რატომ აპროტესტებენ თსუ-ის სტუდენტები სწავლის აუდიტორიებში განახლებას
ორწლიანი დისტაციური სწავლების შემდეგ, 2 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა აუდიტორიებში უნდა დაიწყოს. ამ გადაწყვეტილებას სტუდენტთა ნაწილი აპროტესტებს. ამბობენ, რომ ამ დროით ბინის დაქირავება არ შეუძლიათ და რეგიონებში სამსახურის დაკარგვის საფრთხე ექმნებათ.
გაზაფხულის სემესტრი თსუ-ში 7 მარტს, შერეულ ფორმატში დაიწყო — ზოგიერთი პრაქტიკული საგნის ლექცია-სემინარები აუდიტორიაში ტარდებოდა, უმეტესობა კი ონლაინ. ახლა კი ყველას მოუწევს 2 მაისიდან 18 ივნისამდე აუდიტორიაში მივიდეს, ხოლო 20 ივნისიდან 13 ივლისამდე გამოცდები საგამოცდო ცენტრში ჩააბაროს.
სტუდენტები ამბობენ, რომ, ვინც რაიონში ცხოვრობს, თბილისში ბინის ქირით აღება 2-3 თვით მოუწევს, რაც არაერთ სირთულეს უკავშირდება. მას შემდეგ, რაც საქართველოში რუსი ტურისტების რიცხვი გაიზარდა, ბინების გადასახადიც გაძვირდა. მეპატრონეთა ნაწილი საერთოდ უარს ამბობს, ბინა ლარში გააქირაოს და ადგილისა და პირობების მიხედვით, რამდენინე ასეულ დოლარს ითხოვს. ამასთანავე, ბინაში შესვლის მთავარი წინაპირობა 2 თვის ქირის წინასწარ გადახდაა, რაც სტუდეტებს დამატებით პრობლემას უქმნის.
რას ითხოვენ სტუდენტები და რას პასუხობს თსუ
ნატალი დარასელია, რომელიც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია, გვიყვება, რომ უამრავი სტუდენტი დადგა გაძვირებული ბინის ქირის პრობლემის წინაშე. მისი თქმით, ორი თვით ბინის აღება ძალიან რთულია, რადგან მეპატრონეს გაქირავება გრძელვადიან პერსპექტვაში ურჩევნია.
"არსებობს სხვა მიზეზებიც, მაგალითად ოკუპირებული ტერიტორიიდან სტუდენტთა გადმოსვლის საკითხი, ხელშეკრულებები, რომელიც დადებული აქვთ სტუდენტებს დამსაქმებელთან და რომელთა შეწყვეტაც გარკვეულ დროს მოითხოვს. ამ მიზეზების გამო, ჩემთვის მიუღებელია აუდიტორიაში მისვლა და იმ უამრავი სტუდენტის გარეთ დარჩენასთან შეგუება, რომლებსაც ისევე სურთ განათლების მიღება, როგორც მე და უამრავ სხვას."
დარასელიას თქმით, იმის მიუხედავად, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტებს სააუდიტორიო მეცადინეობის დაწყებაზე ორი თვით ადრე მიაწოდა ინფორმაცია, მათთვის ეს მაინც ნაკლებად დამაჯერებელი იყო, რადგან პანდემიის განმავლობაში არაერთხელ გამოცხადებულა სწავლის ფორმატის შეცვლა და ასე არ მომხდარა.
"ამ განცხადებას წინ უძღვოდა გარკვეული საპროტესტო ტალღა, სადაც სტუდენტები ითხოვდნენ აუდიტორიულ სწავლებაზე გადასვლას. ლოგიკურია, რომ ეს გადაწყვეტილება ამ საპროტესტო ტალღის დასაშოშმინებელ აქტად მივიჩნიეთ და ვფიქრობდით, რომ უნივერსიტეტი შუა სემესტრში არ აგვყრიდა სახლებიდან და უცხო ქალაქში არ მოგვთხოვდა ჩამოსვლას.
გვეგონა, საერთო ეკონომიკურ კრიზისს გაითვალისწინებდა და მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველა სტუდენტს თანაბარ პირობებში ჩაგვაყენებდა, თუნდაც ჰიბრიდული სწავლების მეთოდის დანერგვით, რაც არ არის ახალი და საკმაოდ აპრობირებულია", — ამბობს ის.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი მარი გველესიანი კი გვეუბნება, რომ ბინების ფასი ძალიან მაღალია და 2 და 3 სტუდენტიც ვერ შეძლებს ერთად დაქირავებას.
"სწავლის შუა სემესტრში დაწყება, როცა სასწავლო კურსის დასრულებამდე მხოლოდ 2 თვე რჩება, დიდ პრობლემებს უქმნის რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებს, მათ ვისაც თბილისში ბინის ქირაობა მოუწევთ. მითუმეტეს, როცა ბინების ფასები გაორმაგებული და გასამმაგებულია. 2 თვით ბინას ძალიან ცოტა თუ აქირავებს და თუ იქირავეს სტუდენტებმა, მაშინ დამატებით ზაფხულის თვეების გადახდაც მოუწევთ, რაც ზედმეტი ხარჯია".
თსუ სააუდიტორიო სწავლების მეთოდზე გადასვლას "განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელ გადაწყვეტილებად" მიიჩნევს. უნივერსიტეტში გვეუბნებიან, რომ სწავლების რეჟიმის ცვლილების შესახებ სტუდენტებისთვის ინფორმაციის ორი თვით ადრე მიწოდებით გათვალისწინებული იყო არამხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, ასევე ის ფსიქოლოგიური ფაქტორებიც, რაც თან ახლდა სტუდენტების და პროფესორების გადაწყობას სააუდიტორიო ფორმატზე ორწლიანი პაუზის შემდეგ.
"ეს პერიოდი რეალურად არის დრო ახალ გარემოებასთან ადაპტირებისთვის", — ამბობს თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
სტუდენტები ოკუპირებული რეგიონებიდან
განსაკუთრებით გაურთულად საქმე საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფებს, ვინაიდან ე.წ. გამშვები პუნქტების გახსნა და დახურვა მათ სურვილზე არანაირად არ არის დამოკიდებული. ჩვენი რესპონდენტი თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელია, რომელსაც უსაფრთხოების გამო ანონიმად დარჩენა სურს. ის გვიყვება, რომ საოკუპაციო საზღვრის გადაკვეთა ბოლო პერიოდში ძალიან გართულებულია, ორი თვით თბილისში ჩამოსვლას და სწავლის აუდიტორიაში გაგრძელებას ვერ შეძლებს.
"2 წელია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გვიშვებენ — გვიწევს კონკრეტული განცხადების დაწერა, რომ გამოგვიშვან გარკვეული დღეების ამოწურვამდე, ასე 10-15 დღის ვადით. თუ ამ დღეებში არ შემობრუნდები, აღარ დაიშვები. პრობლემები იქმნება თუ არავინ გყავს "მთავრობაში". შესაბამისად, 2 მაისისთვის გადმოსვლას ვერ შევძლებ.
აქ ჩატარდა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები, დაინიშნა მეორე ტური და ახლა უფრო შეზღუდული იქნება გადმოსვლა".
ჩვენს კითხვაზე, ექნებათ თუ არა რაიმე სახის შეღავათი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სტუდენტებს, უნივერსიტეტს კონკრეტული პასუხი არ აქვს. ეს მაშინ, როცა აუდიტორიებში სწავლის დაწყებამდე 2 კვირაზე ნაკლები რჩება.
"გამონაკლისი შეიძლება შეეხოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს, რომელთაც ექმნებათ გადაადგილების ფიზიკური საფრთხე. მათ საკითხზე იმსჯელებენ ფაკულტეტები, თუ რა რესურსით შეიძლება მათი საკითხის მოგვარება და მხარდაჭერა", — გვითხრეს უნივერსიტეტში.
რაზე ისაუბრეს რექტორმა და სტუდენტებმა
რამდენიმე დღის წინ სტუდენტები უნივერსიტეტს რექტორს, გიორგი შერვაშიძეს და ადმინისტრაციის ორ წარმომადგენელს პირადად შეხვდნენ. ერთ-ერთი დამსწრე, სოფი მოლაშხია გვიყვება, რომ რექტორს ჰკითხეს, რატომ არ აქვს თსუ-ს ჰიბრიდული სწავლების რესურსი. მისი თქმით, კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა.
"თქვა, რომ აუცილებელია დავბრუნდეთ უნივერსიტეტში, რადგან ონლაინსწავლების ხარისხი ვერ შეედრება სააუდიტორიო სწავლების ხარისხს. შემოგვთავაზა, მოვაწყოთ "ჰაუზინგ" პროექტი, დავუკავშირდეთ სხვადასხვა ორგანიზაციას, ჩვენს კურსდამთავრებულებს, რომ ეს სტუდენტები, ვინც ბინის პრობლემით არიან, იქნებ შეიფარონო. გვითხრა, რომ სტუდენტურ თვითმმართველობას მიმართავდა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში არანაირი რეაგირება არ ყოფილა. თავად რექტორმა თქვა, რომ მეც შევიფარებ ორ სტუდენტსო, მაგრამ არც ის ორი სტუდენტი ჩანს".
მოლაშხიას თქმით, შერვაშიძემ ბაგების საერთო საცხოვრებელში 100-150 სტუდენტის დასახლება შესთავაზა, თუმცა სტუდქალაქში მხოლოდ 60-მდე თავისუფალი ადგილია.
"ასეც რომ არ იყოს, იქ საცხოვრებლად გაუსაძლისი პირობებია", — გვეუბნება სტუდენტი.
ამას გვიდასტურებენ თსუ-შიც. მათი განცხადებით, ბაგების საცხოვრებელი უნივერსიტეტს გადაეცა 2019 წელს, რის შემდეგაც ჩატარდა ექსპერტიზა და დადგინა, რომ შენობა სერიოზულ სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს. თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ამბობენ, რომ რესტავრაცია ბიუჯეტურად გაცილებით ძვირი იქნება ვიდრე თავიდან აშენება, ამიტომ მიმდინარეობს მუშაობა ახალი საერთო საცხოვრებლის მშენებლობის დასაწყებად.
რაც შეეხება ლისის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს, მოლაშხია ამბობს, რომ წლებია მისი მესამე კორპუსი უფუნქციოა და ამის მიზეზად შერვაშიძემ ავეჯის არქონა დაასახელა.
უნივერსიტეტში გვეუბნებიან, რომ თსუ-ის სტუდენტებისთვის ორჯერ გამოცხადდა რეგისტრაციის პროცესი და თავისუფალი იყო 150 ადგილი (100 ადგილი ლისზე, 50 ადგილი ბაგებში). მათი ინფორმაციით, დარეგისტრირდა 105 სტუდენტი, შესაბამისად, 45 ადგილი კვლავ თავისუფალია ლისზე.
ამ საერთო საცხოვრებელში გადასახადი თვეში 150 ლარია, ბაგებში კი 50. წარჩინებულ სტუდენტებს ლისზე ქირა 120 ლარამდე უმცირდებათ.
შეხვედრაზე მყოფი სტუდენტები ამბობენ, რომ რექტორს მათ მიმართ ცინიკური დამოკიდებულება ჰქონდა.
"საუბრის დასასრულს რექტორმა დიდი სიამაყით გამოგვიცხადა, რომ როცა თქვენ საუბრობდით მე მეცინებოდა თუ მეღიმებოდაო, მაგრამ თქვენ ვერ შეამჩნიეთ, რადგან პირბადე მეკეთაო. ეს პრობლემები ჩვენ ისედაც ვიცით, ამაზე გვისაუბრია, მაგრამ გამოსავალი ის არის, რომ 2 მაისს როგორმე გავიჭირვოთ და დავიწყოთ აუდიტორიაში სწავლებაო", — გვიყვება მოლაშხია.
უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ნანა მამაგულიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ შეხვედრას თავად ესწრებოდა და რექტორის სიტყვები "პოზიტიური კონტექსტით და კონოტაციით" იყო ნათქვამი.
"რექტორმა სტუდენტებს უთხრა რომ ეღიმებოდა, რადგან ყველა ეს არგუმენტი ჰქონდა გააზრებული და ესმოდა კარგად. ეღიმებოდა, რადგან მათი პოზიციების თანხვედრას ჰქონდა ადგილი. ღიმილის მიზეზი სწორედ ის იყო, რომ რექტორს ესმოდა სტუდენტების პოზიცია.
სხვათაშორის, ახლა ვარ მივლინებით ევროპის ერთ-ერთ უნივერსიტეტში. მგზავრობისას ვნახე ერთ-ერთი ავიაკომპანიის დევიზი: We are smiling behind our masks (ჩვენ ვიღიმით ნიღბების უკან) — არცერთი მგზავრი არ ჩანდა ამით შეურაცხყოფილი. ღიმილი დაცინვა არ არის. ღიმილი სხვა რამ არის და ეს რომ ასე არ ყოფილიყო, სტუდენტებს მაშინვე ექნებოდათ შესაბამისი რეაქცია. იქ მყოფ სტუდენტებს შეხვედრა არ დაუტოვებიათ უკმაყოფილების გრძნობით. თუ რატომ მისცეს სტუდენტებმა შემდგომ ამ ფაქტს სხაგვარი ინტერპრეტაცია, ჩემთვის სრულებით გაუგებარია", — ამბობს მამაგულიშვილი.
ისევ აქცია
20 აპრილს თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტებმა აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა სწავლების მეთოდის თავისუფალი არჩევანი — ჰიბრიდული რეჟიმი იყო, რომელზე უარსაც უნივერსიტეტი "განათლების ხარისხის გაუმჯობესებით" ხსნის.
სტუდენტები გვეუბნებიან, რომ სანამ აქციას დაგეგმავდნენ, ადმინისტრაციას და პირადად რექტორს განცხადებებით მიმართეს, მიაწოდეს სტუდენტების სიები, ვისაც საცხოვრებლის პრობლემა აქვს. ასევე, გააკეთეს პეტიციები სამ სხვადასხვა პორტალზე, საინიციატივო ჯგუფი კი რექტორს შეხვდა, თუმცა ოფიციალური პასუხი არცერთ შემთხვევაში არ მიუღიათ.
"18 თებერვალს ფეხბურთის ჩემპიონატის დაწყვებასთან ერთად ამცნეს სტუდენტებს, რომ ორ მაისს სწავლა ფიზიკურ რეჟიმში განახლდებოდა. ეს ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო ნათლად დავინახოთ, იფიქრა თუ არა წინასწარ უნივერსიტეტმა, რა სირთულეებთანაა დაკავშირებული სტუდენტებისთვის დედაქალაქში ჩამოსვლა ამ მძიმე ვითარებაში, როცა ბინების ფასები საშუალოდ ორნახევარჯერ არის გაზრდილი", — ამბობსაქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ქეთი ბახტაძე.
მისივე თქმით, სტუდენტების კიდევ ერთი მოთხოვნა საბინაო პოლიტიკის მოწერიგებაა, ამიტომ სურთ მიიღონ დეტალურ ანგარიში 2018 წელს დაანონსებულ 3 000-ადგილიანი სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის შესახებ.
"ვითხოვთ პასუხს, რატომ ვერ შეიტანეს თვეების განმავლობაში ავეჯი ლისის მეორე კორპუსში. ვითხოვთ პასუხს, რატომ აცხოვრებენ ბაგების სტუდქალაქში სტუდენტებს დამამცირებელ და სახიფათო პირობებში.
ასეთ ვითარებაში შუა სემესტრში სტუდენტების მასობრივად ჩამოყვანის ლოგიკური საყრდენი იქნებოდა, უნივერსტიტეტი რომ სთავაზობდეს მათ მოწესრიგებულ სტუდენტურ საცხოვრებელს, ნაცვლად ამისა ბატონი რექტორი მოგვიწოდებს შევიმუშაოთ ერთგვარი "ჰაუზინგ" კამპანია და შევიფაროთ ერთმანეთი — გავიჭირვოთ, რომ თავად მასაც უჭირდა, როცა სტუდენტი იყო, რომ ახლა ორი ბავშვის შეფარებას თვადაც შეძლებს".
კომენტარები