შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
ფოტო: NASA Goddard
მერკურის ზომა დედამიწის დაახლოებით 1/3-ია. ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, ის ევოლუციის განმავლობაში 10-30%-ით უფრო მეტად დაპატარავდა, ვიდრე აქამდე არსებული მოდელები აჩვენებდა. თუ ასეა, ე.ი. პლანეტის ფორმირებიდან მოყოლებული, მისი დიამეტრი 19 კილომეტრით შემცირდა (ამჟამინდელი მაჩვენებელი 4880 კილომეტრია).
გამოცემა Geophysical Research Letters-ი გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, წინა კვლევებში ზომის კლების ეს მასშტაბი ვერ შენიშნეს, რადგან მტკიცებულებას კრატერული ნარჩენები ფარავს.
"მერკურის ევოლუცია მისმა გაგრილებამ განაპირობა. შესაბამისად, შეკუმშვის მასშტაბი — გაგრილების ინდიკატორი — ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაკვირვებადი მაჩვენებელია, რომელიც შეგვიძლია, მოდელებს შევადაროთ და პლანეტის განვითარების სცენარი ვივარაუდოთ", — ამბობს ნაშრომის თანაავტორი, გაკუ ნიშიამა.
ასევე, ზომის ამგვარი შემცირება მერკურის შედგენილობაზეც მიუთითებს. მაგალითად, ასეთი შეკუმშვა შეიძლება ნიშნავდეს, რომ მას უფრო დიდი მეტალის ბირთვი აქვს, რომელშიც სილიციუმის მსგავსი მსუბუქი ელემენტები იშვიათია. ამის მიხედვით, არამხოლოდ კონკრეტული პლანეტის, არამედ მზის სისტემის ევოლუციაზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ.
ასევე, იხილეთ: პლანეტა მერკურის ზომა მცირდება — კვლევა
მერკური, სხვა სხეულების მსგავსად, მატერიის ეტაპობრივად შეერთებისა და მასების შეჯახება-შერწყმის შედეგად წარმოიქმნა. ამ პროცესში სითბოც გამოიყოფოდა, ამიტომ ახალგაზრდა მერკური ცხელი იყო. ის ნელ-ნელა გაგრილდა, პარალელურად კი მისი შიდა ფენები შეიკუმშა, რაც დღესაც გრძელდება.
გაგრილება მთლიან ლანდშაფტზე ზემოქმედებს, თუმცა ახლად ფორმირებულ კრატერებს ამ ეფექტის დაფარვა შეუძლია. მსგავსი ზედაპირული ჩაღრმავებები დროთა განმავლობაში გროვდება და ძველი გეოლოგიური ნიშნების გამოვლენას ართულებს.
ასევე, იხილეთ: შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
ახალი კვლევის ავტორებმა მერკურის რუკების ორი წყება შეადარეს. ისინი NASA-ს მისია MESSENGER-ის მიერ 2011-15 წლებში მოპოვებულ მონაცემებს ეფუძნება. რუკების ერთი ნაწილი გვიჩვენებს გეოლოგიურ წარმონაქმნებს, რომლებიც შეკუმშვაზე მიანიშნებს. მეორე ნაწილი კი ზედაპირის უსწორმასწორობებს ასახავს.
დაადგინეს, რომ ყველაზე უსწორმასწორო არეალებზე პლანეტის ზომის შემცირების ნაკლები კვალია. ის, სავარაუდოდ, ახლო წარსულში მომხდარი შეჯახებების ნარჩენებმა დაფარა. თუ ეს ვარაუდი დადასტურდება, გამოდის, რომ მერკური მართლაც იმაზე მეტად დაპატარავდა, ვიდრე გვეგონა.
ამ საკითხზე მეტის გაგებაში შეიძლება ევროპული მისია BepiColombo დაგვეხმაროს, რომელიც პლანეტას უკვე მიუახლოვდა. მისი სურათები, პოტენციურად, იმ წარმონაქმნებს გამოავლენს, რომლებიც MESSENGER-მა ვერ გადაიღო.

კომენტარები