რუსეთის ეკონომიკა ცივილიზებულმა სამყარომ სანქციების ალყაში მოაქცია. უკვე ერთი კვირაა, მოსკოვის საფონდო ბირჟა დახურულია, რუბლი კი დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურებული.

ლონდონის ბირჟაზე რუსული კომპანიების აქციების ღირებულება ჯერ დრამატულად დაეცა, ხოლო შემდეგ მათი ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა საერთოდ შეჩერდა. რუსი ოლიგარქების ქონება მცირდება. დასავლური სამყაროს სანქციებით შეწუხებული რიგითი რუსები კი "თბილ ქვეყნებში" გადაბარგებას განიხილავენ.

ეკონომისტები ელოდებიან, რომ სანქციები რუსულ ეკონომიკას ღრმა რეცესიის წინაშე დააყენებს და ინფლაციას კიდევ უფრო გაზრდის. კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ოთხშაბათს თქვა, რომ რუსული ეკონომიკა სერიოზული ზეწოლისა და დარტყმის წინაშე დგას.

რუსული ხელისუფლება ცდილობს მიიღოს ზომები, რომელთა საშუალებითაც ქვეყანაში კაპიტალს შეინარჩუნებს. დაწესდა შეზღუდვები უცხოელებზე, რომლებიც აქტივებს ყიდიან და ადგილობრივ მოსახლეობაზე, რომლებიც საზღვარგარეთ ფულს რიცხავენ.

მას შემდეგ, რაც კრიზისის პირველ დარტყმა გადაივლის, სავარაუდოდ, რუსეთის ეკონომიკაზე სანქციების ქრონიკულ გავლენას დავინახავთ და ის გახდება უფრო მეტად იზოლირებული — წერს FT.

პარალელები ირანთან

ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ თავისუფალი სამყაროს განზრახვაა, დასავლურმა სანქციებმა რუსეთზე ისეთივე გავლენა იქონიოს, როგორიც ამერიკულმა სანქციებმა იქონია ირანზე. აქ საუბარია პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან 2018 წელს ირანზე დაწესებულ სანქციებზე. უნდა ითქვას, რომ ეს ორი შემთხვევა ერთმანეთის იდენტური არ არის. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ირანის მიმართ დაწესებული შეზღუდვები ქვეყნის ნავთობიდან მიღებული შემოსავლის განულებისკენ იყო მიმართული.

2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების თანახმად, შეჩერებული ეკონომიკური სანქციების სანაცვლოდ, თეირანს ბირთვულ პროგრამა უნდა შეეწყვიტა — 2018 წელს აშშ-მა ბირთვული შეთანხმება დატოვა და ირანს სანქციები დაუწესა. აშშ-ის იმჟამინდელი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობდა, რომ თეირანი შეთანხმების პირობებს არღვევდა.

ირანი მსოფლიო ფინანსური სისტემიდან ჯერ კიდევ მოწყვეტილია — მათ შორის, საუბარია SWIFT-ზე. როგორც ცნობილია, SWIFT-დან გათიშულია რამდენიმე მსხვილი რუსული ბანკიც.

შესაძლებელია ითქვას, რომ სანქციებმა ირანის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2018-2019 წლებში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 15%-ით შემცირდა. ამასთან, ანალიტიკოსების შეფასებით, ირანის მოსახლეობა 2016 წლის ცხოვრების დონეს მინიმუმ 10 წლის შემდეგაც ვერ დაუბრუნდება. ინფლაცია, რომელიც 2018 წლის ბოლოს 48%-ს გაუტოლდა, პროგნოზების მიხედვით, 25%-ზე ზემოთ შენარჩუნდება. 2018 წელს ირანის ეკონომიკა 6,03%-ით, ხოლო 2019 წელს 6,78%-ით შემცირდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ირანს მეგობარ ქვეყნებთან ნავთობის ექსპორტი არ შეუჩერებია, რამაც მისი ეკონომიკა სრულმასშტაბიანი კოლაფსისგან იხსნა. ამასთან, თეირანის ხელისუფლებასთან კავშირში მყოფმა მდიდარმა ირანელებმა საკუთარი მდიდრული ცხოვრების წესი შეინარჩუნეს.

"ბირთვული შეთანხმების შემთხვევაში ირანს შეუძლია ჰქონდეს 15%-იანი ეკონომიკური ზრდა", — ამბობს ირანელი ანალიტიკოსი საიდ ლაილაზი. მისივე თქმით, შეთანხმების გარეშე, თუ ნავთობის ფასი მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება და ირანი დღეში 1 მლნ ბარელ ნავთობს გაყიდის, ქვეყანა შეძლებს, რომ [ზომიერი] ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს.

რუსეთის შემთხვევაშიც მთელი აქცენტი ბუნებრივ რესურსებზე კეთდება. ზოგიერთი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ რუსეთი ენერგორესურსების საშუალებით მყარი ვალუტის მოზიდვას შეძლებს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ რუსულ ნავთობზე მოთხოვნა შემცირებულია. ბრიტანული კვლევითი საკონსულტაციო კომპანიის Energy Aspects-ის თანახმად, რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტის თითქმის 70%-ს მყიდველი არ ჰყავს. ეს მონაცემი განვითარებული მოვლენების შესაბამისად შეიცვლება.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპელი მოკავშირეები რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესებას განიხილავენ. აქვე უნდა ითქვას, რომ ბლინკენის ამ განცხადებას რუსული რუბლის რეკორდულად გაუფასურება და ნავთობის საერთაშორისო ფასის მკვეთრი ზრდა მოჰყვა.

რუსეთის ეკონომიკასთან დაკავშირებული პროგნოზები

IIF-მა (The Institute of International Finance) თქვა, რომ სანქციებს რუსეთის ფინანსურ სისტემაზე "დრამატული ეფექტი" ექნება. ორგანიზაციის შეფასებით, რუსეთის მცდელობის მიუხედავად, შეამციროს ქვეყნიდან კაპიტალის გადინება, გაიზრდება ინფლაცია და შემცირდება ადგილობრივი წარმოება.

Goldman Sachs-ის შეფასებით, რუსეთის ცენტრალური ბანკის მიმართ დაწესებული სანქციები ხელს შეუშლის რუბლის დაცვას და მიმდინარე წლის ბოლოსთვის ინფლაციას 17%-მდე გაზრდის. როგორც ცნობილია, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ორშაბათს რეფინანსირების განაკვეთის გაორმაგების და 20%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ინფლაციის შემცირებაა.

Goldman Sachs-ის მიხედვით, სანქციები რუსეთის ეკონომიკურ ზრდას ნავარაუდევი 2%-იანი ზრდიდან მინუს 7%-მდე შეამცირებს. ამასთან სახელმწიფო და კერძო ხარჯები 10%-ით და მეტით შემცირდება.

კლემენს გრეიფი, Goldman Sachs-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური მიმომხილველი ამბობს, რომ რუსეთი 6-9 თვეში ეკონომიკური კრიზისს გაფანტავს, როდესაც ის ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან იმდენს გამოიმუშავებს, რამდენიც ცენტრალური ბანკის რეზერვებზე დაწესებული სანქციების ასანაზღაურებლად იქნება საჭირო. გრეიფმა რუსეთის ეკონომიკური ზრდის გრძელვადიანი პროგნოზი 2,75%-დან 1%-მდე შეამცირა.

ოკუპანტი ქვეყნის ეკონომიკისთვის უფრო მძიმე შედეგებს პროგნოზირებს JPMorgan, რომელიც წერს, რომ რუსეთის მშპ-ზე შოკი 1998 წლის კრიზისის მსგავსი იქნება.

JPMorgan-ის შეფასებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში რუსეთის ეკონომიკის 35%-ით შემცირებაა მოსალოდნელი. ამასთან, საინვესტიციო ბანკი ელოდება, რომ 2022 წელს რუსეთის ეკონომიკა 7%-ით შემცირდება.

JPMorgan-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს რუსეთის ექსპორტი დაახლოებით 13%-ით, ადგილობრივი მოთხოვნა — 10%-ით, ხოლო იმპორტი 30%-ის ფარგლებში შემცირდება.

JPMorgan-ის ეკონომისტის, ანატოლი შალის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებული ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაცია მისი ეკონომიკის ზრდის გრძელვადიან მაჩვენებელზეც აისახება. შალი პროგნოზირებს, რომ მომავალ წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდა ნულთან ახლოს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში დაახლოებით 1%-ის ფარგლებში იქნება.

S&P Global რუსეთს საკრედიტო რეიტინგს უმცირებს

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ S&P Global-მა რუსეთს საკრედიტო რეიტინგი შეუმცირა და მოსალოდნელი დეფოლტის ზონაში გადაიყვანა. მათი განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა შესაძლებელია ვალის გადახდისუუნარო გახდეს.

S&P Global-მა რუსეთს სუვერენული რეიტინგი BB-plus-დან CCC-minus-მდე შეუმცირა, რაც მისი საინვესტიციო პოტენციალის ვარდნას ნიშნავს. სარეიტინგო სააგენტოს თქმით, მოსალოდნელია რეიტინგის კიდევ უფრო შემცირებაც.

Reuters წერს, რომ რუსეთს მიმდინარე თვეში 700 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ობლიგაციების დაფარვა უწევს. გამოცემის ცნობით, სანქციების შედეგად არსებული წნეხი ვალის მომსახურების განხორციელებაზე მოახდენს გავლენას.


ფაქტია, რომ რუსეთის ეკონომიკა მძიმე კრიზისის წინაშე დგას. ქვეყანას მსოფლიოს წამყვანი კომპანიები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ. რუსეთთან ვაჭრობა როგორც ტექნიკური, ისე რეპუტაციული თვალსაზრისით რთულდება. ამასთან, ბოლო მონაცემების მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება თითქმის 138 რუბლს გაუტოლდა.

აშკარაა, რომ რუსეთის მოსახლეობას მოუწევს სანქციების სუსხი აიტანოს და რომ დასავლეთის მხრიდან დაწესებული შეზღუდვები მათი ცხოვრების დონეს შეამცირებს. ამის ფონზე, პუტინი უკრაინაზე თავდასხმას განაგრძობს და მსოფლიოს ბირთვული ომით ემუქრება.