ამტკიცებს თუ არა უკრაინის კრიზისი, რომ ცივი ომი არასოდეს დასრულებულა — ექსპერტების ანალიზი
ევროპის მიმართ პუტინის აგრესიულმა ქმედებებმა ხელახლა გააღვივა დისკუსია იმაზე, თუ რამდენად სწორად აფასებდნენ აშშ-ის პრეზიდენტები და პოლიტიკოსები ბოლო ათწლეულების გეოპოლიტიკურ სიტუაციას — წერს The New Yorker.
1992 წელს, პრეზიდენტ ჯორჯ ბუში უფროსის ბოლო სახელმწიფო მიმართვა ლამის ექსტაზური იყო. გამოსვლისას მან თქვა: "ღვთის წყალობით, ამერიკამ ცივი ომი მოიგო. ეს ყველაზე დიდი რამაა, რაც მსოფლიოში, ჩემი და თქვენი ცხოვრების განმავლობაში მომხდარა". პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ის წინამძღოლობით მოქმედ დასავლეთსა და საბჭოეთის კონტროლირებად აღმოსავლეთს შორის იდეოლოგიური მეტოქეობა, რომელმაც ოთხი ათწლეულის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოქმნა არაპირდაპირი ომები, არა მხოლოდ დასრულდა, არამედ მასში აშშ-მ გაიმარჯვა.
"ერთ დროს ორ შეიარაღებულ ბანაკად დაყოფილი სამყარო ახლა ცნობს ერთადერთ და გამორჩეულ ძალას, ამერიკის შეერთებულ შტატებს", — თქვა მან კონგრესის ერთობლივ სესიაზე, — "და ეს აღიარება მოკლებულია შიშს. რადგან სამყარო ჩვენ ძალაუფლებას გვანდობს და ის ამაში მართალია". ბუშს ნამდვილად სჯეროდა "ახალი მსოფლიო წესრიგის", რომელიც ცივი ომის ეპოქის დასასრულს ნიშნავდა. 1989 წლის ნოემბერში, როდესაც ბერლინის კედელი და აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტური რეჟიმები იშლებოდა, მან თქვა: "თავისუფლების ძიება მეტად ძლიერია, ვიდრე ფოლადი და უფრო გამძლე, ვიდრე ბეტონი".
სამი ათწლეულის შემდეგ ბუშის ორივე მტკიცება საეჭვო ან თუნდაც გულუბრყვილო ჩანს. 18 თებერვალს პრეზიდენტმა ბაიდენმა თავის მოულოდნელ განცხადებაში აღნიშნა, რომ აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციის საფუძველზე, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრას აპირებდა. ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა: "რუსეთის ლიდერი ცდილობს, დაარწმუნოს მსოფლიო, რომ მას აქვს უნარი, შეცვალოს ევროპის დინამიკა ისე, როგორც მას რეალურად არ შეუძლია".
პროგნოზი გამართლდა — რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
უკრაინა-რუსეთს შორის დაძაბულობის ესკალაციის ფონზე გაჩნდა დებატები ისტორიკოსებსა და ექსპერტებს შორის იმაზე, დამთავრდა თუ არა ცივი ომი — ყოველ შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან — და დააბრმავა თუ არა ამერიკულმა ამპარტავნებამ აშშ-ის ბოლო ათწლეულების პრეზიდენტები. რუსეთი, რომელსაც ევროპაში რაოდენობრივად ყველაზე დიდი არმია ჰყავს, თავისი გავლენის სფეროს აღდგენას ცდილობს. ბოლო თოთხმეტი წლის განმავლობაში რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსირება, შეიჭრა საქართველოში და მისი ორი სეპარატისტული რეგიონი დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნო. რუსეთმა ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო გავლენა სირიაში საზღვაო და საჰაერო ძალების ბაზების სახით გაიმყარა. კონტრაქტით დაქირავებული ათასობით რუსი ჯარისკაცი განლაგდა აფრიკაში — ნავთობით მდიდარი ლიბიის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, სუდანში, მალიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მოზამბიკსა და მადაგასკარში.
ახლა კი რუსეთს განუზრახავს, რომ გეოსტრატეგიული მნიშვნელობის მქონე უკრაინა, რომელიც ნატოს ოთხ წევრ სახელმწიფოს ესაზღვრება, ომის გზით შთანთქას. მოსკოვის თანახმად, ვაშინგტონის კრიტიკა ფარისევლურია იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში აშშ თავისი საზღვრებიდან ძალიან შორს, ერაყსა და ავღანეთში სამხედრო გზით ერეოდა.
ისტორიული პერსპექტივით, ზოგიერთი ექსპერტი უკრაინაში დღევანდელ ვითარებას ჯერ კიდევ დაუსრულებელი ცივი ომის ახალ ფაზად განიხილავს. "ჩვენ შეგვიძლია ამჟამინდელი მოვლენების საფუძვლებს ცივი ომის პერიოდში მივაკვლიოთ", — ამბობს რობერტ დალიმი, უილსონის ცენტრის კისინჯერის ინსტიტუტის დირექტორი, — "აქ მნიშვნელოვანი ამ პროცესთა უწყვეტობაა". მისივე თქმით, დღევანდელი კრიზისი არ იყო წინასწარგანსაზღვრული და არც გარდაუვალი. ამერიკელ, რუს და ჩინელ ლიდერებს მთელი რიგი განსხვავებული გადაწყვეტილებები რომ მიეღოთ, ისტორია შეიძლებოდა სხვანაირად, ნაკლებად დრამატული კურსით წარმართულიყო. "მაგრამ, როგორც ჩანს, ცივი ომიდან დღევანდლამდე პერიოდი უბრალო შესვენება იყო", — ურთავს ის, — "ჩვენ პრობლემები მოგვარებული გვეგონა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა". დალიმი ფიქრობს, რომ ამერიკელებისათვის უახლოესი წარსულის გადაფასება რთული იქნება, რადგან დღევანდელი კრიზისი ათწლეულობის კოლექტიურ მარცხს ასახავს.
ის მცირეხნიანი დამაიმედებელი პერიოდები — იქნება ეს 1980-იან წლებში, გარდაქმნის დროს, რონალდ რეიგანსა და მიხეილ გორბაჩოვს შორის ბირთვული იარაღის შესახებ მიღწეული შეთანხმება თუ 1992 წელი, როდესაც ბუშმა კემპ-დევიდში ბორის ელცინს უმასპინძლა — მკვეთრ წინააღმდეგობაში მოდის პუტინის 2022 წლის გადაწყვეტილებასთან, ცივი ომის შემდგომ ევროპაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყოს. დღევანდელი მტრული ენა წარსულის პოლიტიკური აგრესიის ექოსავით ისმის.
ომის დაწყებამდე ევროპისა და რუსეთისთვის უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ ბაიდენის წინადადებებს კრემლმა თერთმეტგვერდიანი წერილით უპასუხა. პუტინმა თავხედურად ჰკრა ხელი აშშ-ის პრეზიდენტის შეთავაზებას. სანაცვლოდ კი რუსეთმა მტკიცედ განაცხადა, რომ არასოდეს უარყოფს ორ ძირითად მოთხოვნას — პირველი, უკრაინას აეკრძალოს ნატოში გაწევრიანება და მეორე, ნატომ, მსოფლიოში ყველაზე ძლიერმა სამხედრო ალიანსმა, თავისი სამხედრო ძალების განლაგება და აღჭურვილობა 1997 წლის ნიშნულს დაუბრუნოს. ამ პასუხს თან მუქარაც ახლდა: "იმ შემთხვევაში, თუ ამერიკული მხარე უარს იტყვის, მოგვაწოდოს მტკიცე, იურიდიული ძალის მქონე გარანტია იმის, რომ ჩვენ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხრიდან საფრთხეს არ უნდა ველოდოთ, რუსეთი იძულებული იქნება, საპასუხო ნაბიჯები გადადგას — მათ შორის, სამხედრო-ტექნიკური სახის ზომების მიღებით".
ამ გადმოსახედიდან, ცივი ომიდან მოყოლებული დღემდე, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის ძირითადი მიზეზები უცვლელია — აღნიშნავს სერგეი რადჩენკო, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ჯონ ჰოპკინზის უნივერსიტეტის უმაღლესი საერთაშორისო კვლევების სკოლიდან.
"ეს არასოდეს ყოფილა კაპიტალიზმსა და კომუნიზმს შორის კონფლიქტი. უპირველეს ყოვლისა, ეს შეეხებოდა გლობალური პოლიტიკური იერარქიის შეცვლას და ამ იერარქიის კიბეზე აშშ-ის ხარჯზე აღმასვლას", — ამბობს რადჩენკო. მოსკოვის მიზანს ისეთ ანგარიშგასაწევ ძალად ყოფნა წარმოადგენდა, რომელსაც საკუთარი გავლენის სფერო აქვს. ამ მხრივ უმნიშვნელო იყო, ეს კომუნისტური მმართველობის პირობებში მოხდებოდა თუ — პოსტკომუნისტური. ეს მიზანი 1945 წელს იალტის სამიტზე გამოიკვეთა, როცა მეორე მსოფლიო ომის სამი მოკავშირე ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ.
სხვები ჯერ კიდევ განასხვავებენ ისტორიულ ეპოქებს. ისინი ამტკიცებენ, რომ მეოცე საუკუნის ცივ ომსა და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისის დაძაბულობას შორის უფრო მეტი განსხვავებაა, ვიდრე მსგავსება. "ვფიქრობ, არ იქნება ზუსტი იმის თქმა, რომ ეს იყო უბრალო შესვენება, მცირეხნიანი ამოსუნთქვა, და შემდეგ ჩვენ ისტორიის ჩვეულ მიმდინარეობას დავუბრუნდით", — განაცხადა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე მაიკლ მაკფოლიმ, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში, — "ცივი ომი ნამდვილად დასრულდა. და მას მოჰყვა შესაძლებლობების მომენტი", როცა რუსეთს დემოკრატიული მმართველობის კონსოლიდაცია და ლიბერალურ საერთაშორისო წესრიგში ინტეგრირება შეეძლო. "ზოგიერთი ჩვენგანი სწორედ ამ პროექტზე ვმუშაობდით", — ურთავს მაკფოლი, — "მაგრამ ეს პროექტი მარცხით დასრულდა 2011 წელს", ანუ იმ მომენტის წინარე პერიოდში, როცა პუტინმა პრეზიდენტობა დაიბრუნა და საბოლოოდ მოიხვეჭა უპირობო ძალაუფლება. ყოფილი ელჩის თქმით, ცივი ომი შეიცვალა "ცხელი მშვიდობით" და ახლა ტემპერატურა კიდევ უფრო მაღლა იწევს.
წიგნის, ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანის ავტორის, ფრენსის ფუკუიამას მიხედვით, მოსკოვს უცვლელი ამბიცია აქვს. პუტინი ღიად წუხს საბჭოთა კავშირის დაშლის გამო და ამ მოვლენას უზარმაზარ ტრაგედიად მიიჩნევს. მისი საგარეო პოლიტიკა ყოველთვის იყო ამ უკანასკნელის აღდგენის მცდელობა. მაგრამ, ფუკუიამას თქმით, 1947-დან 1989 წლამდე ფსონები უფრო მაღალი იყო და კონფლიქტი მეტად მოიცავდა გლობალურ მასშტაბებს. ცივი ომი ხშირად განიხილებოდა მეტოქე უნივერსალისტურ იდეოლოგიებს შორის კონფლიქტად. 2022 წელს კი "პუტინი ცდილობს, შეარყიოს დასავლური დემოკრატიების რწმენა საკუთარ სისტემებში, მაგრამ ის, რეალურად, არ ცდილობს წარმოაჩინოს, რომ რუსეთს აქვს უკეთესი სისტემა, რომელიც სხვა ქვეყნებსაც შეიძლება მოერგოს", — თქვა ფუკუიამამ.
ცივი ომის იდეოლოგიური ბრძოლები უფრო ტრადიციული გეოპოლიტიკური კონკურენციით შეიცვალა. ფუკუიამა მიიჩნევს, რომ რუსეთი უბრალოდ ცდილობს, მოიპოვოს გავლენა იმ შეზღუდული სამხედრო ბერკეტების გამოყენებით, რომლებიც მას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აქვს. "მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ცივი ომი", — დასძენს ის, — "დღეს რუსეთი ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე საბჭოთა იმპერია იყო, მით უმეტეს, რომ აღმოსავლეთ ევროპის დიდი ნაწილი მტკიცედაა დაკავშირებული დასავლეთთან".
ცივი ომი თითქმის ნახევარი საუკუნე გაგრძელდა. უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე კონფლიქტს აქვს პოტენციალი, გაჭიანურდეს და მოიცვას რუსეთის საზღვრებთან მდებარე სხვა ქვეყნებიც — როგორც ეს ცივი ომის დროს ხდებოდა. "მოსკოვმა ნათლად აჩვენა, რომ ის მზადაა, გააპროტესტოს ნატოს ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ემყარება ჩვენს უსაფრთხოებას. ამას ის ძალის გამოყენებით აპირებს. სამწუხაროდ, მიწევს ვთქვა, რომ ეს არის ახალი დღის წესრიგი ევროპაში", — განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჯერ კიდევ იქამდე, სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა.
უკრაინასთან დაკავშირებული კონფლიქტის ფონზე, მცირე ყურადღება ეთმობა პუტინის განზრახვებს თავის მეზობელ, უკვე უახლოეს მოკავშირე ბელარუსში. პუტინმა ომის დაწყებამდე მოსკოვში მის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს უმასპინძლა. ლუკაშენკომ, რომელმაც შარშან პუტინის დახმარებით პროდემოკრატიული პროტესტი ჩაახშო, მას ბელარუსში, რომელიც ნატოს სამ წევრს ქვეყანას — პოლონეთს, ლიტვას და ლატვიას ესაზღვრება, ბირთვული იარაღის განლაგება შესთავაზა. მოსკოვის სარდლობის ცენტრიდან პუტინი და ლუკაშენკო უყურებდნენ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ბელარუსში, რომელიც 30 ათასი რუსი ჯარისკაცის მონაწილეობით ატომური შესაძლებლობის მქონე საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტების გამოცდასაც მოიცავდა.
"ვფიქრობ, სრულიად შესაძლებელია, რუსეთმა იქვე დატოვოს საკუთარი სამხედრო ძალების დიდი ნაწილი და ფაქტობრივად შემოიერთოს ბელარუსი", — თქვა ფუკუიამამ, რომელიც უკრაინაში სხვადასხვა პროექტზე შვიდი წლის განმავლობაში მუშაობდა. პუტინი, დასძინა მან, "ალბათ, ისედაც გეგმავდა ამას. ეს სიტუაცია კი მას ხელსაყრელ საბაბს აძლევს".
პრეზიდენტმა ბუშმა სამი ათწლეულის წინ კონგრესში თავის ბოლო მიმართვაში ერთი რამ სწორად აღნიშნა: "საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედავად, სამყარო ჯერ კიდევ საშიში ადგილია. კონფლიქტის დასასრული მხოლოდ დაღუპულებს უნახავთ. და მიუხედავად იმისა, რომ ძველი გამოწვევები წარსულს ჩაბარდა, ამასთან, მომავლის გამოწვევებიც იბადება".
კომენტარები