Apple-მა ახალი iPhone-ების გამოშვების ფონზე წინა სერიების რამდენიმე სმარტფონი გააძვირა. ესენია: iPhone 16, iPhone 17, 17e და Air. ზოგიერთი მათგანი ახლა იმაზე ძვირია, ვიდრე გამოშვებისას იყო.

ასევე იხილეთ: Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა

ისტორიულად ასე იყო, რომ ახალი აიფონების გამოსვლის შემდეგ შედარებით ძველი მოდელები იაფდებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა — წინა სერიების რამდენიმე აიფონი გაიაფების ნაცვლად $100-ით ძვირდება.

iPhone 16 მოდელი Apple-ის წლევანდელ პრეზენტაციამდე $699-ად იყო ხელმისაწვდომი. iPhone 17-ის გამოსვლის შემდეგ შარშან იგი $100-ით გაიაფდა, თუმცა ახლა ფასი ისევ მოემატა. iPhone 16 კვლავ $799 ღირს — ზუსტად იმდენივე, რამდენიც გამოსვლის დროს, 2024 წელს.

მეორე მხრივ, iPhone 17, 17e და Air ახლა უფრო ძვირია, ვიდრე გამოშვების დროს იყო. ბიუჯეტური iPhone 17e თავიდან $599-ად იყო ხელმისაწვდომი 2026 წლის მარტში, როცა გამოუშვეს, თუმცა ახლა $699 ეღირება. iPhone 17 გასული წლის სექტემბერში გამოვიდა და თავიდან $799 ღირდა, თუმცა ფასი ახლა $899-ამდე გაიზარდა. iPhone Air-ს რაც შეეხება, ისიც გასულ სექტემბერს შემოგვთავაზეს $999-ად, თუმცა ახლა $1099 ეღირება.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ iPhone 18 Pro და Pro Max გასული წლის ფლაგმანებზე, 17 Pro-სა და Pro Max-ზე, $100-ით ძვირია. ერთის საწყისი ფასი $1199-ია, ხოლო მეორისა — $1299.

სასიხარულო არ არის, მაგრამ Apple-ის პროდუქტების გაძვირება არც მოულოდნელი ყოფილა. AI ბუმის ფონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა მეხსიერების ჩიპებზე მოთხოვნა. წარმოების ხარჯებიც გაიზარდა, რადგან ტექნოლოგიური კომპანიები ერთმანეთს შეზღუდული რესურსისთვის ეჯიბრებიან.

ასევე იხილეთ: რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?

ტიმ კუკმა, Apple-ის ყოფილმა დირექტორმა, ივნისში Wall Street Journal-თან საუბრისას განაცხადა, რომ კომპანია ცდილობდა, ამას კლიენტებზე ნაკლებად ემოქმედა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ფასების ზრდა გარდაუვალი" იყო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.