გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, კუ დონჟუ მსოფლიოში შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით გლობალური სასურსათო უსაფრთხოების ახალი სცენარების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ COVID-19-ის შემდეგ მსოფლიო კიდევ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე უკრაინასა და რუსეთში მიმდინარე მოვლენებმა დააყენა.

როგორც დონჟუს წერილშია ნათქვამი, უკრაინა და რუსეთი მსოფლიო სურსათის წარმოებასა და მიწოდებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ: რუსეთი მსოფლიოში ხორბლის ყველაზე დიდი ექსპორტიორია, ხოლო უკრაინა — სიდიდით მეხუთე. ორივე ქვეყანა მსოფლიოს ქერის მარაგის 19%-ს, ხორბლის 14%-ს და სიმინდის 4%-ს აწვდის. ეს მსოფლიოში მარცვლეულის ექსპორტის ერთ მესამედზე მეტია. დონჟუ წერს, რომ ეს ქვეყნები რაფსის ზეთის მთავარი მომწოდებლებიც არიან და მსოფლიოში მზესუმზირის ზეთის საექსპორტო ბაზრის 52%-ს ავსებენ. სასუქის გლობალურ მომარაგებაშიც წამყვანი მწარმოებელი რუსეთია.

FAO-ს გენერალური დირექტორის თქმით, უკრაინული და რუსული მარცვლეულისა და ზეთის მიწოდების ჯაჭვისა და ლოგისტიკის შეფერხებები, ამასთან, რუსეთიდან ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები, მსოფლიო სურსათის უსაფრთხოების სურათს მნიშვნელოვნად შეცვლის. დონჟუ წერს, რომ ეს განსაკუთრებით აისახება იმ ორმოცდაათამდე ქვეყანაზე, რომელთა ხორბლის მარაგის 30%, ან მეტი, რუსეთსა და უკრაინაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, ამ ქვეყნების დიდი ნაწილი ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლებსაც დაბალი შემოსავალი და სურსათის დეფიციტი აქვთ ჩრდილოეთ აფრიკაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში — უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო სწორედ ამ ქვეყნების რიგშია. დონჟუს წერილის მიხედვით, ბევრი ევროპული და ცენტრალური აზიის ქვეყანა სასუქის მარაგის 50%-ს რუსეთისგან ივსებს და ამ მხრივ დეფიციტი, შეიძლება, შემდეგ წლამდე გაგრძლდეს.

სურსათზე ფასები 2020 წლის მეორე ნახევრიდან იზრდებოდა, 2022 წლის თებერვალში კი ყველა დროის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ამის მიზეზები იყო მაღალი მოთხოვნა, წარმოების შუალედური ხარჯები, ტრანსპორტირების ხარჯი და საპორტო შეფერხებები. მაგალითად, 2021 წლის განმავლობაში, ხორბლისა და ქერის გლობალურმა ფასმა 31%-ით მოიმატა. 60%-ზე მეტით გაიზარდა რაფსისა და მზესუმზირის ზეთის ფასები. მაღალმა მოთხოვნამ და ბუნებრივი გაზის ფასის არასტაბილურობამ ასევე გაზარდა სასუქის ფასი.

FAO-ს დირექტორი წერს, რომ საქონლის ამ ორი დიდი ექსპორტიორი ქვეყნის — რუსეთისა და უკრაინის — სასოფლო-სამეურნეო აქტივობები სავარაუდოდ შეფერხდება, რამაც, შეიძლება მსოფლიოს სურსათით მომარაგებას სერიოზული საფრთხე შეუქმნას — ეს მაშინ, როცა საერთაშორისო საკვებისა და საქონლის ფასები უკვე მაღალი და არასტაბილურია. მისი თქმით, კონფლიქტმა ასევე შეიძლება შეზღუდოს უკრაინის მსყიდველობითი უნარი და ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო წარმოება, რაც მის სასურსათო საფრთხეებს გაზრდის.

მთავარი რისკფაქტორები

როგორც ცნობილია, მარცვლეული კულტურების მოსავლის აღება ივნისში დაიწყება. რთული სათქმელია, როდემდე გაგრძელდება მიმდინარე ომი. დონჟუ წერს, რომ შავ ზღვაზე უკრაინული პორტები დაიხურა. მისი თქმით, სახმელეთო ტრანსპორტი ხელშეუხებელიც რომ დარჩეს, შეუძლებელია მარცვლეულის სარკინიგზო გზით გადაზიდვა — საკმარისი, მოქმედი სარკინიგზო სისტემა არ არსებობს. FAO-ის დირექტორი წერს, რომ შავი ზღვის რეგიონში სადაზღვევო ხარჯის ზრდა გადაზიდვის ისედაც მაღალ ფასსა და საკვების იმპორტის ფასებს კვლავ გაზრდის.

წერილში წერია, რომ ამ დროისთვის, შავ ზღვაზე რუსული პორტები ღიაა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე განსაკუთრებული შეფერხებები ახლო მომავალში მოსალოდნელი არ არის. აქვე უნდა ითქვას, რომ რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურმა სანქციებმა შესაძლოა შეზღუდოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება და ზრდა, რაც, საბოლოოდ, კიდევ უფრო გაზრდის ფასებს.

"რუსეთი გლობალურ ენერგობაზარზე ლიდერი მოთამაშეა. მის ხარჯზეა გლობალური ქვანახშირის ექსპორტის 18%, ნავთობის 11% და გაზის 10%" — წერს დონჟუ.

როგორც ცნობილია, მსოფლიოს მოსახლეობის 35%-თვის ხორბალი მთავარი საკვებია. მიმდინარე კონფლიქტმა შეიძლება სწრაფად და მკვეთრად შეამციროს რუსეთიდან და უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა ამ ხარვეზის შევსებას ექსპორტიორები. ხორბლის მარაგი უკვე მცირდება კანადაში, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები, არგენტინა და სხვა ქვეყნები, ალბათ, ექსპორტს შეზღუდავენ, რადგან შიდა მოხმარება იქნება უზრუნველსაყოფი.

"ხორბლის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნები გლობალური მიწოდების საზრუნავი გახდება. ეგვიპტე, თურქეთი, ბანგლადეში და ირანი მსოფლიოში ხორბლის მოწინავე იმპორტიორები არიან და რუსეთიდან და უკრაინიდან ხორბლის 60%-ს ყიდულობენ. ლიბანის, ტუნისის, იემენის, ლიბიის და პაკისტანის ხორბლის მარაგიც ამ ორ ქვეყანაზე მნიშვნელოვნად დამოკიდებულია. სავარაუდოდ, შემცირდება ვაჭრობა სიმინდზეც, რადგან ფასები გაიზრდება, ასევე, ჯერჯერობით არ მოელიან უკრაინიდან სიმინდის ექსპორტის დანაკლისის რაიმეთი შევსებას", — წერია დონჟუს წერილში.

FAO-ის დირექტორის თქმით, გაურკვეველია მზესუმზირის ზეთისა და სხვა ზეთების ექსპორტის ბედი. ის წერს, რომ მზესუმზირის ზეთის მთავარმა იმპორტიორებმა, მათ შორის, ინდოეთმა, ევროკავშირმა, ჩინეთმა, ირანმა და თურქეთმა ან სხვა მომწოდებელი უნდა მონახონ, ან ის სხვა მცენარეული ზეთით ჩაანაცვლონ, რასაც ასევე გავლენა ექნება მაგალითად, პალმის, სოიოს და რაფსის ზეთზე.

რეკომენდაციები

დონჟუ არსებულ სიტუაციასთან გამკლავებისთვის ხუთ მთავარ რეკომენდაციას გასცემს. მისი თქმით, რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე დამოკიდებულმა ქვეყნებმა ახალი მომწედებლები უნდა მონახონ. ამასთან, ის წერს, რომ მოწყვლადი ხალხის დასაცავად მთავრობებმა სოციალური უსაფრთხოების ქსელები უნდა გააფართოვონ.

"საკვებისა და სასუქის გლობალური ვაჭრობის ღიაობა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს წარმოებისა და საბაზრო აქტივობების დასაცავად, რათა შიდა და გლობალური მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. მიწოდების ჯაჭვი არ უნდა გაწყდეს, რაც გულისხმობს მოსავლის, საქონლის, სასურსათო ინფრასტრუქტურისა და ყველა ლოგისტიკური სისტემის დაცვას;

ახალი და უფრო დივერსიფიცირებული მომწოდებლების მოძებნა. შოკის აღმოსაფხვრელად, უკრაინასა და რუსეთიდან სურსათის იმპორტზე დამოკიდებულმა ქვეყნებმა ალტერნატიული მომწოდებლები უნდა მონახონ. ასევე, სურსათის არსებული მარაგების შიდა მოხმარებისთვის დივერსიფიკაცია დაგეგმონ, რადგან ხალხს ჯანსაღ საკვებზე ჰქონდეს წვდომა;

მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა. მოწყვლადი ხალხის დასაცავად მთავრობებმა სოციალური უსაფრთხოების ქსელები უნდა გააფართოვონ. საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა შევიდნენ უკრაინაში, რათა გასაჭირში მყოფ ხალხს დაეხმარონ. კონფლიქტი მსოფლიოში ბევრად მეტ ხალხს უბიძგებს სიღარიბისკენ და შიმშილისკენ. ჩვენ დროულად უნდა დავგეგმოთ სწორად ტარგეტირებული სოციალური დაცვის პროგრამები;

თავიდან ავიცილოთ დაუგეგმავი რეაქციები. ვიდრე სურსათის მარაგის უსაფრთხოებისთვის რაიმე ზომებს მიიღებენ, მთავრობებმა უნდა იფიქრონ საერთაშორისო ბაზრებზე მათ პოტენციურ გავლენაზეც. შესაძლოა, საიმპორტო ტარიფის შემცირებამ და საექსპორტო აკრძალვებმა, მოკლევადიან პერსპექტივაში, ცალკეული ქვეყნის სურსათის უსაფრთხოების გამოწვევები მოაგვაროს, მაგრამ გლობალურ ბაზარზე ფასები გაზარდოს;

საბაზრო გამჭვირვალობის და დიალოგის გაძლიერება. როცა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ბაზარი არასტაბილურია, გლობალური მარკეტის და მის შესახებ ინფორმაციის მეტი გამჭვირვალობა მთავრობებსა და ინვესტორებს მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. ისეთი ინიციატივები, როგორიცაა G-20-ის სასოფლო-სამეურნეო ბაზრის საინფორმაციო სისტემა (AMIS), ობიექტური და დროული საბაზრო შეფასებებით, ამგვარი გამჭვირვალობის გაზრდას ხელს უწყობს", — წერს დონჟუ.

რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმამ მსოფლიოს დღის წესრიგი რადიკალურად შეცვალა. როგორც ცნობილია, ომის დასრულების შესახებ პროგნოზები ვერ კეთდება, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ არსებული კონფლიქტი გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.