პოლონეთში ერთ-ერთი უძველესი ბუმერანგი აღმოაჩინეს, რომელიც მამონტის ეშვისგანაა დამზადებული
ფოტო: BBC
პოლონეთში მდებარე ობლაზოვას გამოქვაბულში ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი უძველესი ბუმერანგი იპოვეს. ის მამონტის ეშვისგანაა დამზადებული. ნივთი გამოქვაბულის ზედა პალეოლითის ფენაში აღმოაჩინეს. საინტერესოა, რომ მასთან ერთად ადამიანის ხელის ან ფეხის მომცრო ფალანგის ძვალიც აღმოაჩინეს.
ბოლონიისა და იაგელონის უნივერსიტეტების მკვლევრები მიიჩნევენ, რომ მამონტის ეშვისგან დამზადებული ბუმერანგი დაახლოებით 40 000 წლის წინანდელია. აქამდე აღმოჩენილი მსგავსი ნივთები მეტწილად ხისგანაა შექმნილი. ამ შემთხვევაში მამონტის ეშვის გამოყენება ადრეული ჰომო საპიენსების გამჭრიახობას ცხადყოფს.
"ეს აღმოჩენები ჩვენს ცოდნას ამდიდრებს. გარდა ამისა, ცენტრალურ ევროპაში ადამიანის გავრცელების ადრეულ ეტაპზე ტექნოლოგიის, სიმბოლიზმისა და გარემოსთან ურთიერთქმედების დეტალებს ვეცნობით", — წერენ მკვლევრები.
უკანასკნელი მიგნება ადრეულ აურიგნაციულ პერიოდზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. ეს ზედა პალეოლითის ხანაში გარდამტეხი ეტაპი იყო, რადგან ჰომო საპიენსი ევროპაში ვრცელდებოდა. მათი საოცარი შემოქმედებითობა სხეულის მორთულობებში, ხელოვნებასა და დახვეწილ იარაღებში ჩანს.
ეს ბუმერანგი იმ ძვირფასი აღმოჩენების სიაშია, რომლებიც იმავე გამოქვაბულს უკავშირდება. მისი ზუსტი ასაკისა და კულტურული კონტექსტის დადგენა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ადრეული ევროპელი ჰომო საპიენსის ქცევის შესახებ უკეთ გავიგოთ.
ძვლები ბეიესის მოდელირებაზე დაფუძნებული რადიონახშირბადული მეთოდით დაათარიღეს. მან აჩვენა, რომ ადამიანები ობლაზოვას მღვიმეში დაახლოებით 42 810-დან 38 550 წლის წინა პერიოდში ცხოვრობდნენ.
აღმოჩენილი ბუმერანგი 42 290-39 280 წლის წინანდელია. ვინაიდან ის ადრეული ზედა პალეოლითის ეპოქის ნივთია, ევროპაში ერთ-ერთ უძველეს რთულ იარაღად მიიჩნევა.
"კვლევა ადასტურებს, რომ ობლაზოვას მღვიმეში ნაპოვნი ბუმერანგი ევროპაში ერთ-ერთი უძველესი ნიმუშია. ეს იმ ტექნიკურ უნარებსა და კოგნიტიურ მიღწევებს უსვამს ხაზს, რომლებიც ჰომო საპიენსს ჰქონდა, რათა ასეთი იარაღები დაემზადებინა", — აღნიშნავენ ავტორები.
საინტერესოა, რომ ირგვლივ სხვა არტეფაქტების ნაკლებობის ფონზე ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ადამიანის ნეშტი და ბუმერანგი, შესაძლოა, რიტუალის ნაწილი ყოფილიყო. ასევე არ გამოირიცხება, რომ მას სანადირო დანიშნულება ჰქონოდა.
კვლევის მიხედვით, ყველაზე ძველი ცნობილი ხის ბუმერანგი ავსტრალიაში, ვაირის ჭაობშია, ნაპოვნი. ის დაახლოებით ძვ. წ. 8250-დან ძვ. წ. 7040 წლამდეა დათარიღებული. ჩრდილოეთ ავსტრალიაში, რივის მღვიმეში ნაპოვნი გაცილებით უფრო ახალი ფრაგმენტი კი ჩვენი წელთაღრიცხვის 1280 წლით.
"ეს იშვიათი აღმოჩენები იმ მრავალფეროვან ფუნქციებს ასახავს, რომლებიც ბუმერანგს ჰქონდა: ნადირობა, ხელოსნობა, საარსებო საქმიანობა და რიტუალური დანიშნულება", — აღნიშნულია კვლევაში.
ნაშრომი გამოცემაში PLOS One გამოქვეყნდა.

კომენტარები