მეცნიერებმა აღმოაჩინეს უჯრედი, რომელიც სიცოცხლის გაგებას ცვლის
ფოტო: Takuro Nakayama/University of Tsukuba
მეცნიერებმა პლანქტონში უჩვეულოდ პატარა უჯრედი იპოვეს, რომელიც ვირუსს ძალიან წააგავს. მათი შეფასებით, ეს უცნაური მახასიათებლები ამ "ორგანიზმის" ცოცხლად მიჩნევისთვის საჭირო მოთხოვნების გადახედვისკენ გვიბიძგებს.
როგორც წესი, ცოცხალსა და არაცოცხალს შორის ზღვარი ვირუსზე გადის, რადგან ის ვერ მრავლდება და მასპინძლის გარეშე სიცოცხლესაც ვერ ინარჩუნებს. სწორედ ამ მიზეზების გამო მეცნიერება ვირუსებს სრულფასოვან ცოცხალ ორგანიზმებად არ მიიჩნევს. ახლად აღმოჩენილი Sukunaarchaeum mirabile ამ ზღვარს ძალიან უახლოვდება და გვიჩვენებს, რომ საკითხი იმაზე გაცილებით რთულადაა, ვიდრე გვეგონა.
დალჰაუზის უნივერსიტეტის გენომიკის სპეციალისტმა რიო ჰარადამ და მისმა კოლეგებმა ეს უცნაური პარაზიტი შემთხვევით აღმოაჩინეს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთი პლანქტონისა და მასთან ერთად მცხოვრები ბაქტერიების დნმ-ის აღწერას ცდილობდნენ. დნმ-ის პატარა მარყუჟის აღმოჩენამ მეცნიერებს მიანიშნა, რომ იქ კიდევ ერთი რაღაც იმალებოდა. როგორც შემდგომ გაირკვა, იგი ჩვენთვის ცნობილ არცერთ ბიოლოგიურ კატეგორიას არ მიეკუთვნება.
"სავარაუდოდ, Sukunaarchaeum mirabile ამ დრომდე აღმოჩენილ უჯრედებს შორის ვირუსის ცხოვრების სტრატეგიასთან ყველაზე ახლოსაა. მისი უკიდურესად სპეციფიკური სტრუქტურა უჯრედული სიცოცხლის მინიმალურ მოთხოვნებთან დაკავშირებით ჩვენს ამჟამინდელ ცოდნას ეჭვქვეშ აყენებს", — წერენ მკვლევრები.
აღმოჩნდა, რომ ეს პატარა "ორგანიზმი" თითქმის მთლიანად მასპინძელზეა დამოკიდებული. მასში მეტაბოლიზმი არ შეინიშნება და არც ენერგიის გამომუშავება შეუძლია. მის გენომში მხოლოდ 238 ათასი ნუკლეოტიდური წყვილია, მაშინ როდესაც ზოგ ვირუსს მილიონზე მეტიც კი აქვს და ამ გენების უმრავლესობა მხოლოდ გამრავლებაზეა ორიენტირებული.
"მისი გენეტიკური კოდი იმდენად გამოფიტულია, რომ მასში მეტაბოლიზმი პრაქტიკულად არ მიმდინარეობს და მხოლოდ რეპლიკაციისთვის აუცილებელი სისტემაღაა შემორჩენილი. ის ფაქტი, რომ მისი არსებობა სრულად მასპინძლის მეტაბოლიზმზეა დამოკიდებული, ეჭვქვეშ აყენებს იმ მახასიათებლების სისწორეს, რომლებიც ვირუსულ და უჯრედულ სიცოცხლეს ერთმანეთისგან განასხვავებს", — აცხადებს ჰარადა.
მიუხედავად იმისა, რომ ვირუსს საკუთარი რეპლიკაციის მექანიზმები არ გააჩნია და მთლიანად მასპინძელზეა დამოკიდებული, Sukunaarchaeum-ს აქვს გენები, რომლებიც მას საკუთარი რიბოსომების წარმოქმნის საშუალებას აძლევს. ეს ფაქტი მიუთითებს, რომ მას რაღაც დონეზე დამოუკიდებლად არსებობაც შეუძლია.
ამასთან, Sukunaarchaeum-ს ისეთი ცილების გამომუშავების უნარიც აქვს, რომლებიც მისი პატარა დნმ-ის მარყუჟისთვის მემბრანას ქმნის. სავარაუდოდ, ორგანიზმს მასპინძელ პლანქტონთან კავშირის დამყარებაში სწორედ ეს ეხმარება.
კვლევა გამოქვეყნდა პლატფორმაზე BioRxiv.


კომენტარები