გასულ წელს მკვლევრებმა ხანმოკლე, ძალიან ძლიერი რადიოსიგნალი დააფიქსირეს. ახალი ნაშრომის მიხედვით, იგი უფუნქციო სატელიტისგან წამოვიდა. ასტრონომების აზრით, ეს შეიძლებოდა მიკრომეტეორიტის შეჯახებას ან ელექტროსტატიკურ განმუხტვას გამოეწვია.

მკვლევართა ნაშრომი პრეპრინტების პლატფორმა arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და რეცენზირება ჯერ არ გაუვლია.

NASA-ს სატელიტი, სახელად Relay 2, ერთ-ერთი ყველაზე ძველი სატელიტია. იგი ორბიტაზე 1964 წელს გაუშვეს, როგორც ექსპერიმენტული კომუნიკაციების მოწყობილობა. NASA-მ მისი გამოყენება მომდევნო წელს შეწყვიტა, სატელიტზე არსებული მოწყობილობები კი 1967 წელს ერთიანად გამოვიდა მწყობრიდან. უფუნქციო სატელიტი დედამიწის ორბიტაზე შემორჩა.

დაახლოებით 60 წლის შემდეგ სატელიტის ამჟამინდელი ლოკაციიდან სწრაფი, ძლიერი რადიოტალღები წამოვიდა. ეს კლენსი ჯეიმსმა და მისმა კოლეგებმა შენიშნეს (კურტინის უნივერსიტეტი, ავსტრალია).

ჯეიმსი და მისი გუნდი ცას ASKAP-ით აკვირდებოდნენ — სისტემით, რომელიც დასავლეთ ავსტრალიაში განთავსებული 36 რადიოტელესკოპისგან შედგება. მათი მიზანი იყო, რომ სხვა გალაქტიკებიდან მომავალი სწრაფი რადიოსიგნალები ან რადიაციული ტალღები დაეფიქსირებინათ.

გასული წლის 13 ივნისს ასტრონომებმა სიგნალი შენიშნეს, რომელიც ერთი შეხედვით ჩვენი გალაქტიკიდან მოდიოდა. მეცნიერები აღელდნენ: ივარაუდეს, რომ ახალი პულსარი ან სხვა ობიექტი აღმოაჩინეს; ფიქრობდნენ, იქნებ ოპტიკური ტელესკოპებით მარტივადაც შეესწავლათ, თუკი ახლოს იქნებოდა.

დამატებითი კვლევით სიგნალი დედამიწასთან იმდენად ახლოს აღმოჩნდა, რომ ASKAP-მა ყველა ტელესკოპის ერთდროულად ფოკუსირება ვერ შეძლო — დაახლოებით ისე, როგორც კამერას უჭირს, ფოკუსი ახლომდებარე ობიექტებზე დაიჭიროს. აქედან დაასკვნეს, რომ სიგნალი დედამიწიდან დაახლოებით 20 ათასი კილომეტრიდან უნდა წამოსულიყო. დაადგინეს ისიც, რომ სიგნალი ძალიან ხანმოკლე იყო, დაახლოებით 30 ნანოწამი ხანგრძლივობის.

"გასაოცრად ძლიერი რადიოიმპულსი იყო, რომელმაც ძალიან ხანმოკლე დროით ცაზე სხვა ყველაფერი დაჩრდილა", — ამბობს ჯეიმსი.

შეეცადნენ, სიგნალის წარმოშობის ადგილისთვის მიეგნოთ და ეს ლოკაცია ნაცნობ სატელიტთა ადგილმდებარეობებს შეადარეს. შედეგად სარწმუნო ახსნამდე მივიდნენ — რადიოსიგნალი სატელიტ Relay 2-იდან მოდიოდა. რადგან იგი აღარ ფუნქციონირებს, მკვლევრები ფიქრობენ, რომ სიგნალი გარე მოვლენის შედეგად შეიძლებოდა გაჩენილიყო. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც ელექტროსტატიკური განმუხტვა, ასევე სატელიტთან მიკრომეტეორიტის შეჯახება სატელიტთან, რის შედეგადაც დამუხტული პლაზმის ღრუბელი გაჩნდებოდა.

კარენ აპლინის, ბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევრის თქმით, ამ ორი შემთხვევის გამიჯვნა საკმაოდ რთულია, რადგან ორივე გზით წარმოქმნილი რადიოსიგნალი ერთნაირი იქნებოდა. ამის მიუხედავად, სატელიტებიდან სამომავლო ელექტროსტატიკურ განმუხტვებზე დაკვირვება შეიძლება გამოსადეგი სვლა აღმოჩნდეს.

"სამყაროში უამრავი კოსმოსური ნაგავია და მეტია პატარა, იაფი სატელიტები, რომლებიც ელექტროსტატიკური განმუხტვებისგან ბოლომდე არაა დაცული. შესაბამისად, რადიოსიგნალებით ამოცნობა შეიძლება ახალი მეთოდი გახდეს, რომლითაც კოსმოსში ელექტროსტატიკურ განმუხტვებს შევაფასებთ", — აცხადებს აპლინი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.