ChatGPT-ს მომხმარებლის ასაკის ამოცნობის ფუნქცია ემატება
ფოტო: Jaque Silva/NurPhoto/Getty Images
ChatGPT-ს ახალი ფუნქცია ემატება, რომლის მეშვეობითაც იგი მომხმარებლების ასაკს ამოიცნობს. კომპანია OpenAI-ს ეს გადაწყვეტილება მეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება, რათა 18 წლამდე პირების იდენტიფიცირება გამარტივდეს და მათ ასაკისთვის შეუსაბამო შიგთავსზე წვდომა არ ჰქონდეთ.
კომპანიის განცხადებაში წერია, რომ ეს ცვლილება ხელოვნური ინტელექტის (AI) ბაზაზე შექმნილ პოპულარულ ჩატბოტში გლობალურად ინერგება და ევროკავშირის ქვეყნებში ის მომდევნო კვირებში გაეშვება. უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ფუნქცია იმ შემთხვევაშიც იმუშავებს, თუ ასაკი უკვე მითითებული გაქვთ. ის ისეთ ფაქტორებს გაითვალისწინებს, როგორიცაა ანგარიშის შექმნიდან გასული დრო, მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (მაგ. მის მიერ დასმული კითხვები) და სხვა.
თუკი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არასაკმარისი ან გაურკვეველი იქნება, ChatGPT პირდაპირ შედარებით უსაფრთხო "რეჟიმზე" გადაერთვება. ასევე, უსაფრთხოების დამატებითი ფუნქციები გააქტიურდება, თუ სისტემა სავარაუდო მოზარდს ამოიცნობს.
ასევე, იხილეთ: ChatGPT-სთან აქტიური საუბრების შემდეგ მოზარდმა თავი მოიკლა — ოჯახი OpenAI-ს უჩივის
აკრძალულ შიგთავსს შორისაა ძალადობრივი, თვითდაზიანების ამსახველი და სექსუალური შინაარსის მქონე სურათები; ყურადღება ექცევა სარისკო ქცევის წამახალისებელ და არაჯანსაღ კვებით შეზღუდვებთან ან სხეულის ფორმის გამო დამცირებასთან დაკავშირებულ მასალებს. OpenAI-ში ამბობენ, რომ ამ ყველაფერზე მუშაობისას ბავშვთა განვითარების საკითხში ექსპერტების რჩევები გაითვალისწინეს.
რა თქმა უნდა, კომპანიაში აცნობიერებენ, რომ ასეთ ავტომატიზებულ სისტემებს შეცდომის დაშვება შეუძლია. შესაბამისად, იმ ადამიანებს, რომლებიც სისტემამ 18 წელს ქვემოთ ასაკს შეცდომით მიაკუთვნა, საკუთარი ზრდასრულობის დადასტურების საშუალება ექნებათ. ამისთვის მომხმარებელი პარამეტრებიდან ასაკის ვერიფიკაციის ველზე უნდა გადავიდეს, შემდეგ კი საკუთარ თავს ფოტო გადაუღოს და/ან სახელმწიფოს მიერ გაცემული მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი ატვირთოს (პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა).
ასაკის დადასტურება ჩატბოტში ჩაშენებულ მესამე მხრის სისტემა Persona-ს შეუძლია. იგი პირად მონაცემებს ვერიფიკაციიდან 7 დღის განმავლობაში წაშლის და მათზე წვდომა არც OpenAI-ს ექნება (მხოლოდ დაბადებით თარიღზე).
კომენტარები