ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
ფოტო: Shutterstock
იმ ახალგაზრდა ქალების უმეტესობაში, რომლებიც ხელოვნურ წამწამებს ხშირად იყენებენ, მკვლევრებმა Demodex folliculorum-ის სახელით ცნობილი კანის ტკიპები აღმოაჩინეს. ისინი სწორედ მათ წამწამებზე დააფიქსირეს. ამ პარაზიტებს კანის მტკივნეული რეაქციის, დემოდეკოზის, გამოწვევა შეუძლია.
კატარაქტისა და რეფრაქციული ქირურგიის ევროპული საზოგადოების (ESCRS) 44-ე კონგრესზე წარდგენილი კვლევის თანახმად, შესწავლილი ქალების დიდ ნაწილს თვალის გაღიზიანების სიმპტომებიც აღენიშნებოდა. ასევე, გამოვლინდა წამწამებთან ახლოს მდებარე მეიბომის ჯირკვლების პრობლემები. მათი ფუნქცია თვალის გამოშრობისგან დამცავი ცხიმოვანი ნივთიერების გამომუშავებაა.
ასევე, იხილეთ: ეს არსებები ჩვენს კანზე ცხოვრობენ, მრავლდებიან, ისაქმებენ და იხოცებიან — გაიცანით D. folliculorum
უკრაინის ნ. პიროგოვის სახელობის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევარმა, ტეტიანა ჟმუდმა, 16-იდან 28 წლამდე ასაკის 345 ქალის მონაცემები შეისწავლა. გამოკითხვა აჩვენებს, რომ ქალების 47.6% ხელოვნური წამწამების გაკეთების პროცედურის შემდეგ დისკომფორტს, სიწითლეს, ცრემლდენას ან ქავილს უჩიოდა.
მეიბოგრაფიის მეთოდით (ინფრაწითელი სინათლით ჯირკვლების გაშუქება) დადგინდა, რომ პაციენტების 85%-ს, რომლებმაც ხელოვნური წამწამები მინიმუმ 10-ჯერ გაიკეთეს, მეიბომის ჯირკვლის დისფუნქცია აღენიშნებოდა. დამატებით, მიკროსკოპულმა ანალიზმა 25 ქალიდან 24-ის წამწამებზე Demodex-ის ტკიპები დააფიქსირა.
"წამწამების ხელოვნური დაგრძელება ახალგაზრდა ქალებში საკმაოდ პოპულარული კოსმეტიკური პროცედურაა, რადგან ის ტუშის გამოყენების გარეშე უფრო გრძელი და ხშირი წამწამების ეფექტს ქმნის. ამავდროულად, მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ამ პროცედურამ თვალის ზედაპირზე, შესაძლოა, სხვადასხვა პრობლემა გამოიწვიოს, მათ შორის: გაღიზიანება, მშრალი თვალის სინდრომის სიმპტომები და მეიბომის ჯირკვლის დისფუნქცია. ამის მიუხედავად, ხელოვნურ წამწამებსა და დემოდეკოზს შორის კავშირი კვლავ ნაკლებად შესწავლილ საკითხად რჩება", — აღნიშნავს ტეტიანა ჟმუდი.
მისივე თქმით, ჰიგიენის ნორმების დაცვა რისკებს საგრძნობლად ამცირებს:
"ჩვენი მიგნებები არ ნიშნავს, რომ ადამიანებმა ხელოვნური წამწამების გაკეთებისგან თავი სრულად უნდა შეიკავონ. ამის მიუხედავად, კვლევა ქუთუთოების სათანადო ჰიგიენის, სიმპტომების ცოდნისა და მათი გამოვლენისთანავე დროული რეაგირების მნიშვნელობას ცხადყოფს“.
სპეციალისტები თვალის ოპტიმალური მოვლისთვის რეკომენდაციას კონსერვანტებისგან თავისუფალ, ჰიპოალერგიულ გელს უწევენ, რომლის გამოყენებასაც ქალებს დღეში ორჯერ (სპეციალური ჯაგრისით) ურჩევენ. ტკიპების დადასტურებული არსებობის შემთხვევაში კი ექიმები ანტიპარაზიტულ მკურნალობას განიხილავენ.
ESCRS-ის კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი სორჩა ნი დუბგაილი, განმარტავს, რომ პროცედურის დროს გამოყენებული წებო პარაზიტების აღმოჩენას საგრძნობლად ართულებს. სპეციალისტები ტკიპების არსებობას წამწამების ძირებში დატოვებული სპეციფიკური ნადებით ამჩნევენ, ხელოვნური წამწამების წებო კი სწორედ ამ კვალს ფარავს და დროულ დიაგნოსტირებას ხელს უშლის.
მკვლევრები ხაზგასმით ამბობენ, რომ ეს მცირე მასშტაბის კვლევაა და არ მოიცავს შედარებას იმ ახალგაზრდა ქალებთან, რომლებსაც ხელოვნური წამწამები არასდროს ჰქონიათ. მათი თქმით, შემდგომი კვლევა ადამიანების უფრო დიდ ჯგუფს უნდა დაეყრდნოს: როგორც ხელოვნური წამწამების მქონეებს, ისე იმ პირებს, რომელთაც ეს პროცედურა არ ჩაუტარებიათ. ასე მეცნიერებს საშუალება მიეცემათ, ზუსტად განსაზღვრონ ტკიპების რაოდენობა და გამოკვეთონ კავშირი პროცედურის სიხშირეს, თვალის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პარაზიტული ინფექციის სიმპტომებს შორის.
კომენტარები