5 წიგნი, რომლებმაც დევიდ ბოუის აღმოსავლეთ ევროპა შეაყვარა
დევიდ ბოუის სიკვდილის მეექვსე წლისთავზე მის საყვარელ აღმოსავლეთევროპულ წიგნებს გაგაცნობთ.
ისტორიის ენთუზიასტი და კითხვაზე უზომოდ შეყვარებული, ლეგენდარული ბრიტანელ-ამერიკელი როკვარსკვლავი დევიდ ბოუი, ცნობილი იყო თავისი ინტერესით აღმოსავლეთ ევროპის მიმართ. 1976 წელს, ნარკოტიკებით სავსე, ქაოსური ლოსანჯელესური ცხოვრების ანტიდოტის ძიებაში, ის ბერლინში გადავიდა, სადაც სამი წელი გაატარა. როგორც უცხოელ სტუმარს, მას აღმოსავლეთ ბერლინისა და იმ სოციალისტური სამყაროს მონახულების პრივილეგიაც ჰქონდა, რომელიც ცოტა დასავლელს თუ უნახავს.
მომღერლისთვის ეს პერიოდი საკმაოდ პროდუქტიული გამოდგა, რაც ბერლინის ტრილოგიის სახელით ცნობილ მის ალბომებში აისახა. Low, Heroes და Lodger ბოუის მრავალფეროვან დისკოგრაფიაში გამორჩეულ სამეულად ითვლება. ტრილოგიის ყველაზე ცნობილი სიმღერა, Heroes (გმირები), სწორედ კედლით გაყოფილ ქალაქსა და კვლავ ერთად ყოფნის ოცნებაზე გვიყვება. 1987 წელს ბერლინში ბოუის მიერ ამ სიმღერის შესრულება გერმანიის მომავალი გაერთიანების ერთ-ერთ კატალიზატორადაც კი განიხილება. მისი მუსიკა მთელი ქალაქის გასაგონად ისმოდა. აღმოსავლეთ ბერლინში შეკრებილი მსმენელების დასაშლელად პოლიციის გამოყენება გახდა საჭირო, რაც ძალადობრივ საპროტესტო გამოსვლებში გადაიზარდა.
იმის მიუხედავად, რომ ბოუის საბჭოთა კავშირის გარშემო მოგზაურობა მისი ბიოგრაფიის ნაკლებად ცნობილი ნაწილია, ამ ვიზიტის ამსახველ ფოტოსურათებს (უმეტესობა მათგანი ვარსკვლავის პირადი ფოტოგრაფის, ლი ბლექ ჩაილდერსის ნამუშევარია) დღემდე ხშირად აზიარებენ ინტერნეტსივრცეში მისი ფანები მსოფლიოს ყველა წერტილიდან. 1973 წელს ბოუიმ, რომელსაც ფრენის ეშინოდა, გადაწყვიტა, იაპონიაში გამართული ტურნეს მერე ევროპაში ტრანსციმბირული სარკინიგზო ხაზით დაბრუნებულიყო. მატარებლით რვადღიანმა მოგზაურობამ ხელოვანზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. 1976 წელს ის დაბრუნდა კიდეც საბჭოთა კავშირში — ამჯერად თავის ახლო მეგობართან, იგი პოპთან ერთად.
თუმცა სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში მოგზაურობის შესაძლებლობები მაინც ძალიან მცირე იყო, ამიტომ ბოუის მოუწია, რეგიონი ლიტერატურის მეშვეობით შეესწავლა. წიგნების დიდმა მოყვარულმა მუსიკოსმა ერთხელ საჯაროდაც განაცხადა, რომ მისთვის სრულყოფილი ბედნიერება კითხვასთან ასოცირდებოდა და რომ თვისება, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონდა ადამიანში, "წიგნის დაბრუნების უნარი" იყო. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ როდესაც მას მოძრავი გამოფენისთვის, დევიდ ბოუი არის (Davis Bowie Is), საყვარელი წიგნების შერჩევა სთხოვეს, მომღერალმა 100-ნაწარმოებიანი სია ჩამოწერა.
მისი გარდაცვალების მეექვსე წლისთავის პატივსაცემად, The Calvert Journal-მა იმ აღმოსავლეთევროპელი მწერლების ხუთი წიგნი შეარჩია, რომელიც ბოუის უყვარდა — და თითოეულ მათგანს სიმღერაც მიუსადაგა.
1. ოსტატი და მარგარიტა (1966)
ავტორი მიხაილ ბულგაკოვი
ბულგაკოვის magnum opus, ოსტატი და მარგარიტა, მრავალშრიანი ნარატივია, რომელიც 1930-იანი წლების მოსკოვში განვითარებულ მოვლენებს იესო ქრისტეს უკანასკნელი დღეების ბიბლიური ამბის პარალელურად გვიყვება. რომანი სატანის საბჭოთა კავშირში გამოჩენით იწყება, მაგრამ ეს ვიზიტი შავი იუმორით უფრო ხასიათდება, ვიდრე — საშინელებათა ჟანრით. წიგნი ერთდროულად პოლიტიკური სატირაცაა და გულისამაჩუყებელი რომანტიკაც, რომელიც სიკეთისა და ბოროტების თავისებურ ინტერპრეტაციას წარმოგვიდგენს.
რომანმა არაერთი მუსიკოსი შთააგონა. მათ შორის არიან: ბენდი Franz Ferdinand თავიანთი სიმღერით, Love and Destroy (გიყვარდეს და გაანადგურე), რომელიც მარგარიტას პერსპექტივიდან დაიწერა და პატი სმიტი თავისი 2012 წლის ალბომით Banga, რომელსაც სახელი პილატე პონტოელის ძაღლის მიხედვით დაერქვა. იმის მიუხედავად, რომ ბოუის შემოქმედებაში წიგნზე პირდაპირი მინიშნებები არ გვხვდება, The Man Who Sold the World (კაცი, რომელმაც სამყარო გაყიდა) შესანიშნავად შეეფერება საბჭოურ კლასიკას. იდუმალებით მოცული ამბავი ზებუნებრივ არსებასთან შეხვედრაზე, რომელიც საეჭვოდ ნაცნობი ჩანს, კარგად გადმოსცემს წიგნისეულ იდეას იმაზე, რომ ბოროტ და კეთილ ძალებს შორის სხვაობა ერთობ ბუნდოვანია.
2. უტოპიის ნაპირი (2002)
ავტორი ტომ სტოპარდი
ჩეხოსლოვაკიაში დაბადებული ტომ სტოპარდი (დაბადებით ტომაშ შტრაუსლერი) მხოლოდ ორი წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი 1939 წელს ნაცისტური გერმანიიდან გაიქცა და სინგაპურში, ინდოეთსა და, საბოლოოდ, გაერთიანებულ სამეფოში გადავიდა საცხოვრებლად. და მაინც, ჩეხ-ბრიტანელი დრამატურგი ამბობს, რომ ის ყოველთვის გრძნობდა სამშობლოსა და აღმოსავლეთ ევროპასთან უდიდეს სიახლოვეს. მისი უტოპიის ნაპირის ტრილოგია ისტორიულ მოვლენებს ეყრდნობა და გვიყვება მეცხრამეტე საუკუნის ისეთ რუს ინტელექტუალ ემიგრანტებზე, როგორიც ივან ტურგენევი და მიხაილ ბაკუნინი არიან. ნაწარმოები მათ პირად და ინტელექტუალურ ცხოვრებას სტოპარდის უნიკალური აბსურდისტული სტილით იკვლევს.
სტოპარდის ყველა გმირი გულმხურვალედ განიხილავს იდეებს, რომლებიც ერთ დღესაც რევოლუციას გამოიწვევს. ამიტომ ბოუის სიმღერა, Changes (ცვლილებები), ამ ნაწარმოების შესანიშნავი საუნდტრეკი იქნებოდა. მართალია, პიესის ყველა პერსონაჟი (და, სავარაუდოდ, თვითონ სტოპარდიც) არ გაიზიარებდა სიმღერის რომანტიზმს, თუმცა ის მაინც საოცრად იჭერს იმ განცდას, რომელიც ისტორიის გარდამტეხ მომენტთან დგომისას გეუფლება.
3. ციცაბო მარშრუტი (1967)
ავტორი ევგენია გინზბურგი
ევგენია გინზბურგის მემუარები, ციცაბო მარშრუტი, საბჭოთა გულაგში მის მიერ გატარებული დროის შესახებ მძიმე და რთულად წასაკითხი ტექსტია. 1937 წელს, 33 წლის ასაკში ცრუ ბრალდებით დაკავებულმა გინზბურგმა ათი წელი გაატარა ციხესა და შრომით ბანაკებში, დამატებით რვა კი — გადასახლებაში. და მაინც, ის თავს იღბლიანად თვლიდა, რომ სიკვდილით დასჯას გადაურჩა: საბჭოთა საიდუმლო პოლიციის მეთოდები მისი დაკავების შემდეგ სულ ცოტა ხანში კიდევ უფრო სასტიკი გახდა. სტალინისტური სისასტიკის აღწერის პარალელურად, გინზბურგის წიგნი ხაზს უსვამს ემპათიისა და კეთილშობილების შენარჩუნების ღირებულებას.
ირონიულია, რომ დაკავებამდე გინზბურგი კომუნისტური იდეების გულმხურვალე მხარდამჭერი იყო. თავის წიგნში ის ხშირად საუბრობს პატიმრებს შორის საზიარო გრძნობაზე, რომ მათი დაკავება შეცდომა იყო — ბოლოსდაბოლოს, სტალინი ხომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა უდანაშაულო ადამიანების საპყრობილეში გამომწყვდევას, ფიქრობდნენ თავგზააბნეულები. ბოუის სიმღერა, Ashes to Ashes გინზბურგის საბოლოოდ დამსხვრეული ოცნებებისა და რწმენის პოეტური ექოა.
4. ოქტობრიანა და რუსული მიწისქვეშეთი (1971)
ავტორი პეტრ სადეცკი
წარმოიდგინეთ ქალი საოცრება, რომელიც ბოროტმოქმედებს არა ვარსკვლავზოლიანი დროშის, არამედ ნამგლისა და უროს ქვეშ ებრძვის. გაიცანით ოქტობრიანა: ხალვათად ჩაცმული სოციალისტი სუპერგმირი, რომელიც ჩეხმა მწერალმა პეტრ სადეცკიმ შექმნა.
სადეცკის კომიქსი კარიკატურისტის კიევში სტუმრობას ასახავს, სადაც ის ნარკოტიკებით გაბრუებული დისიდენტი საბჭოთა მხატვრების საზოგადოებაში ამოყოფს თავს. ისინი თავიანთ თავებს პროგრესულ პოლიტიკურ პორნოგრაფიულ ჯგუფს უწოდებენ. ეს ამბავი, რა თქმა უნდა, გამოგონილია: ოქტობრიანა სადეცკიმ ჩეხ მხატვრებს, ბოჰუმილ კონეჩნისა და ზდენეკ ბურიანის შეუკვეთა, თუმცა მათ თავიანთი ნამუშევრისთვის აღიარება არ მიუღიათ. მაგრამ სადეცკის სანახევრო სიმართლეს დასავლეთში კომიქსის პოპულარობისთვის ზიანი არ მოუტანია — პირიქით, ის მხოლოდ წაადგა მას.
ბოუი თავისი ზიგი სტარდასტის პერიოდისას შეპყრობილი იყო ამ კომიქსით და აპირებდა კიდეც, რომ ის ფილმად ექცია, სადაც ოქტობრიანა მომღერლის სასცენო პერსონაჟს შეხვდებოდა. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. თუმცა, სანაცვლოდ, შეგიძლიათ Moonage Daydream-ს მოუსმინოთ და წარმოიდგინოთ, როგორ ებრძვიან უცხოპლანეტელებს ერთმანეთის მხარდამხარ ოქტობრიანა და ზიგი.
5. ლოლიტა (1955)
ავტორი ვლადიმირ ნაბოკოვი
მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო წიგნი, ლოლიტა წარდგენას არ საჭიროებს. მასტერკლასი მანიპულაციაში, ეს არის ისტორია პედოფილის შესახებ, რომელიც 12 წლის დოლორეს ჰეიზით — ან, როგორც თავად ეძახის, ლოლიტათი — შეპყრობილი ხდება. მთავარი პერსონაჟის მიერ პირველ პირში, ამაზრზენი პირდაპირობით მოყოლილი ამბავი, რომელიც თავის აკვიატებას და მის დასაკმაყოფილებლად გადადგმულ ნაბიჯებს აღწერს, ამასთან, ნაბოკოვისეული ელეგანტური სტილით ბრწყინვალედაა დაწერილი. 1955 წელს გამოქვეყნების მომენტიდან დღემდე, წიგნი მკითხველებს ორ ნაწილად ყოფს.
Beat Of Your Drum ბოუის შემოქმედებიდან შედარებით უცნობი სიმღერაა, მაგრამ თვითონ ავტორმაც კი მას "ლოლიტური" უწოდა. ქეი რაშთან ჩაწერილ იმავე ინტერვიუში ბოუი 1986 წლის ფილმ ლაბირინთში ლოლიტასეულ გამოძახილებზეც საუბრობს. ამ მხრივ ბოუი განსაკუთრებით თავის პერსონაჟს, გობლინების მეფე ჯარეტსა და 16 წლის სარა უილიამსს (ჯენიფერ კონელის შესრულებით) შორის ურთიერთობას გამოყოფს: "[ლოლიტა] ნამდვილად იყო ჩემს თავში, როდესაც ფილმზე ვმუშაობდით. ვფიქრობდი, რომ ეს სწორი ქვეტექსტი იყო იმისა, რასაც [რეჟისორი ჯიმ ჰენსონი] აკეთებდა".
კომენტარები