ეს აგვისტო გლობალურად ყველაზე ცხელი თვე იყო
ფოტო: Getty Images
ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატური ცვლილების კვლევის სამსახურის ახალი ანგარიშის თანახმად, 2026 წლის აგვისტო გლობალურად ყველაზე ცხელი თვე იყო. მან 2023 წლის ივლისი უკან ჩამოიტოვა და ახალი რეკორდი დაამყარა.
ასეთი მაღალი ტემპერატურა მსოფლიოში მიმდინარე კლიმატის ცვლილებასა და ელ-ნინიოს უკავშირდება, რა დროსაც წყნარი ოკეანის მიმდებარედ ზედაპირული წყლები თბება. ეს ბუნებრივი ფენომენი ციკლური ხასიათისაა და გლობალურად ტემპერატურის ზრდას განაპირობებს.
ასევე, იხილეთ: "რაღაც მოდის" — რა იციან მეცნიერებმა პოტენციური "სუპერ" ელ-ნინიოს შესახებ
აგვისტოში ტემპერატურამ ინდუსტრიალიზაციამდე არსებულ მაჩვენებელს 1.65°C-ით გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ გასულ თვეში 1.5°C-იან მიჯნას გადავცდით, რომლის დაცვასაც პარიზის კლიმატური შეთანხმება ითვალისწინებს. ეს ნიშნული ყოველწლიურ საერთო ტემპერატურას გულისხმობს, შესაბამისად, ერთი თვის მონაცემი ამ საფრთხილო ზღვრის გადაკვეთას არ ნიშნავს. ამის მიუხედავად, ახალი რეკორდი დათბობის საშიშ ტენდენციას ავლენს.
უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელი აგვისტო დასავლეთ ევროპისთვის ყველაზე ცხელი იყო. მან 2003 წლის ტემპერატურასაც გადააჭარბა. კოპერნიკის კლიმატურ სამსახურში ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მთელ მსოფლიოში მოსახლეობაზე, ეკონომიკასა და ეკოსისტემებზე აისახება.
ასევე, იხილეთ: გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გაეროში მომუშავე სპეციალისტებიც ამბობენ, რომ ასეთი რეკორდები გვიჩვენებს, რამდენად დიდი გავლენა აქვს ადამიანს გარემოზე. მაგალითად, ასეთი საქმიანობაა წიაღისეული საწვავის მოხმარება, რასაც მეცნიერები თავად კლიმატის ცვლილების "საწვავს" უწოდებენ.
სიტუაციას ელ-ნინიო კიდევ უფრო მეტად ართულებს. მართალია, ის სრულიად ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა ჩვენ მიერ ხელოვნურად გამოწვეულ დათბობის ეფექტს აძლიერებს. ამ დროს წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილი უჩვეულოდ თბილი ხდება და ატმოსფეროსაც დიდძალ სითბოს გადასცემს. შედეგად, ტემპერატურა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაშია მომატებული.
კოპერნიკის კლიმატური სამსახურის ანგარიშის თანახმად, ამჟამინდელი ელ-ნინიო, შესაძლოა, ყველაზე ძლიერი იყოს და მისი გავლენა მომდევნო თვეებშიც ვიგრძნოთ — ყველაფერი აგვისტოში არ დასრულებულა. ხელოვნური ზეგავლენით განპირობებული დათბობის შესაჩერებლად კი ატმოსფეროში მავნე აირების ემისია უნდა შეწყდეს, ანუ ბერკეტები ჯერ კიდევ ჩვენს ხელთაა, თუმცა თუ სწრაფად არ ვიმოქმედებთ, შეიძლება მალე უკვე გვიანი იყოს.

კომენტარები