ვების ტელესკოპმა ეგზოპლანეტა პირველად აღმოაჩინა — გაიცანით TWA 7b
ფოტო: A.-M. Lagrange and al.
სამი წელია, რაც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ასტრონომებს ეგზოპლანეტების შესწავლაში ეხმარება. აქამდე ის უკვე ნაცნობ ასეთ ციურ სხეულებს აფიქსირებდა, მაგრამ ახლა მან თავისი პირველი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა.
მზის სისტემის მიღმა არსებული ამ ობიექტის სახელი TWA 7b-ია და ის ყველაზე დაბალი მასისაა მათ შორის, რომლებიც პირდაპირ გადაგვიღია. კერძოდ, მისი სავარაუდო მასა დედამიწისას დაახლოებით 100-ჯერ აღემატება, იუპიტერისას კი — 0.3-ჯერ. ეს ნიშნავს, რომ იგი ამ გზით დაფიქსირებულ სხვა ასეთ ციურ სხეულებზე 10-ჯერ "მსუბუქია".
ახალი ეგზოპლანეტა ვებმა ვარსკვლავ TWA 7-ის გარშემო არსებულ მტვრის რგოლებში შენიშნა. ის ჩვენგან 111 სინათლის წლითაა დაშორებული და ძალიან ახალგაზრდა მნათობია, რომლის ასაკიც მხოლოდ რამდენიმე მილიონი წელი უნდა იყოს. შედარებისთვის, მზე დაახლოებით 4.6 მილიარდი წლისაა.
თავად ვარსკვლავი მეცნიერებმა ჯერ კიდევ 1999 წელს აღმოაჩინეს და მან ასტრონომთა ყურადღება მაშინვე დაიმსახურა. ეს იმიტომ, რომ ამ სისტემის პროტოპლანეტურ დისკოს დედამიწიდან სრულად გადაშლილ სიბრტყეზე ვხედავთ — თითქოს, მას ზემოდან ან ქვემოდან ვუყურებთ, რის გამოც მთლიან სურათს ვაკვირდებით. შესაბამისად, ჩვენი პერსპექტივიდან კარგად ჩანს დისკოში არსებული სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც სწორედ პლანეტოშენადედების (პლანეტათა წარმოქმნისთვის საჭირო მატერიის გროვები) გრავიტაციის კვალი შეიძლება იყოს.
დისკოში სამი გამოკვეთილი რგოლია, რომელთაგანაც ერთ-ერთი შედარებით ვიწროა და მის მიმდებარედ მატერიისგან თავისუფალი, ცარიელი ადგილებიც შეინიშნება. მასზე დაკვირვებისას ვების ტელესკოპმა ინფრაწითელი გამოსხივების მქონე ობიექტი დააფიქსირა, რომელიც ახალგაზრდა ეგზოპლანეტა უნდა იყოს. ეს კომპიუტერული სიმულაციების შედეგებსაც შეესაბამება.
ვების ტელესკოპი ასეთი დაბალი მასის მქონე და ახალგაზრდა ეგზოპლანეტების აღმოსაჩენად იდეალურია, რადგან მათ ინფრაწითელი გამოსხივება ახასიათებს. უმძლავრესი კოსმოსური ობსერვატორია სწორედ ასეთი რადიაციის მიმართაა მგრძნობიარე. ასევე, ის კორონოგრაფითაა აღჭურვილი, რომელიც ვარსკვლავის სინათლის დაბლოკვის საშუალებას იძლევა და მნათობის სიკაშკაშეში "დამალულ" ციურ სხეულებს ავლენს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

კომენტარები