ადამიანები ნავიგაციისთვის დიდი ხანია ციურ მინიშნებებს ვიყენებთ. ამ მხრივ ერთადერთი სახეობა არ ვართ. ცნობილია, რომ აღნიშნული ფენომენი ფრინველებშიც გვხვდება.

აღმოჩნდა, რომ ყოველწლიური ხანგრძლივი გადაფრენისას მეღამური ავსტრალიური მწერები კომპასად ვარსკვლავებს იყენებენ. საინტერესოა, რომ ბოგონგის ჩრჩილი (Agrotis infusa) ჩვენთვის ცნობილი პირველი უხერხემლოა, რომელიც ნავიგაციის მსგავს საშუალებას იყენებს.

გადაფრენის ეს თავისებურება სხვადასხვა უნივერსიტეტის მეცნიერებმა ერთობლივად გამოიკვლიეს. მათ შორის იყვნენ ლუნდის, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტისა და სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მკვლევრები.

ჩრჩილების გადაფრენა

გაზაფხულობით ჩრჩილთა უზარმაზარი გუნდები სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიას ტოვებენ და 1 000 კილომეტრის დაშორებით მიფრინავენ. ისინი ავსტრალიურ ალპებში გრილ და ბნელ გამოქვაბულებს ეძებენ. შემოდგომაზე გუნდები უკან ბრუნდებიან და მრავლდებიან, ბოლოს კი კვდებიან.

ჩრჩილთა გადაფრენის საკითხი დიდი ხნის განმავლობაში ამოუხსნელ გამოცანად რჩებოდა, ახლა კი საიდუმლოს ფარდა აეხადა.

ექსპერტებმა ადრეც იცოდნენ, რომ ჩრჩილები დედამიწის მაგნიტურ ველს გრძნობენ, ახალი კვლევით კი დადგინდა, რომ ეს მწერები ახალ ადგილებში გადასაფრენად ვარსკვლავებიდან მიღებულ მინიშნებებსა და დედამიწის მაგნიტურ ველს ერთად იყენებენ.

მკვლევართა გუნდმა ჩრჩილების გამოსაცდელად ფრენის სიმულატორები გამოიყენა. მათ შავი ქეჩით გადაფარული სპეციალური არენა შექმნეს, რომელიც მინიატიურულ პლანეტარიუმს მოგაგონებდათ.

ბოგონგის ჩრჩილები გადაფრენის პროცესში დაიჭირეს და ექსპერიმენტის ადგილას ფრთხილად მიიყვანეს. იმისდა მიუხედავად, რომ მწერები "დატყვევებულნი" იყვნენ, ისინი მაინც დაფრინავდნენ. მეცნიერებსაც სწორედ ეს უნდოდათ — მათ საშუალება მიეცათ, ჩრჩილების მანევრებსა და მიმართულების ცვლილებებს დაჰკვირვებოდნენ.

ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ჩრჩილები მუდმივად სწორი მიმართულებით მიფრინავდნენ: გაზაფხულზე სამხრეთით და შემოდგომაზე ჩრდილოეთით. როდესაც მეცნიერებმა ვარსკვლავებს ადგილები შეუცვალეს, ჩრჩილებიც მაშინვე ადაპტირდნენ. მეორე მხრივ, მწერებს ორიენტაციის უნარი თითქოს მთლიანად დაეკარგათ.

კიდევ უფრო საოცარი რამ მაშინ დაფიქსირდა, როდესაც მეცნიერებმა ვარსკვლავები ღრუბლებით გადაფარეს. აღმოჩნდა, რომ ჩრჩილებს დედამიწის მაგნიტური ველის სახით სათადარიგო გეგმაც ჰქონიათ.

ნავიგაციის ეს დუალური სისტემა უზრუნველყოფს, რომ მწერებმა გზა ნებისმიერ ამინდში გაიკვლიონ.

ტვინის აქტივობის ჩაწერა

მეცნიერებმა სხვა ექსპერიმენტიც ჩაატარეს. მათ ჩრჩილებს ტვინში ელექტროდი ჩაუსვეს, რითაც მწერების ტვინის აქტივობა გაზომეს.

აღმოჩნდა, რომ მათ ტვინში სპეციალიზებული ნეირონები აქვთ, რომლებიც ორიენტაციაზე რეაგირებს. ეს უჯრედები ტვინის იმ უბნებში მდებარეობს, რომლებიც ნავიგაციაზეა პასუხისმგებელი. აღსანიშნავია, რომ ამ ნეირონებში ყველაზე ძლიერი აქტივობა მაშინ ფიქსირდება, როდესაც ჩრჩილი სამხრეთისკენ იღებს გეზს.

მეცნიერები ამბობენ, ჩრჩილების ტვინი ციურ ინფორმაციას "განსაცვიფრებლად რთულად" შიფრავს.

უცნობია, ღამის ცის რომელ მახასიათებლებს იყენებენ ჩრჩილები მინიშნებად. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება ირმის ნახტომის ზოლი, რომელიმე ნისლეული ან სრულიად სხვა რამ იყოს.

როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, ეს აღმოჩენა შეიძლება რობოტიკასა და დრონების ნავიგაციაში ახალი ტექნოლოგიების შექმნის შთაგონებად იქცეს.

კვლევა გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.