გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება. როგორც უწყებაში აცხადებენ, სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა მიმართულია თანამედროვე ბაღების გაშენებისა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისკენ.

2026 წლიდან სახელმწიფო არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას აღარ გააგრძელებს. სამინისტროს განმარტებით, პროგრამის გაგრძელება სექტორის გრძელვადიანი განვითარების მიზნებთან შეუსაბამოა და შესაძლოა არაპირდაპირ ხელს უწყობდეს დაბალი ხარისხის პროდუქციის წარმოების შენარჩუნებას.

"ამ ცვლილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ინტენსიური ბაღების ფართობების ზრდაა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში საქართველოში დაახლოებით 2.6 ათას ჰექტარზე ინტენსიური ვაშლის ბაღები გაშენდა.

ამასთან, არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება ხელს უწყობდა დაბალპროდუქტიული და გადაბერებული ბაღების შენარჩუნებას, აფერხებდა ახალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე აგრონომიული პრაქტიკის დანერგვას და ზრდიდა დაავადებების გავრცელების რისკს.

სწორედ ამიტომ, 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებული აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერების მხარდაჭერას თანამედროვე ბაღების გაშენების მიმართულებით აგრძელებს. პროგრამის ფარგლებში ახალი ბაღების გაშენებისთვის ფერმერის მიერ გაწეული ხარჯის 50%-ის თანადაფინანსებაა გათვალისწინებული. პროგრამა ასევე ითვალისწინებს პირველადი წარმოების პროდუქციის გადამუშავების ხელშეწყობას, რაც ვაშლის სექტორსაც მოიცავს" , - აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ სუბსიდირების დასრულება არ ნიშნავს არასტანდარტული ვაშლს კომპანიები აღარ ჩაიბარებენ, — "2026 წლის 1 სექტემბერს ვაშლის კონცენტრატების მწარმოებელ კომპანიებთან გამართულ შეხვედრაზე დადასტურდა, რომ კომპანიები მზად არიან, არასტანდარტული ვაშლი მიიღონ და გადაამუშაონ. ჩასაბარებელი ფასი კი ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესაბამისად განისაზღვრება", — განმარტეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.