშრომმაც ახალგაზრდა მკვლევრის, ჰალ ჰერშფილდის ყურადღება მიიპყრო. "ეს ძალზედ დამაჯერებელი იდეაა", — ამბობს ჰერშფილდი, კალიფორნიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარკეტინგსა და ფსიქოლოგიაში. ჰერშფილდი ეჭვობდა, რომ ჩვენი მომავალი მე-სგან გათიშვამ შეიძლება ადამიანის ქცევის მრავალი ირაციონალური ასპექტი ახსნას — მათ შორის, პენსიაზე გასვლისთვის დანაზოგის დაგროვებაზე უარის თქმა.
ამ ჰიპოთეზის დასამტკიცებლად ჰერშფილდს ჯერ უნდა ეპოვა გზა ადამიანის "მომავლის თვითგანგრძობითობის" გასაზომად, რისთვისაც იგი მარტივ სქემას დაეყრდნო. ეს სქემა შედგება სხვადასხვა ხარისხით გადაკვეთილი წყვილი წრეებისგან, რომელთაგანაც თითოეული ამჟამინდელ მე-ს და მომავალს მე-ს განასახიერებს. მონაწილეებს უნდა დაედგინათ, თუ რომელი წყვილი აღწერდა ყველაზე კარგად მათ კავშირს 10-წლიანი დაშორებით არსებულ მომავალ მე-სთან.
ჰერშფილდმა შემდეგ ეს პასუხები ფინანსური დაგეგმვის გაზომვის სხვადასხვა მეთოდს შეადარა. ერთ-ერთ ექსპერიმენტში მონაწილეებს შეეძლოთ, მალევე მიეღოთ მცირე ჯილდო ან უფრო დიდ ჯილდოს დალოდებოდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, მონაწილეები, რომლებიც მომავალთან უფრო დიდ კავშირს გრძნობდნენ, მეტად გამოხატავდნენ მზაობას, გადაევადებინათ კმაყოფილება და დიდი ჯილდოსთვის მოეცადათ.
იმის შესამოწმებლად, შეესაბამებოდა თუ არა გონივრული ფინანსური დაგეგმვის ეს ტენდენცია რეალურ ცხოვრებისეულ ქცევას, ჰერშფილდმა თავისი ექსპერიმენტის მონაწილეების დანაზოგებს შეხედა. მართლაც, მან აღმოაჩინა, რომ რაც უფრო მეტად გრძნობდა მონაწილე თავის მომავალ მე-სთან კავშირს, მით უფრო მეტ ფულს აგროვებდა.
უკან მომავალში
ჰერშფილდის შემდგომმა კვლევამ ეს ფენომენი ცხოვრების ბევრ სხვა სფეროშიც გამოიკვლია. მაგალითად, 2018 წელს მან აღმოაჩინა, რომ ადამიანების მომავალზე კონცენტრირებამ შეიძლება წინასწარ განსაზღვროს მათი დამოკიდებულება ფიზიკური ვარჯიშისადმი. როგორც ჩანს, თუ თქვენ მტკიცედ აკავშირებთ საკუთარ თავს მომავალ მე-სთან, უფრო მზად ხართ, იზრუნოთ სხეულზე, რათა მომდევნო წლებში უკეთესი ჯანმრთელობა გარანტირებული გქონდეთ.
სხვა ექსპერიმენტები გვეუბნებიან, რომ ადამიანებს, რომლებიც "სამომავლო თვითგანგრძობითობის" საზომში მაღალ ქულებს იღებენ, უფრო მაღალი მორალური სტანდარტები აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც საკუთარი თავის მომავალში იდენტიფიცირება უჭირთ.
2019 წელს ჰერშფილდმა დაადასტურა, რომ ინდივიდების მიერ საკუთარი თავის მომავალში აღქმამ მათ საერთო კეთილდღეობაზე გრძელვადიანი შედეგები შეიძლება იქონიოს. მასშტაბურმა კვლევამ, რომელიც ათწლეულის განმავლობაში 4 ათასზე მეტ მონაწილეს აკვირდებოდა, დაადგინა, რომ კვლევის დასაწყისში ინდივიდების მიერ "თვითგანგრძობითობის" აღქმის გაზომვით იმის პროგნოზირება იყო შესაძლებელი, თუ რამდენად იქნებოდნენ ცდისპირები თავიანთი ცხოვრებით კმაყოფილები 10 წელიწადში.
აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი მაშინაც ნარჩუნდებოდა, როდესაც ჰერშფილდი მონაწილეების კეთილდღეობის თავდაპირველ ხარისხსაც ითვალისწინებდა. ამ გზით გამოირიცხა ის დაშვება, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავთან ღრმა კავშირს გრძნობდნენ, ცხოვრებით მეტად კმაყოფილები კვლევის დასაწყისშიც იყვნენ და მომავალში, უბრალოდ, ასეთებად დარჩნენ. როგორც ჩანს, კვლევის ბოლოს გაზრდილი კმაყოფილება ყველა ისეთი პოზიტიური ქცევის შედეგი იყო, როგორიც ფინანსების დაზოგვა და აქტიური ვარჯიშია.
მომავლის ხედვა
ამ შედეგების ფონზე, ნეირომეცნიერებმა აღნიშნული ფენომენების მიღმა არსებული ტვინის ფუნქციონირების უფრო დეტალური შესწავლა დაიწყეს. მათ სურდათ, ეპოვათ მიზეზი, თუ რატომ უჭირს ბევრ ადამიანს საკუთარი თავის მომავალ ვერსიასთან იდენტიფიცირება.
დარტმუთის კოლეჯის ასისტენტ პროფესორმა, მეგან მაიერმა კვლევის მონაწილეებს სთხოვა, თავიანთი მომავლის აღქმა დროის სხვადასხვა ინტერვალში ჰერშფილდის სქემაზე დაყრდნობით შეეფასებინათ. მათ რამდენჯერმე გაიმეორეს დავალება და თავიანთი თავი ჯერ სამ თვეში, შემდეგ კი ექვს და ცხრა თვეში წარმოიდგინეს.
ჰერშფილდის შედეგების მსგავსად, მაიერმა აღმოაჩინა, რომ საშუალო სტატისტიკური მონაწილისთვის დროის ინტერვალის ზრდასთან ერთად იმატებდა გაუცხოება მის ამჟამინდელ მე-სა და მომავალ მე-ს შორის — თანაც, მსგავსი გათიშვა უკვე სამი თვის პერიოდში იჩენდა თავს. თუმცა, საინტერესოა, რომ გარკვეული დროის მერე გაუცხოების ეს ხარისხი უცვლელი რჩებოდა — მაგალითად, მცირე სხვაობა იყო ცხრათვიან და ერთწლიან დროის ინტერვალებს შორის. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უფრო გვიანი თარიღების წარმოდგენის შემთხვევაშიც ასე იქნებოდა. მაიერი მიიჩნევს, რომ ცდისპირების ხედვა თავიანთი მომავლის შესახებ "უფრო ბუნდოვანი" და ნაკლებად ნიუანსური ხდებოდა.
ეს ასევე დადასტურდა ფუნქციური MRI სკანირების შედეგებითაც, რომლებმაც რამდენიმე მტკიცებულება შემოგვთავაზეს იმის შესახებ, რომ ნერვულ დონეზე ჩვენ საკუთარ მომავალ მე-ზე ისევე ვფიქრობთ, როგორც სხვა ადამიანზე. ექსპერიმენტისას მონაწილეებს სთხოვეს, საკუთარი მომავალი მე-ს წარმოდგენის პარალელურად ასევე ეფიქრათ უცხო ადამიანზე — მაგალითად, პოლიტიკოს ანგელა მერკელზე. როდესაც მონაწილეები უფრო შორეულ მომავალში მიდიოდნენ და საკუთარ თავს დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ წარმოიდგენდნენ, ტვინის აქტივობა პოლიტიკოს ანგელა მერკელზე ფიქრისას არსებულ აქტივობას ემსგავსებოდა.
"რაც უფრო შორს მიდიხართ მომავალში, მით უფრო იშლება ზღვარი საკუთარი თავის და სხვა ადამიანის აღქმას შორის", — ამბობს მაიერი, — "ეს შეესაბამება იმ ფილოსოფიურ იდეას, რომ თქვენს შორეულ მომავალს უცხოსავით ექცევით".
როგორ გავესაუბროთ ჩვენს მომავალს
ვინაიდან საკუთარი მომავალი მე-ს წარმოდგენას ჩვენი ფინანსური უსაფრთხოებისთვის, ჯანმრთელობისა და საერთო კეთილდღეობისთვის მრავალი სარგებლის მოტანა შეუძლია, ბუნებრივია მოგვინდეს, რომ ეს კავშირი გავაღრმაოთ.
ჰერშფილდის კვლევა რამდენიმე ალტერნატივას გთავაზობთ. ექსპერიმენტების ერთ სერიაში მონაწილეები ვირტუალური რეალობის გარემოში ისეთი პერსონალიზებული ავატარებით შევიდნენ, რომლებიც დაახლოებით ისე გამოიყურებოდნენ, როგორებიც ცდისპირები 70 წლის ასაკში იქნებოდნენ. ამ ცდის მერე მათ საკუთარ მომავალთან უფრო ძლიერი კავშირი იგრძნეს, რამაც მათში ფინანსური პასუხისმგებლობის გრძნობა გააძლიერა — მათ განაცხადეს, რომ ახლა უფრო მეტი შანსი იყო, პენსიაზე გასვლისთვის ფულის დაზოგვა დაეწყოთ. დღეს მრავალი აპლიკაცია არსებობს, რომელიც ჩვენს გამოსახულებას რამდენიმე ათწლეულით ასაკოვანს ხდის. ეს ტექნოლოგია იმ საგანმანათლებლო პროგრამებში შეიძლება გამოვიყენოთ, რომლებიც ადამიანებს მომავალი კეთილდღეობისადმი ზრუნვის უნარს გამოუმუშავებს.
დაბალტექნოლოგიური ინტერვენციისთვის კი შეიძლება მარტივი წარმოსახვითი სავარჯიშო გამოვიყენოთ: თქვენ წერთ წერილს საკუთარ თავს 20 წლის შემდეგ, სადაც აღწერთ, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა და განმარტავთ, როგორია თქვენი გეგმები მომავალი ათწლეულებისთვის. ხანდაზმული ავატარების ხილვის მსგავსად, ეს სავარჯიშოც ხელს უწყობს ადამიანებს, იგრძნონ მეტი კავშირი საკუთარ მომავალთან — რაც მათ ქცევის პოზიტიური ცვლილებისკენ უბიძგებს. ჰერშფილდის კვლევებმა აჩვენა, რომ დავალებამ მომდევნო კვირისათვის გაზარდა დრო, რომელსაც ადამიანები ვარჯიშისთვის გამოყოფდნენ. ეს კი ცხადყოფს, რომ მათ თავიანთი ჯანმრთელობის გრძელვადიან პერსპექტივაში აღქმა დაიწყეს (თუ ამ მეთოდის ცდა გსურთ, ჰერშფილდი გთავაზობთ, რომ ეფექტების გასაძლიერებლად მომავალი მე-ს პერსპექტივიდანაც დაწეროთ საპასუხო წერილი, რადგან ეს გრძელვადიანი პერსპექტივის გამომუშავებას გაიძულებთ).
რა გასაკვირია, რომ ჰერშფილდი თავისი კვლევის შედეგებს საკუთარ ცხოვრებაშიც ითვალისწინებს. მაგალითად, მშობლობით გამოწვეულ სტრესთან და იმედგაცრუებებთან დაკავშირებით ის ცდილობს, საკუთარი თავი მომავალი მე-ს ადგილზე დააყენოს, რათა მისი პერსპექტივიდან წარმოიდგინოს, როგორ შეაფასებდა საკუთარ საქციელს. "ვცდილობ განვსაზღვრო, იამაყებს თუ არა მომავალი მე იმით, როგორც მოვიქეცი", — ამბობს ის.
თავდაპირველად, შეიძლება, ექსცენტრულად მოგეჩვენოთ წარმოსახვით არსებასთან "საუბრის" დაწყება. თუმცა როგორც კი თქვენი მომავალი მე თქვენს გონებაში გაცოცხლდება, შეიძლება აწმყოში იმ მცირე პირადი მსხვერპლის გაღება გაგიადვილდეთ, რომელიც თქვენი კეთილდღეობის ხანგრძლივად შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ამ წინდახედულობისთვის კი მომავალ წლებში საკუთარ წარსულ მე-ს მადლობას აუცილებლად გადაუხდით.
კომენტარები